23
Jul
2018

დიზაინ სტუდია pragmatika: «გვინდა, ბრენდ აიდენტიკის კულტურა გავაძლიეროთ საქართველოში»

23 Jul 2018

„ჩვენ გვინდა, გავაძლიეროთ ბრენდ აიდენტიკის კულტურა საქართველოში ისე, რომ ერთ დღეს გავიზარდოთ საერთაშორისო დონემდე“, – „პრაგმატიკა“ არის დამოუკიდებელი დიზაინ სტუდია თბილისიდან, რომელიც ორიენტირებულია, უშუალოდ, ბრენდ აიდენტიკის მიმართულებაზე. ამჟამად, სტუდიაში მუშაობს 3 ადამიანი: დევიდ დრონი – ლოგო დიზაინერი და ანიმატორი, ანა გვაზავაგრაფიკული დიზაინერი და თაკო ჭაბუკიანი – არტ დირექტორი. როგორც „პრაგმატიკაში“ ამბობენ, ყველა კადრს აქვს თავისი სუპერძალა, რაც ქმნის დაბალანსებულ გუნდს.

ჩვენს სტუდიაში ფასობს დიზაინი, რომელიც არის არა მარტო ესთეტიკურად დამაკმაყოფილებელი, არამედ ჩამოყალიბებულია დიზაინ პრინციპებსა და სტრატეგიულ აზროვნებაზე დაყრდნობით. სტილი, რომლითაც ვმუშაობთ, ყველაზე კარგად და ლაკონიურად არის გამოხატული პრაგმატიკის ლოგოში: სერიფებიანი შრიფტი RGB ლურჯ ფონზე. ამ ურთიერთსაპირისპირო ელემენტების კომბინაციით, ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ პატივს ვცემთ კლასიკური დიზაინის სკოლას, მაგრამ ამავდროულად, ვქმნით ბრენდ აიდენტიკას, რომელიც მუშაობს დღევანდელ რეალობაში, – თაკო ჭაბუკიანი.

დიზაინ სტუდიის შექმნის იდეა თაკო ჭაბუკიანს ეკუთვნის და მარკეტერის ინტერესიც იმ საკითხებზე, რომელიც კომპანიის დაფუძნების საჭიროებას, სტუდიის ფუნქციონირების მოდელსა და სამომავლო გამოწვევებს უკავშირდება – მანვე დააკმაყოფილა:

M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ და რა მისიით შეიქმნა pragmatika?
ლონდონში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ლოგო დიზაინერ გია ბოხუას სტუდიაში მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. იმ ეტაპზე ეს იყო ჩემი ოცნების სამსახური. სტუდიაში მუშაობის პარალელურად, სოციალური მედიის საშუალებით, ვიღებდი ფრილანს შეკვეთებს, ძირითადად, უცხოური ბრენდებისგან. როცა სტუდია დაიხურა, მქონდა ორი არჩევანი: კრეატიული სააგენტო ან ფრილანსერობა. კრეატიული სააგენტოს იდეა მალევე გამოვრიცხე, რამდენადაც შემჩნეული მქონდა ერთი და იგივე ტენდენცია: სააგენტოებში მეტ ყურადღებასა და რესურსს მიმართავდნენ რეკლამაზე, რაც უარყოფითად მოქმედებდა დიზაინის ხარისხზე. ფრილანსერობას რაც შეეხება, არ აღმოჩნდა საკმარისად გონებრივად მასტიმულირებელი ჩემთვის. ასე შეიქმნა პრაგმატიკა, 2017 წელს. ჩვენი ზოგადი მისიაა, სისტემატურად შევქმნათ მაღალი ხარისხის, დეტალებზე ორიენტირებული დიზაინი, რომელიც გაუძლებს დროს.

M: როგორია სტუდიის სამუშაო მოდელი?
ნებისმიერი კარგი დიზაინი შედგება სამი კომპონენტისა და მათი ფრთხილი ურთიერთბალანსისგან. იმისთვის, რომ შეიქმნას ხარისხიანი დიზაინი, იდეას, ფუნქციონალს, ვიზუალს უნდა დაეთმოს თანაბარი ყურადღება. დიზაინის შექმნის პროცესში ყველა ეს კომპონენტი მოითხოვს სხვადასხვა ტიპის აზროვნებას: ლატერალურს, რომელიც კრეატიული იდეების გენერირებას ახდენს და ვერტიკალურს, რომელიც სწორხაზოვან აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. ჩვენ დიზაინის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე, პარალელურად, ორ რეჟიმში ვაზროვნებთ იმისთვის, რომ კრეატიული პროცესის საბოლოო შედეგი იყოს არა მხოლოდ ესთეტიკურად დამაკმაყოფილებელი, არამედ პასუხობდეს მოცემულობასაც.„იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი დიზაინ პრობლემა, უნდა დავაკვირდეთ უფრო დიდ კონტექსტს, რომელშიც ის არსებობს“, – მაიკლ ბეირუტი. ბრენდ აიდენტიკის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ეს გულისხმობს დიზაინ გადაწყვეტილების ვიზუალური გამოხატულების მიღებამდე იმ სფეროს შესწავლას, რომელშიც მოღვაწეობს შენი კლიენტი: იქნება ეს საბანკო სექტორი, სპორტული გუნდი თუ საშაურმე.

მხოლოდ კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება შეიქმნას ისეთი ბრენდ აიდენტიკა, რომლის შინაარსი და გარეკანი ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი დიზაინი სტილს სძენს შინაარსს და აქვს იმის პოტენციალი, რომ გაუძლოს დროს. ჩვენს დიზაინ პროცესში თანაბარი დრო ეთმობა კონტექსტის შესწავლასა და ვიზუალს.

პრაგმატიკაში არასდროს ვმუშაობთ ერთდროულად ორზე მეტ პროექტზე. ხარისხის კონტროლის მიზნით, ვეწინააღმდეგებით გაფართოების იდეას – მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია, გავიზარდოთ სიმაღლეში და არა სიგანეში.

M: თქვენი აზრით, რა ხდის „პრაგმატიკას“ უნიკალურს ბაზარზე?
ბრენდ აიდენტიკაზე ორიენტაცია – ასეთი ვიწრო ნიშა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მეტი ყურადღება მიექცეს დიზაინს და შესაბამისად, აქცენტი  დეტალებზე გაკეთდეს. დიზაინის პროცესში ხშირად კლიენტი მეტ დროსა და რესურსს უთმობს ლოგო დიზაინის ჩამოყალიბებას. ეს სერიოზული ჩავარდნაა ბრენდის გაშლის მიმართულებით და ძალიან უხეშ შეცდომად მიმაჩნია, რამდენადაც ლოგო აიდენტიკის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია და არაა საკმარისი იმისთვის, რომ შექმნას ერთიანი ეფექტური საკომუნიკაციო ენა. პრაგმატიკაში თანაბარი ყურადღება ეთმობა ლოგოს, ტიპოგრაფიასა და სტილის გაშლას.

M: „პრაგმატიკას“ პირველი კლიენტი…
1. ქართველი კლიენტებიდან, ერთ-ერთი პირველი მახსენდება „საქართველოს კაპიტალი“. ბრიფი იყო კოლხური თეთრის ლოგოდ ტრანსლირება ისე, რომ გამარტივებულიყო და უფრო მეგობრული სახე მისცემოდა. BGEO-ს ლოგო კონკურსში ჩვენმა ნამუშევარმა გაიმარჯვა. 2. La Cucina – მედიტერიანული რესტორნის ბრენდ აიდენტიკა.

3. „ლიბერთი“ (ალტერნატიული გამოუყენებელი ვერსია) – რედიზაინის მთავარი მიზეზი იყოს ის, რომ ძველი ლოგოტიპი არ მუშაობდა ორ ენაზე. ქართული ასო „სა“ და ინგლისური ასო “L -ის“ კომბინაციით, ჩვენ შევქმენით უნივერსალური, ორენოვანი მონოგრამა.

M: როგორ წარმოგიდენიათ „პრაგმატიკას“ მომავალი?
ბრენდ აიდენტიკის სფერო მუდმივად იცვლება და ვითარდება, შემოდის ახალი მედიუმები და გამოხატულების ფორმები. სამომავლოდ, ჩვენ ვაპირებთ, მეტი ექსპლუატაცია გავუწიოთ ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ვიდეო და ანიმაცია. ამასთან ერთად, მიზნად ისახება უცხოურ ფირმებსა და ვიწრო სპეციალისტებთან თანამშრომლობა.

პრაგმატიკას ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ:

www.facebook.com/pragmatikadesign
www.instagram.com/pragmatika_design

განხილვა