in

დენის ცხადაიამ, NBC Sport-ის გუნდთან ერთად, Emmy-ის ორი ჯილდო მოიპოვა!

ქართველმა Motion Graphic დიზაინერმა დენის ცხადაიამ, NBC Sport-ის კოლექტივთან ერთად, The Sports Emmy Awards-ის ორი ჯილდო მოიპოვა – ტოკიოს მსოფლიო ოლიმპიადისა და ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის ვიზუალური გადაწყვეტისთვის. ამ ჯილდოს მოსაპოვებლად, დენის ცხადაიასა და მის თანაგუნდელებთან ერთად, იბრძოდნენ ისეთი არხები, როგორებიცაა FOX Sport, CBC Sport, ESPN… დენისი უკვე ხუთი წელია, რაც NBC Sport-ის „მოუშენ“ გრაფიკოსი დიზაინერია. მისი თქმით, NBC Sport-ის შემოქმედებით გუნდს ძალიან გაუხარდება, რომ ამ ჯილდოს შესახებ ქართველ მკითხველსაც ვუყვებით, ასე რომ, ძვირფასო NBC-ელებო, გამარჯობა Georgia-დან – აშშ-ის შტატი არადა, აი, ის მეორე რომაა, იქიდან. ახლა კი, გაიგეთ, რა გვიამბო დენის ცხადაიამ The Sports Emmy Awards-ის ჯილდოს შესახებ.

„Emmy-ის სატელევიზიო აკადემიის დაჯილდოებაზე ჩვენმა ორმა ნამუშევარმა მოიპოვა გამარჯვება: Emmy – Tokyo 2020-ის შოუს გრაფიკული გაფორმებისთვის და ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის პრე-შოუს გაფორმებისთვის,“ – გვიამბო დენის ცხადაიამ.

M: როგორ იქმნებოდა ნამუშევრები, რომლებმაც Emmy-ის ჯილდო მოიპოვა?

„ოლიმპიადის გაშუქებისთვის ყოველ ორ წელიწადში ვემზადებით, ხოლო სუპერთასისთვის – ოთხ წელიწადში ერთხელ, ახალ შეფუთვას ვამზადებთ. მაგალითად, ოლიმპიადის გაშუქებაზე ძალიან ბევრი არხი მუშაობს. Emmy-ს სწორედ ის ღებულობს, ვის გაფორმებსაც ყველაზე ლამაზად მიიჩნევა. გრაფიკაზე დიზაინერების ჯგუფი არტ-დირექტორებთან, პროექტის მენეჯერებთან ერთად ვმუშაობთ.

ოლიმპიადის ვიზუალურ გაფორმებაზე მუშაობისას, ამოსავალ წერტილად ზაფხულის ფერები და ტოკიოს კონცეფცია ავიღეთ და პროფესიონალი გუნდის ჩართულობით, ეს დიზაინი შევქმენით. რაც შეეხება სუპერთასს, მის დიზაინზე მუშაობისას, თავად სტადიონის ვიზუალით ვიხელმძღვანელეთ. ამერიკული ფეხბურთი საკმაოდ უხეში და სწრაფი სპორტია – ჩვენი დიზაინერული გადაწყვეტაც ამ ხასიათს მოვარგეთ.

უშუალოდ, მე არტ-დირექტორთან და მთავარ დიზაინერებთან ერთად ვმუშაობ. ერთად ვაგენერირებთ იდეებს, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვეძებთ რეფერენსებს ნებისმიერი მიმართულებით. უზარმაზარი პროცესია…

M: დენის, NBC Sport-ის გუნდში როგორ აღმოჩნდი?

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი. მერე რუსთავი 2-ში მოვხვდი, 2003 წელს და 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. 2015 წელს, აშშ-ში წავედი. ვცდილობდი მეპოვნა სამსახური, ყველგან ვგზავნიდი რეზიუმეს. ერთხელაც, NBC-დან დამიკავშირდნენ და ფრილანსერად ამიყვანეს, ექვსი თვით, რადგან თავიდანვე საშტატო თანამშრომლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ აჰყავთ ხოლმე. ძალიან ბევრს ვმუშაობდი – ბევრად მეტს ვაკეთებდი, ვიდრე მოელოდნენ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ, Motion Graphic Designer-ის სრულ განაკვეთზე შემომთავაზეს მუშაობა და უკვე ხუთი წელია, რაც ამ გუნდის წევრის სახელით უამრავ პროექტზე ვმუშაობ. ბუნებრივია, ყველაფერი სპორტს ეხება – ფეხბურთის პრემიერ-ლიგა, რბოლებს (Nascar, F1), ჰოკეის ლიგა, საბრძოლო შეჯიბრებები. ვფიქრობ, ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილები არიან და ეს ძალიან მახარებს. მგონია, რომ თუკი თავდაუზოგავად იმუშავებ და არ დაგეზარება, ყველაფერი გამოგივა ადამიანს.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ამ კალმით ჰაერში დაწერას შეძლებთ!

„უსაფრთხოების დღეები“ თეგეტა მოტორსში