in

„AI-ის დახმარებით, 5 მილიონზე მეტ ადამიანს ენებს ინოვაციური მეთოდებით ვასწავლით“ – Talkpal-ის თანადამფუძნებელი დიმიტრი დეკანოზიშვილი

ბევრი ჩვენგანისთვის უცხო ენის შესწავლა რთული გამოწვევაა. დიმიტრი დეკანოზიშვილისთვისაც ასე იყო – დღემდე კარგად ახსოვს, რამდენი დრო და ენერგია დასჭირდა გერმანულისა და ინგლისურის დაუფლებას. სწორედ ეს პირადი გამოცდილება გახდა მისი სტარტაპის – Talkpal-ის – შთაგონების წყარო. თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიღებული განათლება, ბანკ „რესპუბლიკასა“ და გერმანულ FinTech კომპანიაში დაგროვილი გამოცდილება ის საძირკველია, რომელზეც დიმიტრიმ საკუთარი სამეწარმეო ხედვა ააგო. „ვხედავდი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა და აზროვნება მასშტაბირებადი სისტემების შესაქმნელად,“ – იხსენებს თავის კორპორაციულ გამოცდილებას.

Talkpal ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენის სასწავლო პლატფორმაა, რომელიც 180-ზე მეტ ქვეყანაში 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. აპლიკაცია მომხმარებლებს 57 ენის შესწავლის შესაძლებლობას სთავაზობს და ხელმისაწვდომია როგორც ვებსივრცეში, ისე მობილურ პლატფორმებზე.

„დღეს, უკვე 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს 180-ზე მეტ ქვეყანაში. აპლიკაცია მომხმარებელს 57 ენის შესწავლას სთავაზობს. ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას ასი ათასობით მომხმარებელზე აქვს პირდაპირი გავლენა, რაც გვაიძულებს მუდმივად შევმუშაოთ და განვავითარით ათეულობით ახალი იდეა, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და განვავითაროთ პროდუქტი უწყვეტი იტერაციის გზით“, – ამბობს დიმიტრი. ესაა ღირებულება, რომელიც მის გუნდს აერთიანებს და ამოძრავებს. რა მიაჩნია წარმატების საწინდრად? როგორ ახერხებს ქართული სტარტაპი გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებას? რა გამოწვევებს აწყდება გზადაგზა და როგორ ხედავს მომავალს? მარკეტერთან ინტერვიუში დიმიტრი დეკანოზიშვილი სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება.

M: დიმიტრი, როგორ ჩამოყალიბდა შენში ანტრეპრენერული ხედვა? ბავშვობისდროინდელი ინტერესების შედეგი თუ მოგვიანებით პროფესიულმა გარემომ შეგიქმნა ეს პერსპექტივა?

ბავშვობიდანვე მიტაცებდა ნივთების დაშლა და მათი მუშაობის პრინციპის შეცნობა. ძალიან მიყვარდა ლეგოების აწყობა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცნობისმოყვარეობის ჩამოყალიბებაში.

ჩემი ძირითადი ღირებულებებისა და პროფესიული განვითარება მჭიდროდ უკავშირდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას – ESM-ს. შანსი მქონდა გამეცნო უამრავი გამორჩეულად ჭკვიანი სტუდენტი და პროფესორი და სწორედ აქ დავინახე, რომ ცოდნაზე დაყრდნობით შესაძლებელია ბევრი ახალის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში სწავლა ბერლინსა და პარიზშიც გავაგრძელე, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხედვა სწორედ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩამომიყალიბდა, რაც უნივერსიტეტის გამართული სისტემისა და რამდენიმე გამოცდილი პროფესორის დამსახურებაა.

M: კორპორაციულ სივრცეში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, რამ გიბიძგა საკუთარი სტარტაპის შექმნისკენ? რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადაგადგმევინა?

