in

მიუხედავად საზოგადოების უკმაყოფილებისა, Discord ასაკის ვერიფიკაციას იწყებს

დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ Discord მომხმარებლების ასაკის ვერიფიკაციას აპირებს და ეს დროც დადგა. ის ახალ სისტემას ეტაპობრივად აამოქმედებს.

კომპანიას ასაკის შემოწმების დანერგვა თავდაპირველად 2026 წლის თებერვალში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მომხმარებლების ნაწილის უკმაყოფილების გამო პროცესი გადადო. მთავარი პრობლემა კონფიდენციალურობას ეხებოდა. მომხმარებლები შიშობდნენ, რომ ბიომეტრიული მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენება მათი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა.

ეს შეშფოთება სრულიად უსაფუძვლო არ ყოფილა. გასულ წელს Discord-ის ერთ-ერთ პარტნიორს კიბერშეტევა შეეხო, რის შედეგადაც კინაღამ დაახლოებით 70 000 მომხმარებლის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოები და ვერიფიკაციისთვის გამოყენებული სელფები.

Discord-ის ინფორმაციით, მომხმარებლების 90%-ზე მეტს ასაკის ხელით დადასტურება საერთოდ არ მოუწევს. ამის ნაცვლად, პლატფორმა უკვე არსებულ ანგარიშის მონაცემებში გარკვეულ „სიგნალებს“ მოძებნის – მათ შორის, რამდენი ხანია ანგარიში არსებობს, რა მოწყობილობიდან და როგორ იყენებს მას მომხმარებელი და როგორია მისი აქტივობის ზოგადი სურათი.

ამ მონაცემების საფუძველზე სისტემა დაადგენს, სავარაუდოდ, რა ასაკის მომხმარებელს ეკუთვნის კონკრეტული ანგარიში.

კომპანია ამბობს, რომ ასაკის განსაზღვრისთვის არ აანალიზებს მიმოწერის შინაარსს, პროფილის მონაცემებს ან მომხმარებლის დემოგრაფიულ მახასიათებლებს. ამის ნაცვლად, მანქანური სწავლების მოდელი ანგარიშების გამოყენების სხვადასხვა პატერნს აანალიზებს. ის განსხვავებულად უყურებს, თუ როგორ იყენებს Discord-ს 15 წლის და 30 წლის მომხმარებელი, რამდენ არხშია გაწევრიანებული, როგორ ურთიერთობს სხვა მომხმარებლებთან და როგორია მისი პლატფორმაზე ქცევის საერთო სურათი.

Discord-ის განმარტებით, ამ ტიპის მონაცემები ახალი არ არის და სოციალური პლატფორმები მათ ისედაც ინახავენ.

თუ სისტემა მომხმარებლის ასაკს საკმარისი სიზუსტით ვერ გაარჩევს, მომხმარებელს ასაკის დადასტურების ალტერნატიული გზებიც ექნება. ამისთვის ბიომეტრიული მონაცემების ან პირადობის მოწმობის სკანირება აუცილებელი არ იქნება, მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს საკრედიტო ბარათი ან Apple App Store-ისა და Google Play Store-ის ანგარიშში მითითებული ასაკობრივი მონაცემები.

ზრდასრული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ასაკს დაადასტურებენ, Discord-ის გამოყენების წესები არ შეიცვლება. მოზარდების ანგარიშებს კი ავტომატურად შეეზღუდებათ წვდომა ასაკობრივად შეზღუდულ სერვერებსა და არხებზე.

ასევე, მათთვის, ვინც მეგობრების სიაში არ არის, გაგზავნილი შეტყობინებები ცალკე Message Requests განყოფილებაში გადავა. გარდა ამისა, მოზარდები მიიღებენ გაფრთხილებას, როდესაც მეგობრობის მოთხოვნას ისეთი ადამიანისგან მიიღებენ, რომელთანაც საერთო მეგობრები არ ჰყავთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების ონლაინსივრცეში ბავშვების დაცვის მიზნით ასაკის დადასტურების მოთხოვნებს ამკაცრებენ და Discord-ის ახალი სისტემაც ამის ფონზე ამოქმედდა. ამასთან, ექსპერტები მიუთითებენ, რომ ასაკის შემოწმების ტექნოლოგიებმა, შესაძლოა, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რისკებიც შექმნას.

შედეგად, პლატფორმებს, მათ შორის Discord-ს, რთული არჩევანის წინაშე უწევთ დგომა – დაემორჩილონ ახალ მოთხოვნებს თუ სანქციების რისკი აიღონ საკუთარ თავზე.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

რატომ უნდა ვითხოვდეთ ხელოვნური ინტელექტისგან კრეატიულობის ნაცვლად სისწორეს