in

Disney-ისთან შეთანხმების შედეგად, TikTok-ის მომხმარებლებს კონტენტში ლეგენდარული პერსონაჟების გამოყენება შეეძლებათ

Lenovo
Lenovo

TikTok-მა Walt Disney Company-სთან მასშტაბური პარტნიორობა გამოაცხადა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარ ვიდეოებში Disney-ს ცნობილი პერსონაჟები და სცენები გამოიყენონ. შეთანხმების ფარგლებში, TikTok-ის მომხმარებლებს მალე ექნებათ წვდომა Disney-ს მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ აქტივებზე, რაც მათ მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების შექმნის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

რასაკვირველია, ეს შეთანხმება ორმხრივ სარგებელზეა აგებული. თავის მხრივ, Disney-ს ექნება უფლება, მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტი Disney+ აპლიკაციის მოკლე ვიდეოების ველში განათავსოს. პროექტი პირველ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, შემდგომ კი სხვა ბაზრებსაც მოიცავს. შედეგად, იმ კონტენტის ავტორთა ვიდეოები, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, ერთდროულად გამოქვეყნდება როგორც TikTok-ზე, ისე Disney+-ის პლატფორმაზე. ეს მოიცავს პერსონაჟებსა და ისტორიებს Pixar-ის, Marvel-ის, Star Wars-ის, FX-ისა და Disney-ს სხვა ცნობილი ბრენდებიდან.

ახალი შესაძლებლობები კონტენტის ავტორებისთვის

პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს სპეციალური ელჩების პროგრამის შექმნას, რომელიც გამორჩეულ კონტენტ-მეიკერებს საშუალებას მისცემს, მიიღონ სპეციალური ჯილდოები, აიმაღლონ ცნობადობა, დაესწრონ ექსკლუზიურ ღონისძიებებს და გაიარონ პროფესიული განვითარების გზა. ეს მრავალდონიანი პროგრამა ხაზს უსვამს Disney-ს მისწრაფებას, TikTok-თან პარტნიორობით მჭიდრო კავშირი დაამყაროს შემოქმედებითი ტალანტების ახალ თაობასთან.

ეს ნაბიჯი კომპანიის სტრატეგიული მცდელობაა, შეინარჩუნოს კავშირი მომხმარებელთა ახალ თაობასთან და ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ თუ შემოქმედებით ტენდენციებს.

ხელოვნური ინტელექტიდან TikTok-ის კომუნამდე

საინტერესოა, რომ გასული წლის დეკემბერში Disney-მ შემოქმედებითი პარტნიორობა გამოაცხადა OpenAI-სთან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ვიდეოგენერაციის აპლიკაციაში, Sora-ში, Disney-ს ლიცენზირებული პერსონაჟები გამოეყენებინათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც OpenAI-მ Sora-ს პლატფორმის შეჩერების შესახებ განაცხადა, Disney-მ აღნიშნული თანამშრომლობა 2026 წლის მარტში შეწყვიტა.

როგორც ჩანს, კომპანიამ გადააფასა თავისი პარტნიორობის შესაძლებლობები. ხელოვნური ინტელექტის მომავალსა და ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირების რისკებზე ფსონის დადების ნაცვლად, Disney-მ აქცენტი TikTok-ის კონტენტის ავტორებზე გააკეთა. ახალგაზრდა აუდიტორიაში პლატფორმის მაღალი პოპულარობის გამოყენებით, კომპანია ცდილობს საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას. ეს შესაძლოა ეფექტური გზა აღმოჩნდეს თანამედროვე ტენდენციებთან დასაკავშირებლად, ხოლო დრო აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენებს Disney ამ კონტენტს პრაქტიკაში.

წყარო: Socialmediatoday

Meta-მ პროგრამისტებისთვის ახალი AI-აგენტი “Muse Code” წარადგინა

საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის