ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმიანობა ჩემთვის, ექსელის პროგრამაში ფორმულების შეყვანა, მონაცემების ერთ ხაზზე დალაგება და რაღაც კონკრეტული რიცხვის მიღებაა… მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამოვთვალო, თუ რამდენი დღე გავატარე სამსახურში.
დავიწყოთ მარტივი სტატისტიკით, არამგონია, ექსელის ფორმულა დამჭირდეს: 17 წლიდან ვმუშაობ. ვარ 28 წლის. შესაბამისად, 12 წელია, რაც თითქმის ყოველდღე მივდივარ სამსახურში. თვეში 22 სამუშაო დღეა, ხოლო წელიწადში – 264, გამოდის, რომ მე 3168 დღის მანძილზე დილით გამოძინებას სამსახურში წასვლა ვარჩიე.
ალბათ, ფიქრობთ, რომ გემრიელად გამოძინებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ჩემთვის ხელფასია. თავიდან მეც ასე ვფიქრობდი. წლების მანძილზე დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებისმიერ სამსახურში გავძლებდი თუ მაღალი ხელფასი მექნებოდა. როგორმე გადავაგორებდი დღეში 8 საათს. სამაგიეროდ, დღის ბოლოს ვნახავდი მეგობრებს, ან ვიმოგზაურებდი, დავისვენებდი და ვიქნებოდი ბედნიერი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელფასი არ ყოფილა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ვრჩებოდი ამა თუ იმ სამსახურში. პირველი რამდენიმე თვე მოტივირებული ვიყავი, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო აქტიურად ვიწყებდი ფიქრს იმაზე, რომ სადმე “უკეთეს ადგილას” გადავსულიყავი.
გულახდილად რომ ვთქვა, ბოლოს, ყველაზე მოწყენილ თანამშრომლად ვიქეცი. ისეთ თანამშრომლად, თითქმის ყველა კომპანიაში რომ მოიძებნება. დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობთ ასეთ ადამიანებს. შეიძლება, თქვენს გვერდითაც კი იჯდეს, ან ლანჩზე კაფეტერიაში გხვდებოდეთ. ასეთი მოწყენილი თანამშრომლის შემჩნევა არ არის რთული: ყოველთვის დადის დაღლილი, შეღონებული სახით, ქაოტურად შეკრული თმით. იკვებება მხოლოდ ‘ფასთფუდით’ და მოსალმებაც კი ეზარება, რადგან ეშინია, რომ საუბარს გაუბამთ და ამის წარმოდგენაზე მომენტალურად იღლება. აი, სწორედ ასეთი დემოტივირებული თანამშრომელი ვიყავი მეც!
დავუბრუნდეთ “უკეთეს ადგილას” გადასვლის ნაწილს. საინტერესოა, რა იგულისხმება ამ უკეთეს ადგილში?
უკეთესი შემოსავალი? უფრო საინტერესო საქმიანობა? უფრო მეგობრული კოლექტივი? ნაკლებად სტრესული გარემო? ბევრი მივლინება საზღვარგარეთ? ულიმიტო სასაუბრო დრო კორპორატიულ ტელეფონში? ან, სულაც, წლიური ბონუსი?
ყველაფერი ეს ნამდვილად ძალიან მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის რეალური მიზეზი რომელიმე სამსახურიდან წამოსასვლელად.
მოდით, ვაღიაროთ: უკეთესი ადგილი ხშირად უბრალოდ გულისხმობს უკეთესს მენეჯერს!
ალბათ, ახლა გაიფიქრეთ, რომ თითქმის არცერთ ადამიანს არ მოსწონს საკუთარი უფროსი. გეთანხმებით, თუ მენეჯერს ერთზე მეტი დაქვემდებარებული თანამშრომელი ჰყავს, რაც არ უნდა კარგი უფროსი იყოს, რომელიმეს მაინც არ მოეწონება მისი მუშაობის სტილი.
მაგრამ მე ვგულისხმობ ისეთ მენეჯერებს, რომლებიც განსაკუთრებით ცუდი მენეჯმენტით გამოირჩევიან. ასეთი მენეჯერები ბევრ ცნობილ კომპანიებში გვხვდებიან და მათ რამდენიმე რამ აქვთ საერთო:
- ხშირად ახსენებენ შემდეგ სიტყვებსა და ფრაზებს: ” თანამშრომლის მართვა”, “გაკონტროლება”, “არალოიალური კომპანიის მიმართ”, “შეუცვლელი კადრი არ არსებობს”, “არ მაინტერესებს” და ა.შ.
- არასამუშაო დროს რეკავენ, ან აგზავნიან მეილს და სათაურის ველში აუცილებლად წერენ: “ნახე სასწრაფოდ და მომწერე დაუყოვნებლივ”.
- ხშირად ნიშნავენ შეხვედრებს საღამოს 7-8 საათზე, რადგან მანამდე არ არიან ოფისში, ან უბრალოდ არ სცალიათ.
- დღის ბოლოს აღმოჩნდება, რომ კონკრეტული დავალების შესრულების ბოლო ვადა მეორე დღის 10 საათია.
- მუშაობისას უმნიშვნელო შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი თანამშრომელს ხელფასის 30%-ს აჭრიან.
- ყოველკვირეული შეხვედრების დროს, კოლეგების თანდასწრებით ტუქსავენ რომელიმე საბრალო თანამშრომელს.
- თითქმის არასდროს ამბობენ “მადლობას”, საქმის კარგად შესრულება ხომ თანამშრომლის ვალდებულებაა.
- თანამშრომლის სამსახურიდან წასვლას თავად ამ თანამშრომლის არაპროფესიონალიზმსა და სისუსტეს აბრალებენ
- არ უყვართ მოსმენა. უფრო სწორად, არ შეუძლიათ დიდხანს კონცენტრაცია ერთ საკითხზე. აუცილებლად რამდენჯერმე უნდა შეაწყვეტინონ თანამშრომელს საუბარი, როგორც კი დისკუსიის თემა მისთვის უინტერესო გახდება.
მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ მსგავსი მენეჯერებისგან მიდიან თანამშრომლები. უფრო სწორად, გარბიან.
თუ ყველა ერთხმად შევთანხმდებით, რომ მსგავსი მენეჯმენტი არაეფექტურია და კომპანიისთვის განსაკუთრებით წამგებიანია (რადგან კადრების გადინებას იწვევს) შესაძლოა, ეს მენეჯერები სულაც გადაშენების ზღვარზე მყოფ დინოზავრებად გადაიქცნენ.
ავტორი: ქეთი მეფარიძე, “ლივინგსტონის” დიზაინისა და კრეატიული ვებ პროექტების მენეჯერი.