კარიერა ბანკ რესპუბლიკა – სოსიეტე ჟენერალში დავიწყე, შემდეგ კი საქმიანობა გერმანულ FinTech, smava-ში გავაგრძელე. smava-ში პირადად გამოვცადე, რას ნიშნავს კომპანიის ჰიპერ-ზრდა და მუშაობა დიდ მასშტაბებზე, შედეგებზე მაქსიმალური ფოკუსრებით. ამ გამოცდილებამ გამბედაობა და ცოდნა მომცა, რომ საკუთარი სტარტაპის შექმნაზე დამეწყო ფიქრი. დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა და სისტემური აზროვნება მასშტაბირებადი სისტემების შესაქმნელად. სტარტაპში გამოწვევების რაოდენობა ექსპონენციალურად იზრდება, როდესაც მილიონობით მომხმარებელს ემსახურები. მაგალითისთვის, შემოსავლის ყოველი გაორმაგებისას, პრაქტიკულად, ნახევარი კომპანიისა და მისი პროცესების თავიდან შექმნაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ორგანიზებულ სტრუქტურებსა და პროცესებს დიდად არ ვაფასებდი, გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ეფექტიანი პროცესები და ძლიერი სტრუქტურები ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწრაფი ზრდისა და წარმატებისათვის. სწორედ აქ გავიუმჯობესე უნარ-ჩვევა, პრობლემები გავიაზრო სისტემურად, დავახარისხო ისინი პრიორიტეტების მიხედვით, შევქმნა მოქნილი სტრუქტურები და იმავდროულად, ვეძებო ინოვაციური, არატრადიციული გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, სიცოცხლეში იშვიათად გვხვდება ისეთი ტექნოლოგიური გარდატეხა, როგორიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, ვიფიქრე, სწორი დრო იყო, რომ მეცადა.

M: Talkpal-ის შექმნამდე უკვე გქონდა შეხება სტარტაპ-ეკოსისტემასთან. როგორი გამოცდილება შეგძინა ამ ურთიერთობამ და რა გაკვეთილები გამოიტანე იქიდან?

ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიასთან მქონდა შეხება, თუმცა ამ გამოცდილებებს საერთო ერთიანი მახასიათებელი – ციფრული სივრცე აერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიზნესი და ინდუსტრია თავისებურად უნიკალურია, ჩემთვის გასაკვირი ის აღმოჩნდა, თუ რამდენი მსგავსებაა მათ შორის. იქნება ეს ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის (B2C) თუ კომპანიებისათვის (B2B) შექმნილი პროდუქტები, აპლიკაცია, ვებ-საიტი, სერვისი თუ ნებისმიერი სხვა ტიპის პროდუქტი – ბიზნესის ფუნდამენტური პრინციპები და მიდგომები ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

მნიშვნელოვანია უწყვეტი სწავლა და განვითარება, რაც გულისხმობს არსებული ცოდნის გაღრმავებას, შემეცნებას და სიახლის მუდმივ ძიებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფად განვითარებად გარემოსა და ინდუსტრიებში, სადაც ცვლილებები მუდმივად ხდება. შესაბამისად, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში გამოცდილებაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორი მიდგომები, შეხედულებები და ჯანსაღი გარემო, რომელიც ზრდისა და განვითარების სტიმულს აძლევს ადამიანს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, გყავდეს გუნდი ჭკვიანი და მოტივირებული ადამიანებით, რომლებსაც მუდვიად უნდათ ახალის სწავლა და არ ეშინიათ ახალი და უცხო გამოწვევების.

M: რას ნიშნავს შენთვის საკუთარი სტარტაპის შექმნა და მისი ხელმძღვანელობა? რა ემოციებსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს პროცესი?

სტარტაპი ჩემთვის ნიშნავს ახალი იდეის დაბადებას, მის განხორციელებას, ანალიზს და აღნიშნული ციკლის კვლავ და კვლავ გამეორებას. სწორედ ამიტომ, Talkpal-ის ავტორებად მიმაჩნია გუნდის ყველა ის წევრი, რომელიც კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე მუშაობს.

როდესაც ჩემმა თანადამფუძნებელმა დავითმა და მე გადავწყვიტეთ Talkpal-ის შექმნა, კონცენტრირებული ვიყავით მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ასობით მილიონ ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში: უცხო ენის შესწავლა სხვადასხვა მიზნისთვის – იქნება ეს უკეთესი კარიერული და ფინანსური პერსპექტივები, განათლება, თვითგანვითარება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, გართობა თუ მოგზაურობა. ეს მიზანი ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა და მუდმივად გვაძლევს წინსვლისათვის ენერგიას.

მსგავს ბაზარზე წარმატებული ოპერირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება დიდი მონაცემების ანალიზი, სწორი და სქეილებადი მარკეტინგული არხების შერჩევა და შემდეგ მუდმივი A/B ტესტირება. ხშირად გვიწევს ისეთ არხებზე მუშაობა, სადაც ცოტას აქვს გამოცდილება, რის სწრაფაც სწავლის და ახალი თემების ათვისებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

M: რა ფუნდამენტურ განსხვავებას ხედავ სტარტაპის მართვასა და კორპორაციული სტრუქტურის ხელმძღვანელობას შორის?

