თბილისში რეკლამირების ახალი საშუალება გამოჩნდა, კომპანია მომხმარებელს რეკლამას დირიჟაბლზე სთავაზობს. მარკეტერი დაინტერესდა ამ თემით და კომპანიის დირექტორს, პავლე ბერიძეს გაესაუბრა.
თქვენ ბაზარზე რეკლამის შედარებით ახალი საშუალება შექმენით, ესაა რეკლამა დირიჟაბლზე. რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი მიმართულების არჩევა?
ეს იდეა ახალია საქართველოსთვის, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კარგადაა განვითარებული მსგავსი სერვისით სარგებლობა. ჩვენ გვაინტერესებს მარკეტინგი და რეკლამირება. გვიზიდავს ინოვაციები რეკლამირებაში და ვფიქრობთ რომ ქართულ ბაზარზე ამ ინოვაციების ნაკლებობაა. ვცდილობთ, ახალი სიტყვა ვთქვათ სარეკლამო სფეროში და მაქსიმალურად გავამართლოთ რეკლამის მიზანი – მიიქციოს ყურადღება!
რა უპირატესობები გააჩნია მსგავს რეკლამას?
რეკლამა დირიჟაბლზე 100% –ით გარანტირებული რეკლამაა, რაც ნიშნავს შემდეგს: ყველა ვინც დირიჟაბლთან მოხვდება ყურადღებას მიაქცევს, შეხედავს, შეიძლება ფოტოც კი გადაუღოს მას. ბილბორდებთან შედარებით ეს დიდ უპირატესობად მიგვაჩნია. მართლაც, რომ დავფიქრდეთ რამდენი ერთფეროვანი ბილბორდია თბილისში და რამდენს ვაქცევთ ყურადღებას?!
რა გეგმები გაქვთ მომავალში? აპირებთ ტრადიცულ რეკლამის ხაზების გავნითარებას თუ მომავალშიც მსგავსი კრეატიული მეთოდებით?
ჩვენ ვაპირებთ, ჯერ განვავითაროთ დირიჟაბლზე რეკლამირება, რომელიც დაგვირგვინდება რადიომართვადი დირიჟაბლებით. მას ექნება კონკრეტული მარშრუტი ქალაქის ქუჩებში და იქნება გაცილებით მიმზიდველი სარეკლამო საშუალება. უარს არ ვიტყვით არასდროს მსგავსი ტიპის უპრეცენდენტო რეკლამირების ხერხების გამოყენებაზეც. ამასთან კომპანიაში ვაყალიბებთ საკონსულტაციო მიმართულებას მარკეტინგისა და მენეჯმენტის კუთხით.
რამდენად ხელმისაწვდომია ეს სერვისი ქართული ბიზნესისთვის? რა ღირს და როგორ იანგარიშება თქვენთან ფასი ?
ჩვენ ვცდილობთ “დავაგემოვნებინოთ” ქართულ კომპანიებს ჩვენი მომსახურება დაბალი ფასებით. ამიტომ ვთვლით, რომ სერვისი ხელმისაწვდომია ყველასთვის. ჩვენი მომსახურების ფასი იანგარიშება ორი კრიტერიუმით: ადგილი და დრო (ანუ რამდენი ხნით ქირაობს კომპანია). შესაბამისად, 1 დღიანი მომსახურება უფრო ძვირია (ფასი დღეზე) , ვიდრე, ვთქვათ ერთ კვირიანი. ანუ ფასი მერყევია, 1 კვირის ვადით, 1 დღე თბილისში 150 –200 ლარი, ბათუმში კი 200–300 ლარამდე.
თუ არიან კომპანიები რომებმაც უკვე ისარგებლეს ამ სერვისით?
ნაყინის ფესტივალზე მთაწმინდის პარკში მოვემსახურეთ თოლიას 1 დღით. ასევე არის რამოდენიმე კომპანია, რომლებიც მალე იწყებენ სარეკლამო აქტივობებს და ამ აქტივობებში ჩვენი მომსახურებაც გაითვალისწინეს.