in

თან ხელოვნება, თან ადამიანებთან საუბრის მეცნიერება – რეკლამა დიმა ჩხეიძის პრიზმის გავლით

2016 წელს, ბორჯომსა და ბაკურიანში უსაშველოდ ბარდნიდა. ახალდადებულ თოვლს შემოქმედებითი ჯგუფი საქმიანად მიაჭრაჭუნებდა. დრო ცოტა იყო. ადგილი – კეთილგანწყობილი. კამერა ჯონი მიტჩელის საშობაო კომპოზიციის ქეთი მელუასეული შესრულების რიტმში სუნთქავდა. „მორთე, არ მოჭრა!“ – იყო სათქმელი. ზუსტად 1 წუთსა და 15 წამში მოჰყვნენ ამბავს. კურორტის ჰაერი ხარბად ჩაისუნთქეს და მისტიკური მუხტით მთვრალებმა, ჩვენამდე გზავნილი მოიტანეს.

ეს დიმა ჩხეიძის რეჟისორობით გადაღებული ნამუშევარია… რომელმაც სამუშაო პროცესშივე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მის გულში. როგორც წესი, ასეთი სირთულის პროექტზე მუშაობის დროს, გადასაღები ადგილის ძებნას სამი-ოთხი დღე მაინც სჭირდება ხოლმე. თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო… ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. გეგონება, ეს უზარმაზარ ტერიტორიებზე გაშლილი სივრცეებიც ჩართულნი იყვნენ, რომ კლიპი გამოსულიყო ისეთი, როგორიც არის. ერთ დღეში პოულობდნენ ზუსტად ისეთ გარემოს, გონებაში რომ ჰქონდათ წარმოდგენილი… დიმასთვის სამყაროსგან ეს უჩვეულო მხარდაჭერა ძალიან სასიამოვნო და ნოსტალგიურ გამოცდილებად ითარგმნა.

მისთვის ამოსავალი წერტილია, რეკლამა იყოს არა მხოლოდ ესთეტიკურად მიმზიდველი, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი, რომლითაც მაყურებელი განიცდის პროგრესს.

ადამიანი სიყვარულისთვისაა შექმნილი. იმისთვის, რომ სხვას დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს და რაღაც კუთხით, თავი გაწიროს კიდევაც. მეტი სითბოა საჭირო, მეტი კეთილი ნება, რომ საკუთარი ეგონაჭუჭებიდან გამოვძვრეთ და ისეთები გავხდეთ, როგორებიც ამ სამყაროს, ბუნებას უხდება, – დიმა ჩხეიძე.

გადასაღებ მოედანზე ყოფნით ბევრად ადრე, ჯერ კიდევ, 80-იან წლებში მოიხიბლა. საბუნებისმეტყველო საგნებით გატაცებული დიმა, გეოგრაფობა რომ უნდოდა და ყველა კუთხე-კუნჭულის საოცრებებისა და ხალხის ყოფის შესწავლა სურდა, ფილმის გადაღებაზე აღმოჩნდა.

სწორედ იქ, სადაც ავტორბოლებს მართავენ, რუსთავში, რეზო ესაძე „ნეილონის ნაძვის ხეს“ იღებდა.

ღამით მამამ გააღვიძა, კინემატოგრაფიაში მსახიობის გარდა, უფრო ხშირად, ტექნიკური კონსულტანტის როლს რომ ირგებდა. ამიერიდან, დიმა მისი ერთგული დამხმარე ძალა იყო. აბსოლუტურ სიბნელეში, ნახევრად მძინარე ბავშვი მნათობ წერტილს უახლოვდებოდა: ხელოვნური წვიმა წვიმს, ავტობუსი მსახიობებითაა სავსე, განათებებს თვალს ვერავინ უსწორებს. ეს იყო მაგია, რომლის ძალაც, შემდეგ უკვე, რეზო ჩხეიძის, გოდერძი ჩოხელის, სერგო ფარაჯანოვისა თუ სხვათა გადასაღებ მოედანზე ყოფნისას, უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

