ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ფეხბურთი. ვოცნებობდი, რომ ჩემი სამსახური ამ სპორტთან ყოფილიყო დაკავშირებული. ფეხბურთელობაც ვცადე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ არ იყო ჩემი საქმე. კარგად ვსწავლობდი, სკოლაც ოქროს მედალზე დავამთავრე, ამიტომ პროფესიად ბიზნესის ადმინისტრირება ავირჩიე. ამასთან, გამიმძაფრდა განცდა, რომ ფეხბურთზე ოცნებას თანდათან ვშორდებოდი. თუმცა, ბედნიერმა შემთხვევითობამ კვლავ გადაკვეთა ჩემი და ფეხბურთის გზები.
2016 წელი იყო. სტუდენტი ვიყავი, როდესაც სპორტულ პლატფორმაზე დავიწყე მუშაობა. ეს გახლდათ adjarasport.com, რომელიც adjarabet-ის პროდუქტი გახლდათ და სპორტის შესახებ ქვეყნდებოდა სიახლეები. იმ დროისათვის, ჩემი მეგობარი იყო ფროდაქთ ოუნერი და პლატფორმისთვის გუნდს აყალიბებდა. მკითხა, თუ დავინტერესდებოდი ამ საქმით. გამიხარდა, რადგან ბავშვობის ოცნებასთან დაახლოების საშუალება მეძლეოდა. სამსახურში ყოფნამ, პროექტებზე მუშაობამ საინტერესო ადამიანების გაცნობის საშუალება მომცა. მუშაობა ფროდაქთ ოუნერის ასისტენტად დავიწყე. ჩემი ფუნქცია პლატფორმის განვითარება და საინტერესო მიდგომების მოფიქრება, კონტენტის მოფიქრება და დაგეგმვა იყო, რაც განვითარებაში დაეხმარებოდა. გუნდის მიზანი იყო სიახლე და ინოვაცია შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის, შეგვექმნა სივრცე, სადაც სპორტული სიახლეები, გასართობი კონტენტი იქნებოდა თავმოყრილი.
ყველაფერი სიახლე იყო, რასაც ვაკეთებდი, ამიტომ შინაგანად ბევრი ბარიერის გადალახვა მიწევდა – მეშინოდა და მერიდებოდა ჩემი მოსაზრების თქმის. შემდეგ, მსტრესავდა ის, რომ რაც მე ვერ ვთქვი, სხვამ თქვა. ეტაპობრივად, გამბედაობამაც გაიღვიძა ჩემში, გადავლახე ეს შიში და მივხვდი – თუ რამე იდეა გაქვს, აუცილებლად უნდა თქვა. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოჰყვეს, უარია, მეტი არაფერი. ბევრად მეტს მიიღებ გარისკვით და თქმით, ინიციატივის გამოვლენით.
ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ჩართული იყო იმ პროცესში, რადგან ბევრი რამ დავინახე სხვანაირად. ძალიან ბევრი მომცა მათთან ურთიერთობამ და ამ სამუშაო სივრცეში ყოფნამ. ყველანაირი პირობა იყო იმისათვის, რომ საკუთარი თავი განგევითარებინა.
adjarasport-ში მუშაობამ დიდი ბიძგი მომცა კარიერული ზრდისთვის. მისვლიდან დაახლოებით ორ წელიწადში ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიცია შემომთავაზეს. ასე აღმოვჩნდი იქ, სადაც მუშაობაზე ყველაზე შორეულ ოცნებებშიც გამიჭირდებოდა წარმოდგენა. ყოველთვის მინდოდა მემუშავა იქ და ისეთ გარემოში, როგორშიც ახლა ვიმყოფები. უკვე ექვს წელზე მეტია ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის მიმართულებას ვხელმძღვანელობ, ვმუშაობ ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ფეხბურთის ფედერაციაში ყოფნამ მომცა შესაძლებლობა მემუშავა UEFA-შიც, ქომიუნითი მენეჯერად. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში, UEFA-ს აკადემიაში საფეხბურთო მენეჯმენტის კურსი გავიარე. სწორედ პირველი სამსახური დამეხმარა ძალიან, აღმოვჩენილიყავი იმ სფეროში, სადაც ვარ ახლა.
დიმა ნებიერიძე – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სოციალური მედიის მენეჯერი












