in

როგორ იქმნებოდა „ალტე უნივერსიტეტის“ ბრენდი? – ინტერვიუ სააგენტო DINN!-ის დამფუძნებელთან

„Alte University-ის სახით, შევქმენით ქართულ სივრცეში ახალი, განსხვავებული, ნოვატორი და მრავლისმთქმელი საგანმანათლებლო ბრენდი“, – იტალიური სარეკლამო სააგენტო DINN!-ის დამფუძნებელი

ბოლო დროს, სულ უფრო აქტუალურია სასწავლო დაწესებულებების ბრენდად ქცევა. სკოლები თუ უნივერსიტეტები, ცდილობენ, სასურველი პოზიციონირება, წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიითა და ვიზუალური იდენტობით მოახდინონ. მათ შორის ერთ-ერთი ალტე უნივერსიტეტია“, რომელიც 20 წელია ბაზარზეა და აქამდე, „ღია უნივერსიტეტის“ სახელით ვიცნობდით. მის რებრენდინგზე იტალიურმა სარეკლამო სააგენტო DINN!-მა იმუშავა და შექმნა „მეგობრული, სასიამოვნო გარემოს მქონე ბრენდი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას, თუმცა, ამასთანავე არის მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე“.  

სამუშაო პროცესსა და მიღწეულ შედეგებზე DINN!-ის დამფუძნებელი ანდრია ბორსეტო გვიამბობს. ამბობს, რომ სააგენტოში საქართველო 2014 წელს გაიცნეს, როგორც სწრაფად მზარდი ბაზრის მქონე ქვეყანა. 

„7 წლის წინ მივხვდი, რომ საქართველო იყო ქვეყანა, სადაც არაერთი ანტრეპრენერულად მოაზროვნე ადამიანი მზად იყო, განეახლებინა საკუთარი კომპანიის ინიციატივები თუ სამოქმედო ბიზნეს მოდელები. იგი გამოირჩევა არამხოლოდ ისტორიითა და ტრადიციებით, არამედ თანამედროვე აზროვნებითა და ინოვაციების მიმღებლობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ DINN!-მა საქართველოში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის არაერთი შესაძლებლობა გამოიყენა, მაგალითად, „საქართველოს ბანკის“ SOLO-სა და Georgia Capital-ის რებრენდინგი. ამ წლების მანძილზე, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობდით უკვე „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტ რამაზ კუკულაძესთან. ამიტომ, DINN!-ისთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი ბრენდის პოზიციონირების პროცესში ჩართვა – იმ ბრენდის, რომელიც აქცენტს ინოვაციურ მიდგომებზე აკეთებს და რომელსაც ბიზნესის სფეროს გამოცდილი წარმომადგენლები ერთობლივი ძალისხმევით ჩაუდგნენ სათავეში“.

რით განსხვავდება საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიის რებრენდინგის მზადების პროცესი?

ანდრია ბორსეტო: აი, ეს კი ნამდვილად საინტერესო პროცესია. ერთის მხრივ, უნდა წარადგინო სოლიდური დაწესებულება და მეორეს მხრივ, უნდა იყო მისაღები ახალგაზრდა აუდიტორიისთვის, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომ, აუცილებლად უნდა აუწყო ფეხი, ისინი ხომ ძალიან გონიერები და ციფრულად მოაზროვნეები არიან.

ეს კითხვა წარსულში რომ დაგესვათ ჩვენთვის, ვიტყოდით, რომ დიახ, ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ბრენდის თხრობა სხვა პერსპექტივიდან მიმდინარეობს. თუმცა, დღეს, ჩვენ განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები მხოლოდ მარკეტინგულ აქტივობებს აღარ იყენებენ დასახული მიზნის მისაღწევად, უფრო მეტიც, ისინი ზრუნავენ ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ნათლად ასახავს კომპანიის ძირითად ფასეულობებს. შინაარსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება – სწორედ ეს მიდგომა დავინახეთ იმ ადამიანებში, რომლებიც ჩვენთან ერთად, უნივერსიტეტის მხრიდან მუშაობდნენ ALTE უნივერსიტეტის ბრენდის შექმნაზე.

რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ სამუშაო პროცესზე და გუნდზე? როგორ იქმნებოდა  ახალი ბრენდი? 

ბანალურია, მაგრამ ბრენდინგის შედეგი არ არის მხოლოდ ლოგო. როდესაც კლიენტები მეკითხებიან, თუ რამდენ ხანში შევქმნი ლოგოს ვპასუხობ, რომ დიახ, 3 დღეში იქნება მზად. თუმცა, რეალურად ეს ეხება მხოლოდ ბრენდინგის 1 დეტალის შექმნას. მაგრამ როდესაც საუბარია განახლებულ სტრატეგიაზე, ბრენდის სრულ ცვლილებაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა კომპლექსური მუშაობა და შესაბამისად, ამას სჭირდება ბევრად მეტი დრო, ვიდრე უბრალოდ 3 დღე. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ კლიენტები აქტიურად ჩავრთოთ „ერთობლივი დიზაინის პროცესში“ (co-design process), რაც გვეხმარება სწორი ნაბიჯების დაგეგმვასა და მათ ეფექტურად განხორციელებაში.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, მსგავსად ვითანამშრომლეთ ALTE-ს გუნდთან – ერთობლივად განვსაზღვრეთ, როგორი პოზიციონირება სურდათ ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე უახლოეს და შორეულ მომავალში. აქტიურად ვატარებდით ინტერვიუებს, ერთობლივ სესიებს დიზაინის მიმართულებით, ვორქშოპებს, რაც დაგვეხმარა, უფრო დეტალურად დაგვენახა ჩვენ წინ არსებული ხედვები და განგვესაზღვრა ბრენდინგის თითოეული ფაზის სტრატეგიული დეტალი; შეგვექმნა ქართულ სივრცეში ახალი, განსხვავებული, ნოვატორი და მრავლისმთქმელი საგანმანათლებლო ბრენდი. DINN!-ის მხრიდან პროცესში ვმონაწილეობდით: მე – Andrea Borsetto (Client leader), Andrea Pierbon  (Strategist) Roberto Spagnolo და Matteo Pietra (Senior designers).

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული დროის სხვაობისა, საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავეთ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ „ერთმანეთის დრო ეფექტურად გავცვალეთ საუკეთესოს შექმნის მიზნით“. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მენატრება ფიზიკური შეხვედრები, მომენატრა თბილისი და ამას მხოლოდ ინტერვიუსთვის არ ვამბობ.

რა არის „ალტე უნივერსიტეტის“, როგორც ბრენდის ძირითადი განმასხვავებელი მიმართულებები?

„ალტე უნივერსიტეტის“, როგორც ნოვატორული საგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ძალიან საინტერესოა. „ჩვენ გვჭირდება ისეთი კულტურული და საგანმანათლებლო ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე“ – სწორედ ეს გვიპასუხეს უნივერსიტეტის მფლობელებმა, როდესაც ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტეს ინვესტიცია სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის განვითარებაში ჩაედოთ. ამიტომ, შეიქმნა ALTE University, რომელიც თავის სტუდენტებს სთავაზობს პოზიტიურ და განსხვავებულ საგანმანათლებლო სივრცეს იმისთვის, რომ უკეთესი და წარმატებული პიროვნებები გახდნენ. ALTE-სთვის მნიშვნელოვანია, წვლილი შეიტანოს, როგორც სტუდენტების, ისე საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში. ასევე – შექმნას მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე, შექმნის განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს – აქ დასახულ მიზნებს ადამიანებმა რეალურად მიაღწიონ და შექმნან დამატებითი ღირებულება იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ბოლოს კი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საკომუნიკაციო სტილი ანუ კითხვაზე თუ ვინ არის „ალტე უნივერსიტეტი“? მე ასე გიპასუხებდით: ეს არის თანამედროვე, მეგობრული, სასიამოვნო გარემოს მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება,  რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას, მაგრამ ამასთანავე არის მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე.

თუ გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო, „ალტე უნივერსიტეტი“, რა თქმა, უნდა დაგიჭერს მხარს, თუმცა მოითხოვს შენს ჩართულობასა და ძალისხმევას.

ახლა უნივერსიტეტის სახელზე ვისაუბროთ. რას ნიშნავს „ალტე“? 

„ALTE“-ს იდეა განათლებასა და უმაღლესი მწვერვალისკენ სწრაფვაზე აქცენტირებიდან მოდის. თავად სიტყვა არის ლათინური და ნიშნავს „მწვერვალს“, „უმაღლეს წერტილს“ და მისკენ მიმავალ გზას. თითოეული სტუდენტის ცხოვრების გაუმჯობესება და მუდმივ განვითარებაზე ფოკუსირება ზუსტად ასახავს „ალტე უნივერსიტეტის“ მისიას. ეს არის მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელი დასახელება, რომელსაც საერთაშორისო მომხიბვლელობა ახლავს თან. მისი სტრატეგია ბევრად განსხვავდება მისივე კონკურენტებისგან, არის „სმარტი“, ამასთანავე, ძალიან კარგად ჟღერადი სიტყვაა. ნათლად შესამჩნევია ბალანსი კრეატიულობასა და სოლიდურ ქმედებას შორის.

თავად სიტყვა „ალტე“ გამოხატავს გამოწვევას, რომელიც სტუდენტს უმაღლესი წერტილისკენ ანუ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისკენ უბიძგებს: ამ უნივერსიტეტმა უნდა მისცეს შესაძლებლობა ყველას, ცხოვრების თითოეულ ეტაპზე გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები, იყვნენ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულები და განუწყვეტლივ ეძიონ ახალ-ახალი გამოწვევები, შემდგომი დიდი ნაბიჯები.

რას წარმოადგენს Alte University-ის ვიზუალური გამოსახულება: მისი ელემენტები, ფერები და ზოგადი ვიზუალი?

თანამედროვეობის, სიახლისა და მეგობრული დამოკიდებულების ბალანსი სოლიდურობასა და აკადემიურობასთან ქმნის „ალტეს“, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ვიზუალურ იდენტობას, რომელიც მუდმივად უბიძგებს სტუდენტს იფიქროს წინსვლაზე და გასცდეს დაწესებულ საზღვრებს.

ფოტოზე ასახულ სიმბოლოში ქვემოთ მდგომი სამკუთხედი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თითოეულ სტუდენტს აძლევს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, უმაღლესისკენ სწრაფვის მიმართულებით, როგორც ცხოვრების, ასევე მისი კარიერის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნივერსიტეტს, რომელიც ბიძგს აძლევს და მხარს უჭერს სტუდენტს (ზედა სიმბოლოს მიხედვით), რომ მუდმივად იფიქროს განვითარებასა და წინსვლაზე.  უნივერსიტეტის მხარდაჭერა ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია, თუმცა მთავარი როლი, ამ პროცესში, სტუდენტის ინდივიდუალურ ძალისხმევასა და არჩევანზეა დამოკიდებული.

ლოგოს თითოეული ფერი გამოხატავს უნივერსიტეტის ხასიათის განსხვავებულობას, სიხალასეს და განახლებულ იმიჯს, რომელსაც არანაირი მსგავსება არ აქვს არცერთ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან – ინსტიტუციური „მომწვანო-მოლურჯო ფერი“ ბრენდს სძენს სერიოზულ, სოლიდურ და კომპეტენტურ იმიჯს. ინოვაციური „ყინულისფერი ცისფერი“ მიესადაგება სვლას, მიზნებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებს. თანამედროვე „მარჯნისფერი წითელი“ გამოხატვას კრეატიულობას, ახალგაზრდულ ენერგიას  და თავისუფლებას.

ლოგოს ელემენტები უნივერსიტეტის მიერ წარმოებული კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი წარმომადგენლების (სტუდენტები, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი, მფლობელები) სათქმელს და ბიძგს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ წინსვლასა და განვითარებაზე.

 

 

[R]

ნახეთ: აკორდეონის შთაგონებით შექმნილი სანათი

„განვითარების აკადემიაში“, საქართველოში კრეატივის პირველი სკოლა ჩამოყალიბდა!