მოგვიანებით, მამამ საბჭოთა კომპიუტერიც აჩუქა. სულ 4 ფერი ჰქონდა და დიდი წვალებით ცდილობდა, ამ დაბალბიტიანი მოწყობილობის დახმარებით ეხატა. ცნობილ ნამუშევრებს იღებდა, ასლგადამყვანის, ე.წ კაპიროვკის“ საშუალებით, ხელით გადაჰქონდა მილიმეტრულაზე. არსებული ნახატის კონტურები კალკის უჯრედებს იკავებდნენ, ანუ თითო უჯრედი თითო პიქსელს ნიშნავდა და ასე, ხელით შეჰყავდა სახატავ პროგრამაში. ეს პროგრამა არ იყო ისეთი მოხერხებული, როგორიც თანამედროვე ფოტოშოპია. ძალიან რთული და დროში გაწელილი პროცესი იყო, მაგრამ როდესაც კომპიუტერის ეკრანზე შედეგს ხედავდა, აცნობიერებდა, რომ ეს უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა.

მიუხედავად ამისა, დიმა ფიზიკოსი გახდა. ეს აღმოჩნდა საშუალება, რომლითაც სამყაროს არსებობაზე პასუხები უნდა ეპოვა. შემდეგი ნაბიჯი ასპირანტობა იყო მულტიმედია და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. პარალელურად, მუსიკალური განათლებაც მიიღო ფორტეპიანოსა და ჩასაბერი საკრავების კლასში. სწავლობდა საგუნდო-სადირიჟორო განხრითაც.

ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა მამაჩემის ფართო განათლებამ და პროფესიებმა: ფსიქოლოგი, დიპლომატი, ინჟინერი, კინოინდუსტრიასა და თეატრში კომბინირებული გადაღებების რეჟისორი და გამომგონებელი, მხატვრულ ფოტოგრაფიასა და ქიმიაში გარკვეული. დედა – ჟურნალისტი და მუსიკოსი. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ჩვენი ოჯახის მეგობრები არიან და ბავშვობიდან ამ სამყაროში რომ ვიზრდებოდი, რაც დრო გადიოდა, სურვილები იმისა, თუ რა მინდოდა, მეკეთებინა, უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, – დიმა ჩხეიძე.

საბოლოოდ, ყველაზე მეტად, თავი რეჟისორის სტატუსით მოიწონა. 2003 წელს. იმაზე გვიან, ვიდრე, რეალურად, ეს შეეძლო. სანამ არ დარწმუნდა და საკუთარ თავში არ აღმოაჩინა ძალა – სარეჟისორო ლიტერატურიდან ნასწავლი ეს პროფესია სინამდვილეშიც ეცადა.

M: დიმა, ხელოვნებასა და კინემატოგრაფიასთან თქვენი კავშირის შესახებ, უკვე ცხადია. საინტერესოა, როდის გადაიკვეთა თქვენი გზა რეკლამის სფეროსთან? 
90-
იანი წლების დასაწყისში ტელევიზიაში არსებულ გამოთვლით ცენტრში მოვხვდი, სადაც ინტეგრირებული იყო სტუდია, რომელიც მაშინდელი ტელევიზიის გადაცემის ქუდებს, სტილსა და მუსიკალურ ნაწილს აფორმებდა.

იქ სრულყოფილად შევისწავლე კომპიუტერული გრაფიკა. სტუდიას ხელმძღვანელობდა ილო ფერაძე. მან დაინახა რა ჩემი დიდი სიყვარული გრაფიკისა და ამ სამყაროს მიმართ, ყველანაირად შემიწყო ხელი და მისი მადლიერი ვარ.

ამ სტუდიის ბაზაზე რამდენიმე ადამიანმა სარეკლამო სააგენტოც დავაფუძნეთ, რომელსაც მოგვიანებით,ტვ პლუსი“ დაერქვა. ჩვენთან კეთდებოდა, პრაქტიკულად, ყველაეკლამა. აქ ვისწავლე მონტაჟი და ფერის თეორიაც.

