ბოლო პერიოდში ბიზნესკომპანიების ფლაერები ერთმანეთს უფრო და უფრო დაემსგავსა. მიზეზი 2026 წლის გრაფიკული დიზაინის ტრენდები კი არა, ტექნოლოგიაა. AI-თ გენერირებული ფლაერები ყველგან გამოჩნდა და ნელ-ნელა ანაცვლებს იმ „ხალხურ“ დიზაინს, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში Photoshop-სა თუ Microsoft Paint-ში საკუთარი ხელით ქმნიდნენ.
ახლა უკვე ყველა ბიზნესი AI-თ შექმნილი ვიზუალებით ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას. და მიუხედავად იმისა, რომ AI-გენერატორები თითქოს უსასრულო კრეატიულ შესაძლებლობებს გვთავაზობს, მათი შედეგების დიდი ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალო ხარისხისაა, ზოგიერთ შემთხვევაში კი იმდენად ხელოვნურად გამოიყურება, რომ განსაკუთრებით უხერხულ შედეგებს ვიღებთ AI-თ შექმნილ მენიუებსა და სხვა გამოსახულებებში.
სოციალურ მედიაში გრაფიკული დიზაინერები ცდილობენ, ბიზნესი ამ პრობლემის მნიშვნელობაში დაარწმუნონ.
სოციალურ მედიასა და უკვე ფიზიკურ სივრცეშიც გავრცელებული AI-ფლაერების რაოდენობა აჩვენებს, რომ ბევრი ბიზნესი ასეთ მასალას მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალებად აღიქვამს, მასალად, რომელმაც მომხმარებელს პროდუქტსა თუ სერვისზე უნდა მოუყვეს. არადა, ფლაერი ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას ბევრი რამის თქმა შეუძლია როგორც თავად ბიზნესზე, ისე მის უკან მდგომ ადამიანებზე.
დიზაინერების საპასუხო ტალღა უკვე აქტიურად მიმდინარეობს Instagram-სა და YouTube-ზე. ბოლო პერიოდში არაერთი პოსტი და ვიდეო გამოჩნდა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს როგორც AI-თ შექმნილი დიზაინის პრობლემებზე, ისე მის იაფფასიან და ერთფეროვან ვიზუალურ სტილზე, რომელმაც შესაძლოა მომხმარებლები დააფრთხოს.
დიზაინერები და ილუსტრატორები ინტერნეტში გავრცელებულ AI-ფლაერებსაც იღებენ და აჩვენებენ, თავად როგორ მიუდგებოდნენ იმავე დავალებას. შედეგად, მათი ვერსიები ხშირად უფრო გამორჩეული, თვალშისაცემი და ვიზუალურად თანმიმდევრულია.
ზოგიერთი დიზაინერი კი იმდენად დაიღალა უხარისხო AI-დიზაინის ნახვით, რომ ბიზნესებს პირდაპირ მოუწოდებს, საკუთარი ვიზუალური მასალები ნებისმიერი სხვა გზით შექმნან.
როგორც ჩანს, ნაწილმა ეს გზავნილი უკვე მიიღო. პარალელურად, სოციალურ ქსელებში ჩნდება მცირე ბიზნესების პოსტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ AI-ფლაერების ნაცვლად კომუნიკაციისთვის კალამსა და ქაღალდს გამოიყენებენ.
AI-ს მხარდამჭერები ამ ყველაფერს სხვაგვარად ხსნიან: მათი აზრით, ერთფეროვანი ფლაერების მიზეზი თავად AI კი არა, მისი არასწორად გამოყენებაა. გამოსავალი კი უკეთესი პრომპტების დაწერაა. თუმცა 1000-სიტყვიანი, დეტალური პრომპტის შემთხვევაშიც კი, რომელსაც გენერაციის რამდენიმე ეტაპი მოჰყვება, AI-თ შექმნილ გამოსახულებებს მაინც ეტყობა, რომ საშუალო სტატისტიკურ ვიზუალთან არის მიახლოებული.
AI-ს გამოჩენამდე ცუდად გაკეთებულ Photoshop-ს დასცინოდნენ და კლასიკური მიმი: “graphic design is my passion“ ყველაფერს ამბობდა, თუმცა სამოყვარულო დიზაინსაც კი ჰქონდა რაღაც, რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა – თუნდაც, საკუთარი ხასიათი. AI-ს შემთხვევაში კი ყველაფერი უბრალოდ საშუალოდ გამოიყურება, არც იქით და არც აქეთ.
ზოგიერთი ბიზნესისთვის ეს შეიძლება საკმარისი იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ბუნებრივი და ხელით შექმნილი დიზაინის დაბრუნების ტენდენცია ნელ-ნელა ძლიერდება.













