in

Disney-მ მენსტრუაციაზე, ჯერ კიდევ, 1946 წელს შექმნა საგანმანათლებლო ანიმაცია

გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, Disney „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ მსგავსი ვიზუალური მახასიათებლებით, მოკლე საგანმანათლებლო ანიმაციურ ფილმებს ქმნიდა. მათ შორისაა 1946 წელს გადაღებული The Story of Menstruation – ამბავი მენსტრუაციაზე, რომელიც ამ მოკლე ანიმაციური ფილმების სერიაში, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა და აქტუალობას არც დღეს კარგავს. The Story of Menstruation გამოსვლის პერიოდში 83-მა მილიონმა ამერიკელმა ქალმა ნახა.

Kotex-ის მიერ დაფინანსებულ ანიმაციურ ფილმში მშვიდი, ფორმალური, კლინიკური ენაა გამოყენებული. სიუჟეტი ერთი მხრივ, სამედიცინო ენაზე გვიხსნის, როგორ მუშაობს რეპროდუქციული სისტემა ქალებში, მეორე მხრივ კი, გოგოებს რჩევებს აძლევს, ტკივილის მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დისნეის მოკლე ფილმი ძირს უთხრის იმ პერიოდში გავრცელებულ სტერეოტიპებს. მთხრობელი ქალი, დისნეის ანიმაციური ფილმიდან, ბიოლოგიური აღწერის საფუძველზე, ცდილობს განუმარტოს მსმენელს, რომ მენსტრუაცია არის ერთ-ერთი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მოვლენა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ახასიათებს. გარდა ამისა, ანიმაციის შემქმნელები სკოლებში არიგებდნენ ბუკლეტებს სახელწოდებით – „პირადად შენი“, სადაც ანიმაციაში მოცემული ინფორმაცია მოკლედ და გასაგებად იყო დაწერილი.

ანიმაციურ ფილმში მოცემული ზოგიერთი დეტალი თანამედროვე მაყურებელში კითხვებს აჩენს. მაგალითად ის, რომ ვიდეოში სიტყვა რეპროდუქცია და სექსუალობა (შესაძლოა განგებ), არაა გამოყენებული და წითელი ფერის ნაცვლად, სისხლი  თეთრ ფერშია გამოსახული. ასევე, მთხრობელი გოგონებს მაკიაჟის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რათა არაფერი შეეტყოთ, მორალურად გაძლიერდნენ და სხვების თვალში ჭკვიანებად გამოჩნდნენ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დეტალები გასულ საუკუნეში გავრცელებული „ტაბუებისა“ და იდეოლოგიური პარადიგმების შედეგია და 21-ე საუკუნეს არ მიესადაგება.

შექმნეს ქსოვილი, რომელიც თქვენს გულისცემას მოისმენს

გონებრივი სავარჯიშოები არ ავითარებს ზოგად აზროვნებას