სფეროს მიმართ სიყვარული ბუნებრივად მოვიდა. ვშოულობდით Cannes Lions-ის ფესტივალის ვიდეოკასეტებს და ვსწავლობდით, რა იყო, რეალურად, რეკლამა. სტუდიაში ბევრი საინტერესო ექსპერიმენტიც მოგვიწყვია. მაშინ არ გვქონდა კარგი აპარატურა და გრაფიკული პროგრამებიც არ იყო ისეთი, როგორსაცხლა ვართ მიჩვეულები, თუმცა ესეც ძალიან საინტერესო იყო, რომ შეზღუდული რესურსებით რაღაც საინტერესოს ვქმნიდით.

პარალელურად, პირველი არხის მუსიკალური პროგრამების რედაქციაში, კლასიკურ მუსიკაზე საკუთარი გადაცემაც მქონდა. პირველი რეჟისორული ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი.

1998 წლიდან, 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდიაუდიენციაში“ (იქაც სტუდიის გადაცემების შეფუთვით ვიყავი დაკავებული). ამის შემდეგ, გავხდი ფრილანსერი რეჟისორი და თანამშრომლობა ისეთ სტუდიებთან დავიწყე, როგორიცაა სარკე“, სააგენტო WINDFOR’S… შეიძლება ითქვას, რომ მაშინ არსებულ ყველა სტუდიასთან მიწევდა თანამშრომლობა და მეგობრობა.

2006 წელს, საქართველოს პირველ არხზე არტ დირექტორად ვიმუშავე და არხის შეფუთვაზე ზრუნვა მომიწია, თუმცა მალევე წამოვედი.

დღეს კი, ფრილანსერი რეჟისორი ვარ და თითქმის ყველა წამყვან სააგენტოსთან ვთანამშრომლობ.

M: შეიძლება ვთქვათ, რომ თითქმის 30 წელია, ამ სფეროში ხართ… შეგიძლიათ, მიუხედავად აურაცხელი ნამუშევრისა, თქვენ მიერ შესრულებულიდან რამდენიმეს გამორჩევა, მისი მნიშვნელობის, პროცესის, შედეგის, ტექნიკური გადაწყვეტის, ეფექტიანობისა თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გათვალისწინებით?
რა თქმა უნდა, შევეცდები, რამდენიმე გამოვყო:

2009 წელს, ჩემი დამეტრო სტუდიოს“ პირველი ნამუშევარი სტეფანესა და 3G – მუსიკალური კლიპი იყო, რომელიც MTV-სთვის გაკეთდა.

ასევე, „მაგთისთვის“ ახლახან გადაღებული მუსიკალური კლიპინეოსტუდიასთან“ ერთად – „მე მიყვარს მაგთი“, სადაც მონაწილეობენ: სტეფანე, კორძი და მუსიკოსიდრო“. ამ პროექტებზე ორივე სტუდიამ სრული ნდობა და თავისუფლება მომცა, არანაირი შეზღუდვები არ იყო და ამიტომაც, ზუსტად ის შედეგი მივიღე, რაც წარმომედგინა. უფრო გარკვევით რომ ვთქვა, კლიენტის მხრიდან ნდობა ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლითაც ნამუშევარი გამოდის კარგი. 

„გალფის“ რეკლამა, რომელიც 2012 წელს გადავიღეთ სტუდიომეტროგრაფთან“ ერთად, ეს იყო რთული გამოწვევა იმიტომ, რომ სცენარში უნდა ყოფილიყო-20 საუკუნის სხვადასხვა დრო. მთელი გამოწვევა წარმოადგენდა იმას, რომ ეს სამყაროები უნდა გვეკეთებინა კომპიუტერული გრაფიკისა და რეალური გადაღებების კომბინირებით.

ჯეოსელის რეკლამა „ბანაკი“ ეს იყო „ვინდფორსის“ პროექტი. ძალიან რთული და მასშტაბური ფროდაქშენით. სცენარის რეფერენსად გვქონდა გამორჩეული რეჟისორის, უეს ანდერსონის ფილმი “Moonrise Kingdom”. ძალიან დიდი აზარტი იყო, გაგვეკეთებინა ამ რეჟისორის ესთეტიკისა და ქართული ბანაკის სიმბიოზი ბევრი გმირითა და საინტერესო სიტუაციებით.

