უნდა ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში ვეგანობის იმიჯი მნიშვნელოვნად შეიცვალა… უცნაურიდან რაღაც ძალიან მაგარ, ტრენდულ ფენომენად იქცა. უკვე თითქმის ყველა მენიუში მოიძებნება საკვები, რომელიც ნაკლებ ზიანს აყენებს პლანეტას, თუმცა ვეგანური საკვების აღქმა მაინც რაღაც ძვირიანსა და სიჯანსაღეზე „ჩაციკვლას“ უკავშირდება. ამიტომ, ვეგანური საკვების მწარმოებლებისთვის, ბარებისა თუ რესტორნებისთვის ამოცანას განსხვავებული იმიჯის შექმნა წარმოადგენს.
ამ გამოწვევის წინაშე იდგა Dirty Vegan-იც, რომლის განსხვავებული ვიზუალი გრაფიკულმა დიზაინერმა ჯენს ნილსონმა წარმოგვიდგინა.
„Dirty Vegan შვედური ბარ-რესტორნის კონცეფციაა, რომელიც მთლიანად ვეგანურ კერძებს ეძღვნება… რესტორნის იდენტობის იდეა ტუჩის სიმბოლოთი ინსპირაციას ღამის ცხოვრებიდან იღებს და ტრადიციულ მწვანე, ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ ვეგანურ კულტურას სცილდება“, — აცხადებს ჯენსი.
ბიზნესის ავტორებსაც ეს სურდათ, ყველასთვის ნაცნობი ხედვიდან შორს წასულიყვნენ. მთლიანი იდენტობისთვის განმსაზღვრელი სიმბოლო კი მარტივად მისახვედრია, რომ სწორედ ტუჩი გახლავთ — „ვფიქრობ, იდეალურად ასახავს გემრიელი საკვების შეგრძნებას“. თუმცა, ამასთან, აღნიშნული ლოგო გამოხატვის მრავალფეროვან საშუალებადაც მიაჩნიათ…
რაც შეეხება ფერებს, მართალია, ვეგანურ რესტორანზე ვსაუბრობთ, მაგრამ აქაც ეცადნენ, ტრადიციული მწვანე ფერისთვის თავი აერიდებინათ. არჩევანი წითელ და იასამნისფერ ფერებზე შეაჩერეს. შრიფტი კი Good Type Foundry-ის Adieu გახლავთ.