ფოტოები ჩვილობიდან ექვს თვემდე – Dino Photography-მ მშობლებს ახალი სერვისი შესთავაზა, სადაც მათი პატარები ინდივიდუალური დეკორაციების ფონზე “პოზირებენ”. სახლიდან დაწყებული ბიზნესი მალევე იქცა მოთხოვნად სფეროდ. Dino Photography -ს დამფუძნებელი, ეკატერინე ოძელაშვილი მარკეტერს საბავშვო ფოტო სტუდიის , როგორც მზარდი ბიზნესის შესახებ ესაუბრა.
M: რატომ გადაწყვიტეთ საბავშვო ფოტო სტუდიის გახსნა ?
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთი წლის წინ შეგვეძინა შვილი და დეკრეტში გავედი. გადავწყვიტე თავისუფალი დრო გამომეყენებინა და ბავშვისთვის სურათები გადამეღო. ამისთვის სპეციალურ დეკორაციებს ვაკეთებდი ხელით. ეს სურათები მეგობრებს რომ ვაჩვენე, მოეწონათ და მოისურვეს თავადაც ჰქონოდათ შვილების ამგვარი ფოტოები. აქედან გაჩნდა იდეა, რომ მე და ჩემს მეუღლეს დაგვეწყო ეს ბიზნესი. ეს ჩვენი პირველი დამოუკიდებელი საქმეა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მეუღლე ტექნიკურ საკითხებში და სოციალური მედიის მართვაში მეხმარება.
ახალშობილთა და ბავშვთა ფოტოსესიები მსოფლიოში გავრცელებულია, თუმცა საქართველოში ეს ნიშა თავისუფალი იყო. თავიდან კლიენტებს ჩვენთან სახლში ვიღებდით ან თავად ვსტუმრობდით, შემდეგ უკვე სტუდიაც მოვაწყვეთ.
M: ფოტოგრაფია თქვენი პროფესიაა თუ ჰობი?
ჰობია, მე არქიტექტორი ვარ, ჩემი მეუღლე -კომუნიკაციების სპეციალისტი. თუმცა, ჩემი პროფესია ახლოსაა ფოტოგრაფიასთან, დიზაინთან და მხატვრობასთან, ამიტომაც დეკორაციების კეთება, სცენების მოწყობა ჩემით დავიწყე. თავიდან ჩვენი საოჯახო კამერით ვიღებდით, თუმცა ახლა უკვე განვაახლეთ ტექნიკა, შევიძინეთ სპეციალური საბავშვო განათებები, მუდმივად ვყიდულობთ ან ადგილობრივ ახალგაზრდა დიზაინერებს ვუკვეთავთ დეკორაციებს.
M: ტექნიკის გასაახლებლად თუ სტუდიის შესაქმნელად ფინანსები როგორ მოიძიეთ?
ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. შემდეგ ნელ-ნელა, მოგროვილი თუ დაზოგილი თანხით ავაწყვეთ ტექნიკა და სტუდია. უკვე მეხუთე თვეა ამ სფეროში ვართ. ამ ეტაპზე, როგორც ყველა ახლად დაწყებულ ბიზნესს ახასიათებს, მთელი შემოსავალი ისევ საქმეს ხმარდება. რეალური მოგება არ დაგვრჩენია, მაგრამ პირველი ექვსი თვე ან ერთი წელი მუშაობ სწორედ იმისთვის, რომ ბიზნესი სრულყოფილი გახადო.
M: როგორ მიაწვდინეთ ხმა პოტენციურ მომხმარებლებს ?
ვებგვერდი ჯერ არ გავაქვს. ფეისბუქ გვერდი გავაკეთეთ, რომელზეც განვათავსეთ ჩვენი მეგობრების შვილების ფოტოსესიები. თან დავურთეთ ინფორმაციული ტექსტები, რაც მშობლებისთვის შესაძლოა საინტერესო გამხდარიყო. შემდეგ პირველი კვირების შემოსავლის ნაწილი ფეისბუქ-რეკლამაზე დავხარჯეთ და ამგვარად მივაწვდინეთ ხმა პოტენციურ მომხმარებლებს. ამ ეტაპზე რვაათასამდე მომწონებელი ჰყავს ჩვენს ფეისბუქ გვერდს, დღეში 20-30 ადამიანი გვწერს და ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება. ნამდვილად მზარდი ბაზარია.
M: რამდენად რთულია საბავშვო ფოტოსესიისთვის დეკორაციების შერჩევა ?
თითოეული სცენა, დეკორაცია და აქსესუარი წინასწარ თანხმდება მშობლებთან. ახალშობილთა სესია ყველაზე სპეციფიურია, ის ითვალისწინებს ბავშვის „ჩანასახის“ და Head in Hands (როდესაც ბავშვს თავი ხელებზე აქვს ჩამოდებული) პოზებში გადაღებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია ის 10-15 დღემდე გადავიღოთ. რაც შეეხება იდეებს, მათ ყველგან ვეძებთ, თითქმის ყოველი საყოფაცხოვრებო ნივთების საყიდლებზე გასვლა ახალი დეკორაციის შეძენით მთავრდება, იქნება ეს კალათა, ქუდები თუ სხვა.
M: როგორია მშობლების ჩართულობა, როცა მათ პატარა შვილებს უღებთ ფოტოებს ?
არა მარტო დედები, მამებიც ჩართულნი არიან ფოტოსესიის დროს. ძალიან სახალისოა გადაღების მთელი პროცესი. ყველა ვცდილობთ ბავშვი გავაღიმოთ. ყოველი სესია პოზიტიური განწყობით მთავრდება, იქნება ეს ახალშობილის თუ პირველი დაბადების დღის სესია, სადაც ბავშვი ტორტში ჰყოფს ხელებს.
რაც მთავარია, როდესაც პატარებს სახლში ვსტუმრობთ, არ ვიცით ბავშვი როგორი ხასიათისაა, არის თუ არა საკმარისი სივრცე განათებისა და დეკორაციების ასაწყობად – ეს ერთგვარი გამოწვევა და ამ საქმის ხიბლია. იყო შემთხვევა, როდესაც სამ ტყუპს ვუღებდით და სესია ექვსი საათი გაგრძელდა. მაგრამ შედეგი იმდენად მაგარი იყო, რომ მთელი ფეისბუქი მოიარა
M: რამდენად მოთხოვნადი სფეროა ?
იმდენად ბევრი შეკვეთაა, რომ ხშირად ვერ ვახერხებთ დროის გადანაწილებას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ 5 ოჯახს ერთსა და იმავე დროს უნდოდა სურათების გადაღება. იმდენად ბევრ დროს ითხოვს ეს ყველაფერი, რომ სამსახურს თავი დავანებე და მთლიანად ამ საქმეზე გადმოვინაცვლე.
M: რაც შეეხება ფასებს ?
გააჩნია ფოტოსესიას და ბავშვის ასაკს. ჩვენ ნებისმიერი ასაკის ბავშვებს ვიღებთ, ყველაზე პატარა სულ რაღაც 8 დღის იყო. საერთოდ ახალშობილების სესია სხვებთან შედარებით ყველაზე რთული და სათუთია. ახალშობილებს ჩვენ სახლში ვსტუმრობთ, რათა ისინი ზედმეტად არ შეწუხდნენ. სესიის მსვლელობა ბავშვის კვებაზე, ძილზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. რამდენიმეჯერ ეს სესია 6 საათი გაგრძელდა. ახალშობილებისთვის განსაკუთრებული დეკორაციები გვაქვს, რომლებსაც სათუთად ვარჩევთ. ამ სესიაში სტანდარტულად ორი სცენა შედის, რომელიც ითვალისწინებს ახალშობილის ბევრნაირ პოზას, რომლიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული და მოთხნოვნადია – Head in Hands (რომელიც საქართველოში პირველად შემოვიტანეთ). ამ სესიის ღირებულება 200 ლარია, მესამე სცენის დამატების შემთხვევაში ფასი მხოლოდ 50 ლარით იზრდება. რაც შეეხება სხვა ასაკს, სადაც ფოტოსესიებში შედის კოლაჟები, ბუნებაში გასვლა და ა.შ. ღირებულება 120-150 ლარია. ყველა სესიის შემდეგ მშობლებს გადაეცამათ 10 დამუშავებული და ყველა გადაღებული ფოტო, რომელთა რიცხვი 100-200-ზე ადის, ერთხელ ერთ სესიაზე 700 ფოტო გადავიღეთ.
M: ძალიან ბევრი ფოტოსტუდია არსებობს, დიდი ისტორიით. მათ არ აქვთ იგივე სერვისი? რა არის თვენი კონკურენტული უპირატესობა ?
როცა ამ საქმეს ვიწყებდით, იგივე კითხვა დავუსვით საკუთარ თავს. დავათვალიერეთ ყველა სტუდიის ნამუშევარი და აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტულად ახალშობილთა და ჩვილთა ფოტოგრაფიის სპეციფიკა არავის ჰქონდა. ამავდროულად. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული სერვისი: თეთრი ფონი და ერთმანეთის მსგავსი სურათები. ყველას ინდივიდუალურად ვუდგებით, მათთვის მისაღებ და საინტერესო დეკორაციებს ვუკეთებთ და მშობლების სურვილს ვითვალისწინებთ, თუ როგორ სურთ შვილების გადაღება. მაგალითად თითოეულ კოლაჟს წინასწარ სკეჩის სახით ვხატავ, მშობლებს ვუგზავნი და ვუთანხმებ. შესაბამისად, ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა – გაღიმებული და ბედნიერი პატარა, რომელიც როდესაც გაიზრდება ბევრს იხალისებს ამ სურათებზე, კმაყოფილი მშობელი, რომელიც თავის მეგობრებს უყვება ჩვენს შესახებ და ადამიანები, რომლებიც გვწერენ რომ დილით შემოდიან ჩვენს გვერდზე რათა დღე პოზიტიურად დაიწყონ. ამავდროულად გვაქვს ქვეყნისთვის შესაბამისი ფასებიც, სხვა ქვეყნებში ეს სესიები გაცილებით მეტი ღირს, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებს ადგილობრივ რეალობას და ვფიქრობთ რომ ასეთი კლიენტებზე მორგებული და ინდივიდუალური სერვისისთვის მისაღები ფასია.
ავტორი: მანანა ნოდია