ევროპაბეთის რეკლამა „შესანიშნავი ხუთეული“, რომელიც სტუდია Holmes&Watson-მა შემიკვეთა. მთავარი გამოწვევა იყო, რომ უნდა ყოფილიყო ვესტერნი. მე და კლიპის მხატვარმა, პოლინა რუდჩიკმა და კოსტიუმების მხატვარმა, იკა ბობოხიძემ ვნახეთ თითქმის ყველა ვესტერნი, რაც კი ჰოლივუდს გადაუღია (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა) და შევეცადეთ, რომ საქართველოში მიგვეღო ის ვიზუალი, რაც ვესტერნის ჟანრს ახასიათებს. ძალიან რთული გზა გავიარეთ ბევრი დაბრკოლებით და მიუხედავად ამისა, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.

ჯეოსელის რეკლამა „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკზე ფიქრობს“, სააგენტოვინდფორსი“. ამ რეკლამას იმიტომ ვაფასებ, რომ განსხვავებული სცენარია, განსხვავებული იუმორით, ბევრი პერსონაჟით. თან რეალისტური, თან – არარეალისტური, მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიით. ამან მომცა საშუალება, სხვა პლასტში მეაზროვნა, როგორც ვიზუალურად, ისე ესთეტურადაც. ამ რეკლამაზე განსაკუთრებულად კონცენტრირებული ვიყავით, ვიზუალურად მსოფლიო რეკლამების სტანდარტი გამოსულიყო. 

ქართული თემატიკა, ანუ ის, რაც ავთენტურია ჩვენთვის, სწორად ინტეგრირდა მსოფლიო რეკლამის ფორმატის სტანდარტში, მიუხედავად იმისა, რომ სცენარი შედგებოდა რამდენიმე არაადეკვატურ-კომიკური სიუჟეტისგან და თან ყველა მათგანი კონკრეტული ფილმის ანალოგი უნდა ყოფილიყო. შევეცადეთ, ქართული განწყობა გადმოგვეცა რეკლამის ენის სიხშირეზე ისე, რომ ქართული არ დაგვეკარგა და თან პლუს, ჰქონოდა კიდევ რაღაც, რაც რეკლამისა და კინოენისთვის აუცილებელია. პატარა დოზით – სიურრეალიზმიც.

რაც შეეხება ბოლო ნამუშევარს, „რეპ შერკინებას“, Zoommer-ის რეკლამა Zoom-ით გადავიღეთ, ანუ მთელი ფროდაქშენი ონლაინ გავაკეთეთ და ეს საკმაოდ უცნაური გამოცდილება აღმოჩნდა. „ლივინგსტონიდან“ რომ დამირეკეს და მითხრეს, 3 წუთიანი სიმღერაა და ყველა გმირი ნიღბით უნდა იყოს, თან ისე უნდა გადავიღოთ, რომ რეგულაციების წესები არ დაირღვესო, ვერ მივხვდი, როგორ უნდა გვემოქმედა და რა გამოვიდოდა. მაგრამ ყველამ გავრისკეთ და განსხვავებული შედეგიც მივიღეთ. 

M: დიმა, გიფიქრიათ, რა ახდენს გავლენას თქვენს ნამუშევრებზე? ჩემი დაკვირვებით, თქვენთან ძალიან ხშირია ცეკვის ელემენტებიც… ასეა?
ეს შეიძლება, იყოს რაღაც სამყაროები ფილმებიდან ან მიუზიკლებიდან, რამე ნახატის ან ფოტოგრაფიის ფრაგმენტი, ან თუნდაც, რომელიმე ლამაზი ქალაქის ლოკაციის იმიტაცია. ჩემს ჯგუფთან ერთად ვცდილობ, რომ რა თქმა უნდა, ზუსტი ასლი არ იყოს და რაღაც ახალი ჩვენ შევქმნათ.

