in

რისი სწავლა შეუძლიათ დიზაინერებს დისნეის ანიმაციის პრინციპებიდან?

Disney-ის ანიმაციის 12 პრინციპი პირველად ანიმატორებმა — ოლი ჯონსტონმა და ფრენკ თომასმა— 1981 წელს გამოაქვეყნეს, წიგნში The Illusion of Life: Disney Animation. ცხადია, თითოეული პრინციპი ბრენდის ხანგრძლივი ისტორიით იყო შთაგონებული, რადგან 1930-იანი წლებიდან მოყოლებული ცდილობდნენ, მიმზიდველობის, ჯადოსნურობისა და რეალიზმის ირგვლივ შეექმნათ გამორჩეული ანიმაციები.

დროთა განმავლობაში სწორედ ეს პრინციპები იქცა ანიმაციის ევოლუციის საფუძვლად — ანიმატორების გზამკვლევად, რათა პერსონაჟები და სცენები საუკეთესო გზით გააცოცხლონ. მართალია, წიგნის გამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ინდუსტრიაში, მაგრამ პრინციპები კვლავ ინარჩუნებს აქტუალობა, როგორც ფილმების, ისე დიზაინის მიმართულებით. სტატიაში კი რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:

მოლოდინი

მოლოდინი მაყურებელს იმისთვის ამზადებს, რაც მოხდება. ეს არის პატარა მოძრაობა, რომელიც უფრო დიდად გარდაიქმნება, რათა ანიმაცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს და სცენასაც მეტი მიმზიდველობა ჰქონდეს. მარტივად წარმოიდგინეთ: რა ქმედებას ახორციელებს ადამიანი კონკრეტული დავალების შესრულების წინ? მაგალითად, გოლფის მოთამაშემ ხელები უკან გაიქნია, რათა ჯოხი წინ, ბურთს დაარტყას.

ასევე, მოლოდინს აუდიტორიაში ყურადღების გამწვავებასაც შეუძლია: ერთი ელემენტის გადაადგილებით მაყურებელთა თვალებს იქითკენ მიმართავთ, საითაც გსურთ. ამას „თვალის მიკვლევის“ ტერმინითაც იცნობენ და შეიძლება გამოყენებულ იქნას ხალხის ფოკუსის კონტროლისთვის.

შემდგომი და გადაფარვის მოქმედება

ეს მოლოდინის საპირისპიროა და მოძრაობის დასასრულს ხდება — ძირითადი მოქმედების შემდეგ, ე. წ. მოდუნების მდგომარეობას უბრუნდება. ასეთ დროს სუბიექტში ექსპრესია მშვიდ წერტილამდე მიდის,.შეიძლება, ამას გონებით ნაკლებად ვაკვირდებოდეთ, მაგრამ თვალისთვის ვიზუალურად ძალიან კარგი აღსაქმელია.

რაც შეეხება გადაფარვას, ის ასეთ პრინციპს მიჰყვება: ჯერ ერთი მოქმედება ხდება, შემდეგ კი მეორე მოსდევს. მაგალითად, როცა პერსონაჟი გარბის და უცბად ჩერდება, თმა კი რამდენიმე კადრის განმავლობაში კვლავ ირხევა.

ამ ქვეპუნქტში ნახსენები ორივე პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ანიმაციისთვის რეალისტური განწყობის მინიჭება გსურთ.

შეჭმუხნა და გაჭიმვა

აღნიშნული ნიუანსი ობიექტს მოქნილობას მატებს და გრავიტაციის ილუზიასაც ქმნის. ობიექტის გარემოზე რეაგირების ჩვენებით, ანიმაციაში რეალიზმის განცდა ჩნდება, უბრალოდ, შეჭმუხვნა/გაჭიმვის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული მასალა. მაგალითად, რეზინის ბურთის მიწაზე დავარდნისას, ის მეტად უნდა „იჭმუხნებოდეს“, ვიდრე ბოულინგის ბურთი. ასევე, უნდა განსაზღვროთ ობიექტის მოცულობა და შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა, რათა ამა თუ იმ ზემოქმედების შემდეგ კვლავ აღქმადი იყოს.

შენელება

რეალურ სამყაროში ობიექტები უნდა აჩქარდნენ, რათა მოძრაობა დაიწყონ ან გაჩერებამდე შენელდნენ. ამის გათვალისწინებით, ანიმაციაში შენელების პრინციპის გამოყენება უფრო რეალისტურს ხდის საწყისი პოზიციიდან საბოლოომდე მისვლის პროცესს. სანაცვლოდ, უეცარი და მოულოდნელი ცვლილება რობოტული ხასიათის მატარებელია. ამის მაგალითია მანქანის შემთხვევა: როცა მოძრაობას იწყებს, მყისიერად ვერ ავითარებს უმაღლეს სიჩქარეს, არამედ ეტაპობრივად უნდა აჩქარდეს. ანალოგიურად, როდესაც ჩერდება, თანდათან უწევს შენელება.

მთლიანობაში, დისნეის პრინციპებმა არა მხოლოდ ჩამოაყალიბა ანიმაციის სამყარო, არამედ თხრობის ბევრ სხვა ფორმაზეც იქონია გავლენა.

4 ჩვევა, რომლითაც ცხოვრებას ერთ დღეში გაიუმჯობესებთ

შესაძლოა, კოფეინი სწავლის უნარზე ზემოქმედებდეს — კვლევა