საერთო მემკვიდრეობისა და კოლექტიური გავლენის გამოყენებით ამ საქმეში მონაწილე სტუდიები და არტისტები ანიმაციის მთავარ დანიშნულებას გვახსენებენ — შექმნას კავშირები, გამოასწოროს და გაამხნეოს მხოლოდ ეკრანზე კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც… ამიტომაც, ერთკვირიანი აუქციონით ლოს-ანჯელესის ხანძრით დაზარალებული ხელოვანების დახმარება გადაწყვიტეს.
AnimAID: The Art of Animation Sotheby’s-ისა და ASIFA-Hollywood-ის ერთკვირიანი აუქციონია, იმისთვისაა შექმნილი, რომ დაეხმაროს ანიმატორებს, რომელთა ცხოვრებაც ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში გაჩენილმა ხანძრებმა სრულიად შეცვალა. 70-ზე მეტი ინდუსტრიის პროფესიონალი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, ამიტომაც შემოქმედებითი საზოგადოება მათ დასახმარებლად ძვირფას ნამუშევრებსა და კადრს მიღმა გამოცდილებებს ჰყიდის.
აუქციონი 23 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას ისეთი მსხვილი სტუდიები იღებს, როგორებიცაა Disney, Pixar, DreamWorks, LAIKA და Nickelodeon. AnimAID 700-ზე მეტ ნივთს აერთიანებს, რომლებიც ანიმაციის 90-წლიან ისტორიას ასახავს. როგორც უბრალო ფანებს, ისე კოლექციონერებს აქვთ შესაძლებლობა, ფსონი ნებისმიერ რაიმეზე დადონ, იქნება ეს ორიგინალი პერსონაჟების მაკეტები, იშვიათი კონცეპტუალური ნამუშევრები თუ სკეტჩები ისეთი კლასიკური ფილმებიდან, როგორებიცაა „მზეთუნახავი და ურჩხული“ და „მეფე ლომი“.
თითოეული ნივთის ფასი 1 დოლარიდან იწყება, რაც მიზნად ისახავს უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებასა და ფონდების მაქსიმალურად მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ Sotheby’s-მა გააუქმა თავისი საკომისიო, რათა შემოსავალი სრულად გადაერიცხოს დაზარალებულებს.