რაც შეეხება ცეკვას, კი, საოცარი ფენომენია. ამ დროს, ადამიანი სხვა მდგომარეობაში გადადის, ყოველდღიურობას წყდება, ცდილობს, საკუთარი ემოციური სამყარო მოძრაობაში გარდაქმნას. არსებობს ცეკვის ენა, ცეკვის ისტორია, ოდითგანვე ყველა ერსა და ქვეყანას საკუთარი ცეკვა ჰქონდა და ადამიანი ცდილობდა, მასთან მჭიდრო კავშირი დაემყარებინა. ცეკვას ცოტა მისტიკური საწყისებიც აქვს, ამიტომ გვანიჭებს ამ პროცესის ყურება აღტაცებას. აქედან გამომდინარე, მისი იგნორირება და გამოუყენებლობა „კატეგორიულად არ შეიძლება“.

M: სამუშაო პროცესში შემოქმედებითად რა გავსებთ ხოლმე? რა არის თქვენთვის, ამ შემთხვევაში, ყველაზე ეფექტური იარაღი?
ყველაზე მეტად კარგი მუსიკა მავსებს და ინსპირაციის წყაროც ეს არის ხოლმე. ასევე, კარგი სცენარი საკმაოდ ძლიერი სტიმულატორია და ხელოვნების სხვადასხვა ფორმაც, რაღა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე უფრო, ალბათ, თავისუფლება და ნდობა.

M: და თავად რეკლამა რისი იარაღია თქვენი შეფასებით? მის როლს საზოგადოებაში როგორ განსაზღვრავთ?
მასმედია, სოციალური ქსელები, ტელევიზია ძალიან ეფექტური და ძლიერი იარაღია იმისთვის, რომ ადამიანების ქცევებსა თუ დამოკიდებულებებზე პოზიტიური ზეგავლენა იქონიოს. რეკლამას, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში თითქმის ყველგან ნახავ, დიდი როლი უჭირავს ამ პროცესში.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი გაკეთებული პროდუქტი იყოს ესთეტური, საინტერესო, ახალი და რაც მთავარია, არადესტრუქციული ელემენტებით სავსე. ვცდილობ, რომ რეკლამის ნახვის შემდეგ, მაყურებელმა განიცადოს პროგრესი და არარეგრესი.

M: რას ეტყოდით დიმა ჩხეიძეს, რომელიც ცხოვრების ასპარეზზე შედგომას ახლა იწყებს?
ვეტყოდი იმას, რომ ეს სამყარო აგებულია ბალანსსა და ჰარმონიაზე. ყველა პროცესი მაგ პრინციპზეა დაყრდნობილი: დღე ცვლის ღამეს, ცივი აბალანსებს ცხელს, ზამთარს ზაფხული მოჰყვება. ასეთი კანონზომიერება არის მიკრო- და მაკროსამყაროში. სადაც ეს ირღვევა, იქ დესტრუქციულ შედეგებს ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა გადაალაგოს ფასეულობები და ისე იმოქმედოს, რომ ეს კანონები გაითვალისწინოს. M: სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეცვლიდით, თუ არა რაიმეს თქვენს განვლილ ცხოვრებაში?
ცხოვრებაში ხდება საინტერესო მოვლენები, რომელიც გვზრდის და გვაბედნიერებს, ასევე არის ისეთი რაღაცები, რისი შეცვლაც მოუნდებოდა ადამიანს და მეც, ალბათ, მათ შორის. მაგრამ მთელი ეს პროცესი საინტერესოა იმით, რომ ერთმანეთს მიჰყვება მოვლენები, რომელიც ჯაჭვურადაა გადაბმული და ჩვენი ცხოვრების გზას მიზეზ-შედეგობრივად ქმნის. მე მგონია, რაიმე რომ შევცვალო ჩემს წარსულში, რადიკალურად შეიცვლება ჩემი ცხოვრებაც. მოვლენები სხვანაირად დალაგდება და შეიძლება, სხვა მოცემულობაშ აღმოვჩნდე. ჩემმა წარსულმა საინტერესო გამოცდილება და საფიქრალი მომცა, როგორც კარგმა მოვლენებმა, ასევე ცუდმაც. ამიტომ, განვლილ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. მიმაჩნია, რომ ბუნებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. ეს ცხოვრება შემეცნებისა და განვითარებისთვის გვაქვს და მეც ამ პროცესს მივყვები.

M: რადგან შემეცნება და განვითარება ახსენეთ, თქვენი დაკვირვებით, რა გვეხმარება ამ სამყაროში საკუთარი თავისა და ადგილის პოვნაში?
ადამიანებს გვაქვს ინფორმაციული ბაგაჟი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ, ასევე თვისებებიც, რომლის ერთი ნაწილი გენეტიკურად გვერგო, ნაწილი კიგამოცდილებით შევიძინეთ.

ანუ, ჩვენში არის ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ცნობიერსა და ქვეცნობიერთან ერთად საათის მექანიზმივით ურთიერთქმედებს და შინაგან მდგომარეობას ქმნის. როდესაც რამე საქმეს აკეთებ, თუ ის მართლა შენია, მაშინ ის რეზონანსში მოდის შინაგან სამყაროსთან და ასე „საათის მექანიზმი“ იწყებს ჰარმონიულ მუშაობას. გონება მაშინვე ხვდება, რომ ის მისი ორგანული ნაწილია. მაგრამ ეს მარტო საქმიანობას არ ეხება, არამედ ყველაფერ ახალს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი, ადრინდელი ასაკიდანვე, საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობით არის დაკავებული, როგორც წესი, ბევრად მარტივად ხვდება ხოლმე, თუ რა არის მისი და რა – არა.

M: როგორია რეჟისორის თავისუფალი დრო?
როცა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, მას საკუთარი თავის განვითარებასა და დასვენებას ვუძღვნი. თუ ცოტა მაქვს თავისუფალი დრო, მაშინ მარტო დასვენებას. დასვენება მუშაობის შემდეგ – ესეც ბალანსის კანონის ნაწილია და არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.

M: და უკვე დასვენებულ მდგომარეობაში ყველაზე უფრო მაინც რა გსიამოვნებთ?
ლაკონიურად
შევეცდები: ხალხთან ურთიერთობა, ანთროპოლოგიური საკითხების თავის მრავალფეროვან გამოვლინებებში კვლევა, სამყაროზე დაკვირვება და რაც მთავარია, ჩემი საქმის კეთება. აუდიო-ვიზუალური თხრობის ენა ძალიან საინტერესო და ახალი ფენომენია, რომელსაც ჯერ კიდევ, განვითარება სჭირდება და მსიამოვნებს, რომ ამას ჩემებურად ვუწყობ ხელს.

M: რა იქნება შემდეგ? როგორ წარმოგიდგენიათ რეკლამის მომავალი და თქვენი როლი ამ პროცესში?
ჩვენ გვაქვს სხეული, გვაქვს გონება, გვაქვს სული – ეს სამი კომპონენტი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და ერთმანეთს კვებავს. საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა პრინციპით ხდება, მათ შორის, ჰარმონიის შენარჩუნება.

ჩვენ თუ გავითვალისწინებთ სხეულის, გონების, სულის თვისებებს და მათი ურთიერთქმედების კანონებს ისე, რომ ჰარმონია არ დაირღვეს და ამ წესებს დავიცავთ საქმის კეთების დროს, უფრო მაღალ შრეზე ავალთ და შედეგიც სწორი და გამართული იქნება. ეს პროგრესია.

დროთა განმავლობაში, რეკლამა ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს, უკვე მრავალნაირი ფორმით არის წარმოდგენილი, მგონია, რომხლა არის სწორედ ის ეტაპი, როცა რეკლამა გარდატეხას განიცდის. ახალ საფეხურზე გადასვლა პასუხია ცვალებად სამყაროსთან. და ამ პროცესში ჩვენ სწორი ალგორითმით უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს ის ინდუსტრიაა, რომელიც თან ხელოვნებაცაა, თან ადამიანებთან საუბრის მეცნიერება. ზუსტად ამიტომ, ჩემთვის ეს საქმე არის საინტერესო, მუდმივად განახლებადი და ბევრი შრომის მომთხოვნი.  

ავტორი: თიკა გეგენავა

დიღომში დიდი ფორმატის „გასტრონომი“ გაიხსნა

ისტორიის წერა გრძელდება – „ევროპაბეთმა“ „დინამო ბათუმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა