in

ფილმებიდან თამაშებამდე – როგორ ცვლის Disney ბიზნესმოდელს

2026 წლის აგვისტოში Disney-მ ახალი ფილმები, თემატური პარკების ატრაქციონები და თამაშები დააანონსა. ბრენდმა “Frozen”, “Coco”, “Star Wars-ისა” და “Marvel-ის” კინემატოგრაფიული სამყაროს შესახებ არაერთი სიახლე გააჟღერა.

თუმცა ამ განცხადებების მიღმა უფრო დიდი სურათია – ეს იყო ერთგვარი წინასწარი ჩვენება იმისა, თუ სად აპირებს ახალი CEO, ჯოშ დ’ამარო, Disney-ს ფულის მიმართვას.

დ’ამარო, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დაახლოებით ხუთი თვეა, რაც გახდა, Disney-ს უფრო ეფექტიანად მუშაობასა და ხარჯების შემცირებას ცდილობს. ამავდროულად, ის ინვესტიციების იმ ინტელექტუალური საკუთრების გარშემო კონცენტრირებას გეგმავს, რომელსაც შემოსავლის გენერირება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეუძლია: კინოთეატრებში, Disney+-ზე, პროდუქციის გაყიდვებში, თემატურ პარკებსა და, სულ უფრო მეტად, ვიდეოთამაშებში.

ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც Disney კონტენტში სერიოზულ თანხებს ხარჯავს. მიმდინარე ფისკალურ წელს კომპანია კონტენტზე დაახლოებით $24 მილიარდის დახარჯვას გეგმავს და მომავალში ამ დანახარჯების ზრდასაც ელოდება.

ამავდროულად, Disney ხარჯების შემცირების შესაძლებლობებსაც ეძებს. ის ცდილობს შეამციროს შრომითი და ადმინისტრაციული ხარჯები, რათა პროდუქტიულობა გაზარდოს და ზრდისთვის დამატებითი რესურსი გაათავისუფლოს.

Disney-ს პარკები: ახალი ატრაქციონები და ნაცნობი ფრენჩაიზები

ცნობილ ფრენჩაიზებზე დაყრდნობა Disney-სთვის ახალი მიდგომა არ არის, თუმცა დ’ამარომ ამ სტრატეგიას მკაფიო ფინანსური ლოგიკა დაუკავშირა.

“Frozen 3” 2027 წელს გამოვა, მას მოჰყვება “Incredibles 3” 2028-ში, ხოლო “Coco 2” – 2029-ში.

თუმცა ამ პროექტების ცხოვრება კინოთეატრებით არ დასრულდება. Disneyland-ში პირველად Coco-ს თემატური ატრაქციონი შეიქმნება, ხოლო ფრენჩაიზი მომავალ ვიდეოთამაშში Kingdom Hearts IV-შიც გამოჩნდება.

Disney-ს პარკების განვითარების გეგმები ასევე მოიცავს Marvel-ისა და სხვა ცნობილი ფრენჩაიზების თემატურ ატრაქციონებს.

Disney-ს ინფორმაციით, Toy Story-ს ხუთმა ფილმმა გლობალურ კინოგაქირავებაში $4 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო Disney+-ზე მათ 2 მილიარდ საათზე მეტი ხანგრძლივობის ნახვები დააგროვეს. ფრენჩაიზი ყოველწლიურად $1 მილიარდზე მეტ საცალო გაყიდვებს აგენერირებს და Disney-ს თემატურ პარკებსა და საკრუიზო გემებზეც არის წარმოდგენილი.

დ’ამარომ ამ მოდელს “Disney-ს მბრუნავი ბორბალი“ უწოდა – ერთი ისტორია სხვადასხვა ბიზნესში ქმნის შემოსავალს: კინოში, სტრიმინგში, საცალო გაყიდვებსა და ფიზიკურ გამოცდილებებში.

AI ფილმების წარმოების დასაჩქარებლად

ეფექტიანობის გაზრდის პროცესში Disney ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს.

დ’ამაროს განცხადებით, AI-ს კომპანია უკვე სხვადასხვა სტუდიასა და მიმართულებაში იყენებს, მათ შორის Pixar-ში, Industrial Light & Magic-ში, Disney Research Studios-სა და Walt Disney Imagineering-ში.

ტექნოლოგია ეხმარება Disney-ს, ფილმების წარმოების გარკვეული ეტაპები უფრო სწრაფად გაიაროს. ასევე შესაძლებელია მეტი კონტენტის 3D და სხვა პრემიუმფორმატებში გადატანა და ვიზუალური ეფექტების გამოყენება ისეთ კადრებში, სადაც მათი შექმნა ადრე ზედმეტად ძვირი დაჯდებოდა.

თამაშები – Disney-ს შემდეგი დიდი მიმართულება?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა – ვიდეოთამაშები. ახლა კომპანია თამაშების დანარჩენ ბიზნესთან კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებას გეგმავს.

Disney-მ და Epic Games-მა “Millennium Falcon: Smugglers Run” დააანონსეს – პროექტი Disneyland-სა და Walt Disney World-ში არსებულ Star Wars-ის ატრაქციონს Fortnite-ში გადმოიტანს.

ამ ეკოსისტემაში Disney+-საც მნიშვნელოვანი როლი ექნება.

დ’ამაროს თქმით, კომპანია გეგმავს, სტრიმინგს ფილმებისა და სერიალების მიღმა ახალი ფუნქციები დაუმატოს და პლატფორმაზე თამაშები, პროდუქცია და სხვა გამოცდილებები გააერთიანოს. ამ გაფართოებული ეკოსისტემის პირველი ელემენტები 2027 წლის გაზაფხულიდან უნდა გამოჩნდეს. მიზანი მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოწერების გაუქმების შემცირება და თითოეული მომხმარებლისგან მიღებული შემოსავლის ზრდაა.

Disney-სთვის თამაშების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათ დამოუკიდებლად მომგებიანი ბიზნესის არსებობა არ სჭირდებათ. თამაშს შეუძლია ხელი შეუწყოს ფილმის პოპულარობას, გაზარდოს Disney+-ის გამოყენება, გააძლიეროს ფრენჩაიზი ან მომხმარებელი თემატურ პარკში მიიზიდოს. ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია, რომელიც ცნობილი ბრენდის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.

ახალი აპლიკაცია მესიჯებს მტრედის სისწრაფით აგზავნის

20 ტონამდე მეორადი საბურავი – „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა