in

დიმა ნებიერიძე უეფას ციფრული მარკეტინგის გუნდს შეუერთდა

„ამ ეტაპზე კონტენტის სრულყოფისა და ტესტირების პროცესში აქტიურად ვარ ჩართული“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი, დიმა ნებიერიძე, რომელიც მესამე წელია, ორგანიზაციაში სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამ საქმიანობის პარალელურად, უეფას ციფრული მარკეტინგის გუნდშიც იმუშავებს.

bog
bog-mob

ახალ გამოწვევებსა და პირველ ემოციებზე დიმა თავად გვიყვება:

M: დიმა, როგორ მოხვდი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში?
დაახლოებით 1 თვის წინ, უეფას ციფრული გუნდის ერთ-ერთი თანამშრომელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათი ახალი ციფრული პროდუქტის სამუშაო ჯგუფში ჩემი ინტეგრაციის სურვილი ჰქონდათ. ამის შემდეგ გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გავიარე და საბოლოოდ, უეფას ციფრული მარკეტინგის გუნდში აღმოვჩნდი.

M: რას ნიშნავს ეს სიახლე შენთვის და გაგვიზიარე, როგორია ახალ გუნდთან ერთად საქმის კეთება?
ეს კარიერული სიახლე ჩემი პროფესიული და ასევე, პიროვნული ზრდისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. რამდენიმე დღეა, რაც სამუშაო პროცესში ჩავერთე და უკვე არაერთი რამ ვისწავლე. ზოგადად, მგონია, რომ აქ მუშაობით ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ. კომფორტული და ძალიან მეგობრული სამუშაო გარემოა, ყველა ცდილობს, დამეხმაროს და ადაპტაციის პროცესი გამიმარტივოს.

ირლანდიელ, ნორვეგიელ, ესპანელ, ინგლისელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, ყველა კარგად შემხვდა, გამამხნევეს და წარმატებები მისურვეს. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ამ ადამიანებს დისტანციურად შევხვდი.

M: როგორია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ციფრულ მარკეტინგში მუშაობის სპეციფიკა?
სამუშაო პროცესი კვირის დასაწყისში გუნდის საერთო შეკრებითა და შეხვედრით იწყება. აქ მომდევნო სამუშაო კვირა იგეგმება, საქმეები ნაწილდება, დედლაინები განისაზღვრება და შემდეგი ნაწილი, ძირითადად, სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან პირად სამუშაო ზარებს ეთმობა.

ახალი პროდუქტი, რაზეც უეფა ახლა მუშაობს, მომდევნო წელს სატესტო რეჟიმში უნდა გაეშვას. ამ ეტაპზე კონტენტის სრულყოფისა და ტესტირების პროცესში აქტიურად ვარ ჩართული.

M: როგორც ვიცით, სამომავლოდ, საბოლოო გაშვების შემდეგ, Community Manager-ის ფუნქციებიც უნდა შეითავსო. ფეხბურთის ფედერაციაში როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს?
ძალიან დადებითად, ყველამ მომილოცა და წარმატებები მისურვა. აქვე, მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენი ორგანიზაციის მმართველ გუნდსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ შესაძლებლობა მომცეს, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის პარარელურად, ჩემი დრო ამ პროექტისთვისაც დამეთმო.

უეფას გუნდში მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მით უმეტეს, ჩვენსავით პატარა ქვეყნის ფედერაციიდან. მინდა, ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი წარმატებული და ნაყოფიერი იყოს.

„აგროჰაბში“ მონატრებული „გლიასე“ გამოჩნდა!

„ლისი ტოპოგრაფი“ – კერძო სახლების ახალი, დასავლური ტიპის უბანი, ლისის ტბის ნაპირთან