in

Disney-ის ახალ ტექნოლოგიას პერსონაჟების ასაკის შესაცვლელად იყენებენ

როდესაც საქმე ეხება პერსონაჟების ახალგაზრდობის ან სიბერის პერიოდის წარმოდგენას, კინორეჟისორებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ: მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ისეთი სახე, რომელიც შეესაბამება სასურველ ასაკობრივ ჯგუფს, გამოიყენონ მაკიაჟის თუ პროთეზირების მაგია, ან — ციფრული ხელსაწყოები.

ამ უკანასკნელს, სამწუხაროდ, შეიძლება დღეები ან თუნდაც კვირები დასჭირდეს, რადგან თითოეული კადრის მექანიკური რენდირებაა საჭირო. ახლა კი Disney Research Studios-ის მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ „პირველი“ ხელახალი დაბერების და სახის გაახალგაზრდავების ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც ძალიან პრაქტიკული და სრულად ავტომატურია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, გაზარდოს ან შეამციროს ობიექტების ასაკი, პოსტპროდუქციის რესურსების ზედმეტი ხარჯვის გარეშე.

დისნეის მკვლევრები აღიარებენ, რომ ხელახალი დაბერების ტექნიკა სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ აქამდე არსებული ტექნოლოგიები არასტაბილურ შედეგებს იძლეოდა — სახის დეტალების გაფუჭებით და ცუდი გარჩევადობით. მათი ვერსია კი უშუალოდ კინოინდუსტრიისთვისაა შექმნილი. ახალი ქსელი, სახელწოდებით Face Re-Aging Network (FRAN), ზუსტად ესადაგება მოძრავ კადრებს და იმ მომენტებსაც კი, როდესაც სუბიექტი კამერას არ უყურებს.

სრულყოფილი შედეგის მისაღებად, გუნდმა AI-ის მიერ გენერირებული ათასობით სახე შეაგროვა და შეისწავლა, როგორ უახლოვდება მანქანური სწავლების არსებული ტექნოლოგიები ამ საგნებს. შემდეგ მკვლევრებმა მიღებული ცოდნა FRAN-ის მოსამზადებლად გამოიყენეს.

FRAN-ს განასხვავებს ის, რომ ახალი კადრების შექმნის ნაცვლად, ის ცნობს მსახიობის სახის ნაწილებს, რომლებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს ასაკმა — იქნება ეს ღიმილისას ტუჩების ირგვლივ გაჩენილი ხაზები თუ ნაოჭები. შემდეგ ის ამ მახასიათებლებს ათავსებს ობიექტის რეალურ სახეზე, უფრო ფოტორეალისტური ეფექტისთვის, რომელიც მოძრაობის პარალელურად, მუდმივად ნარჩუნდება. Disney Research Studios აცხადებს, რომ შედეგები ინარჩუნებს „უპრეცედენტო სტაბილურობას და სახის იდენტურობას, სხვადასხვა მოქმედებასა და ცვალებად განათების პირობებში“.

შატო მუხრანის სრულად აღდგენილი ისტორიული სასახლე

სტარტაპი E-point — მრავალფუნქციური ელექტრონული კომერციის პლატფორმა