ვფიქრობ, პროდუქტიული გუნდების მთავარი განმასხვავებელი სწორედ ის კულტურაა, რომელიც ოპტიმიზაციის მუდმივ ამოცანას ეფუძნება. გუნდის წევრები ყოველდღიურად რისი მიზნისკენ ისწრაფვიან? ხშირ შემთხვევაში, დიდ კორპორაციებში ოპტიმიზაციის მთავარი ამოცანა არ არის მომხმარებლის პრობლემის სწრაფად და ოპტიმალური რესურსებით მოგვარება. სტარტაპებში კი ეს მიზანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – სწორედ ამიტომ, წარმატებული გუნდები აქცევენ ყურადღებას შედეგზე ორიენტირებული კულტურის ფორმირებას და ოპტიმიზაციისკენ მუდმივ სწრაფვას. საბოლოო ჯამში ბევრი რამის წარმატება დადის ინცენტივების დამთხვევაზე.

M: როგორ წარმოგიდგენია Talkpal-ის გავლენა გლობალურ დონეზე? რა ცვლილებების მოტანა გსურს თქვენი პროდუქტით სამყაროში?

ჩემთვის ენების სწავლა არასდროს ყოფილა მარტივი. კარგად მახსოვს, რამდენ დროსა და ენერგიას ვუთმობდი გერმანულისა და ინგლისურის შესწავლას, რაშიც რამოდენიმე ძალიან კარგი მასწავლებელი მეხმარებოდა. ნამდვილად გამიმართლა, რომ მქონდა შესაძლებლობა კერძო მასწავლებელთან გამეღრმავებინა ენობრივი უნარები – ეს, როგორც მოგეხსენებათ დიდი ფუფუნებაა.

Talkpal-ის მისიაა, რომ ენის სწავლა გახდეს ეფექტური და ხელმისწავდომი ყველასთვის. სწორედ ამიტომ ჩვენი აპლიკაცია ხელმისაწვდომია 43 ენაზე, მათ შორის ქართულზეც, Web, iOS და Android პლატფორმებზე. Talkpal-ში გვჯერა, რომ უცხო ენების სწავლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს, 14-დღიანი საცდელი ვერსიის გარდა, უფასო საბაზისო პაკეტს ვთავაზობთ.

M: როგორ წარმოგიდგენია შენი პროფესიული განვითარების შემდეგი ეტაპი და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

საწყის ეტაპზევე დავისახეთ მიზნად, გაგვეზარდა კომპანია იმ დონემდე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვეწყო თანამშრომლობა წამყვან ტექნოლოგიურ პლატფორმებთან, გაგვეფართოებინა პარტნიორთა ქსელი, მოგვეზიდა მაღალკვალიფიციური კადრები და შეგვექმნა ისეთი მომხმარებელთა ბაზა, რომელიც საფუძველს მოგვცემდა სიღრმისეული A/B ტესტების ჩასატარებლად. კომპანიის ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – ვიდრე გარკვეულ ზღვარს არ გადალახავ, ვერც შენი ალგორითმები შეძლებენ საკმარისი მონაცემების დაგროვებას სწავლისთვის და ვერც ექსპერიმენტები მოგცემენ ზუსტ შედეგებს, რომელთა საფუძველზე სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს მიიღებ. მასშტაბის ზრდასთან ერთად ჩნდება შესაძლებლობა, ინოვაციის ახალ დონეებს მიაღწიო – გააუმჯობესო არსებული ფუნქციონალი და, იმავდროულად, შეიმუშავო სრულიად ახალი მიდგომები.

ჩვენი ამბიციაა, შევქმნათ ენის შესწავლის სრულყოფილი გარემო – ერთიანი პლატფორმა, სადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ენის ყველა ასპექტის ღრმად ათვისებას. მსგავსი ტიპის აპლიკაცია ჯერ არავის შეუქმნია და გვჯერა, ამ გზაზე მრავალი ინოვაცია და სიახლე გველის.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს, ჩვენი ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ჩვენი მიზანია, გავხდეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენის სწავლების სფეროში. გვჯერა, რომ ამ გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ.

[R]

Tinder-ში „ენადაბმული“ პარტნიორი გელოდებათ

ერთგული საკრედიტო ბარათის აღება და დამტკიცება უკვე რამდენიმე წუთში, თიბისის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი