24
Apr
2017

დიმიტრი ვაჩნაძე – #პირველისამსახური

24 Apr 2017

რეკლამით 15 წლიდან დავინტერესდი, ვათვალიერებდი ხოლმე ჟურნალებს, გაზეთებს, შემდეგ უკვე ინტერნეტიც აქტიურად შემოვიდა და იქიდანაც ვნახულობდი მასალებს, მინდოდა უკეთ შემესწავლა ეს საქმე. მაშინ სარეკლამო სფერო ასე არ იყო ჩვენთან განვითარებული და მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მიმართულებით ვსწავლობდი, მაინც მოვხვდი სფეროში, რომელიც მაინტერესებდა. მაშ ასე, ჩემი პირველი სამსახური იყო პატარა სარეკლამო სააგენტო “კონტრასტი”. 18 წლის ვიყავი, როდესაც მათთან მივედი, მეგობრის რჩევით. სააგენტო ეძებდა ენთუზიასტ ადამიანს, რომელიც დაინტერესებული იყო რეკლამით. “კონტრასტი” იყო ექსპერიმენტული პროექტი, რომელსაც ლაშა გოგუა უძღვებოდა. თავდაპირველად, ჩემს ფუნქციებში ახალი კლიენტების მოძიება შედიოდა, თუმცა, ძალიან მალე გავხდი ექაუნთ მენეჯერი. ეს იყო ჩემთვის პირველი შეხება რეკლამასთან, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა და დამანახა, რომ შესაძლებელია, საყვარელი საქმე აქციო შემოსავლის წყაროდ. ამის შემდეგ, გადავედი Windfor’s-ში, სადაც 5 წლის მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე, ვურთიერთობდი მსხვილ კლიენტებთან, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალებში, მოვიგეთ Eurobest-ის ოქრო, გავედი კანის ლომებზე, Golden Hammer-ზე, Golden Drum-ზე და ა.შ.

მას შემდეგ იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც პირველმა სამსახურმა შეცვალა არის ის, რომ ჩემი ჰობი თუ გატაცება აქცია საქმედ, რომელსაც დღესაც ვაგრძელებ. დიმიტრი ვაჩნაძე – EuropeBet-ის ბრენდის განვითარების მენეჯერი.

განხილვა