in

Distillery — ქართული AI გენერატორი ტექსტებს ვიზუალებად აქცევს

Distillery — ასე ჰქვია კომპანია FollowFox-ის შექმნილ, Discord-ზე დაფუძნებულ გენერატორს, რომელიც ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე შესაბამის ვიზუალებს ქმნის. ხელოვნური ინტელექტით გატაცებული ადამიანების მცირე ჯგუფის მოდელი ახალ შესაძლებლობებს ქმნის მიმდინარე ტენდენციების ბაზარზე, კერძოდ, ციფრული ხელოვნების მიმართულებით.

ორი ქართველისა და ერთი ბრაზილიელის მიერ შექმნილი სისტემა Stable Diffusion-ზეა აგებული და ასე ვთქვათ, ახალი მოდელების მოსამზადებლად უფრო დიდ AI მოდელებს იყენებენ.

„FolloFox ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქუტებს, რომლებიც საზოგადოებაში მის გავრცელებასა და გამოყენებას უწყობს ხელს. Distillery ჩვენი გუნდის პირველი პროდუქტია — ის ტექსტუალურ ბრძანებებს აქცევს ვიზუალებად. ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა პარამეტრების მაქსიმალური კონტროლით, შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან ის ვიზუალური სტილი, რომელიც თავად სურთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველა მეთოდი თუ კოდი ღიად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის“, — განმარტავს თორნიკე ფხოველიშვილი, Distillery-ის თანადამფუძნებელი.

ამასთანავე, დასძენს, რომ ჯგუფის აზრით, ხელოვნური ინტელექტის მომავალი ღია კოდის ირგვლივ ტრიალებს. ამის გათვალისწინებით, ფუნქციურად ზრუნავენ ინფორმაციის ხელმისაწვდომად გაზიარებაზე, რათა უფრო მეტ ადამიანს მიეცეს მოდელის მარტივად გამოყენების შესაძლებლობა.

სტატიაში კი დეტალურად აგიხსნით, რა პრინციპით მუშაობს აღნიშნული პლატფორმა და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა.

პირველ რიგში, Distillery ოთხ განსხვავებულ მოდელს მოიცავს: Bloody Mary, SDXL, Vodka, და Screwdriver. თითოეული მათგანი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ერგება ტექსტურ ბრძანებას, რაც იმისკენაა მიმართული, რომ ზუსტად დააკმაყოფილოს ინდივიდების სურვილები. თანაც აქ კრეატორებს სრული კონტროლი აქვთ ციფრულად გენერირებულ ნამუშევრებზე: შეუძლიათ, ე. წ. ნეგატიური მოთხოვნები დაწერონ (ანუ რა არ უნდათ); შეცვალონ კონფიგურაციები, ასპექტების თანაფარდობა; დაარეგულირონ „ხმაური“ და აკონტროლონ საბაზისო სურათიც კი. ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს მხოლოდ საკუთარი ფანტაზია ზღუდავს — ტექნიკური მხარე მაქსიმალურად მორგებადია.

აქვე საგულისხმოა, რომ ქართული ავთენტურობისთვის Distilleryში ჩაინტეგრირებულ სტილთაგან ერთ-ერთია „ფიროსმანი“. უფრო კონკრეტულად, თუკი ტექსტური ბრძანების ბოლოში მომხმარებელი მიაწერს სააქტივაციო სიტყვას pirosmani, ვიზუალი აღნიშნული მხატვრის სტილში შეიქმნება.

ამ სიახლეში ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნა ერთ-ერთი მოწინავე მოდელი, რომელიც მაღალი დონის შესაძლებლობებით გამოირჩევა. შედეგად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნამდვილ ხელოვანად იქცეს, სხვადასხვა სტილში დააგენერიროს კომპოზიციები და მიიღოს ის, რაც უნდა. ეს ყველაფერი კი სულ რამდენიმე წამს საჭიროებს.

რაც შეეხება ღირებულებას, დღეში 10 გენერირება (ანუ 40 სურათი) უფასოა ყველასთვის.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს ჩვენი დისკორდის სერვერზე და ყველანაირად დავეხმარებით პლატფორმაზე ნავიგაციაში. მარკეტერთან თანამშრომლობის ფარგლებში, თუ 10 უფასო გენერირება არ იქნება საკმარისი სასურველი შედეგის მისაღებად, დახმარებასთან ერთად, დამატებით უფასო გენერაციასაც მოგანიჭებთ

გვინდა, რომ Distillery-ს აქტიური როლი ჰქონდეს საქართველოში ამ სფეროს განვითარებაში, ამიტომაც მზად ვართ, ნებისმიერ ქართულ კომპანიას უსასყიდლოდ გავუწიოთ კონსულტაცია და ვასწავლოთ. როგორ შეუძლიათ ვიზუალური ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საკუთარ საქმიანობაში“, — ამბობს თორნიკე.

„არქი მაიამი“ – ლიდერი დეველოპერული კომპანია აშშ-ში ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს

კომპიუტერული ბრენდის მრავალმილიარდიანი იდეა, რომელიც კაფეში დაიბადა