Instagram-ის ვიზუალური იდენტობის ცვლილებას დიზაინერების საზოგადოებაში ერთგვაროვანი რეაქცია არ მოჰყოლია. პლატფორმამ ახალი ლოგოტიპი და ვიზუალური სისტემა გლობალურ კრეატიულ სტუდია Koto-სთან თანამშრომლობით განაახლა, თუმცა ცვლილებამ არაერთი პროფესიონალის კრიტიკა გამოიწვია.
Instagram-ის ისტორია თავადაც არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით გამოირჩევა. პლატფორმა 2010-იანი წლების დასაწყისში ძირითადად დიზაინერებისა და დეველოპერების მცირე ონლაინსაზოგადოებით იყო ცნობილი, შემდეგ კი სწრაფად იქცა გლობალურ სოციალურ ქსელად. თავდაპირველად მისი კონცეფცია მობილური check-in აპლიკაციის სახითაც კი განიხილებოდა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებისთვის ფოტოების გაზიარება იყო. საბოლოოდ, სწორედ ფოტოების ფუნქცია აღმოჩნდა იმდენად პოპულარული, რომ პლატფორმის განვითარება სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა.
ეს ისტორია აჩვენებს, რომ Instagram-ის ვიზუალური და ფუნქციური იდენტობა არასოდეს ყოფილა ბოლომდე ჩამოყალიბებული. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ახალი ლოგოტიპიც, როგორც ბრენდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.
რატომ გახდა ახალი ლოგო საკამათო?

Instagram-ის ახალი wordmark ხელნაწერი და გეომეტრიული სტილის ელემენტებს აერთიანებს. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მკაფიო და მარტივად აღქმადი sans-serif შრიფტებისგან, რომლებიც ტექნოლოგიური კომპანიების ვიზუალურ იდენტობაში წლების განმავლობაში დომინირებდა.
ცვლილების ერთ-ერთი მთავარი იდეა სწორედ ამ ერთფეროვნებისგან დისტანცირებაა. თუმცა განსხვავებული დიზაინი ავტომატურად წარმატებულს არ ნიშნავს.
კრიტიკის მთავარი ობიექტი ასო “r“ გახდა. დიზაინერების ნაწილის შეფასებით, მისი ფორმა საკმარისად მკაფიო არ არის და სიტყვა Instagram-ის სწრაფად აღქმას ართულებს. ბევრისთვის ის z-ს ჰგავს, რის გამოც wordmark-ის პირველი აღქმა ზოგიერთისთვის Instagzam-თან ასოცირდება.
სხვა დიზაინერები კი მიიჩნევენ, რომ sans-serif-ისა და ხელნაწერი სტილის ერთმანეთთან შერწყმა ზედმეტად უცნაურ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. მათი აზრით, თუ ბრენდს წარსულისგან მკვეთრი დისტანცირება სურდა, უკეთესი იქნებოდა მთლიანად ახალი ტიპოგრაფიული მიმართულების არჩევა, ხელნაწერი ელემენტების გარეშე.
საქმე მხოლოდ ესთეტიკაში არ არის
ახალი ლოგოს მიმართ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკა ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
ტიპოგრაფიის რთულმა ფორმებმა შესაძლოა გარკვეული მომხმარებლებისთვის ტექსტის აღქმა გაართულოს. შესაბამისად, დიზაინის შეფასებისას მხოლოდ ვიზუალური ორიგინალურობა აღარ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად მარტივად იკითხება და აღიქმება ბრენდის სახელი სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ლოგო ცალკე არ უნდა განიხილებოდეს
ახალი Instagram-ის შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი სწორედ კონტექსტია.
პლატფორმას მხოლოდ wordmark არ შეუცვლია. განახლდა მთლიანად ვიზუალური სისტემა, მათ შორის ახალი შრიფტები: Instagram Pen და Instagram Mono, შეიცვალა sans-serif ტიპოგრაფია, განახლდა მოძრაობისა და განლაგების პრინციპები და კონტენტისთვის უფრო მეტი ვიზუალური სივრცე გამოიყო.
Instagram-ის ახალი იდენტობა მთლიან ეკოსისტემად არის შექმნილი, სადაც ფოტოგრაფიული ენა, ჩარჩოები, ანალოგური ფოტოგრაფიით შთაგონებული სინათლის ეფექტები და სხვა დეტალები ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
ამ კონტექსტში ახალი wordmark-ის ხელნაწერი ელემენტებიც უფრო გასაგები ხდება. მისი მიზანი მხოლოდ ტექსტის სახით ბრენდის სახელის ჩვენება კი არა, პიროვნული და კრეატიული ხასიათის დამატებაა, რომელიც გეომეტრიულ ფორმებთან ერთად გამოიყენება.
სწორედ ამიტომ, კრიტიკის პარალელურად, ახალი ლოგოს მიმართ საკმაოდ ბევრი დადებითი შეფასებაც გაჩნდა.
დიზაინის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ Instagram-მა შეძლო ძველი იდენტობის ძირითადი ხასიათის შენარჩუნება და, ამავე დროს, მისი თანამედროვე ვიზუალურ ენასთან დაკავშირება. რადიკალურ ცვლილებას, შესაძლოა, ბრენდის ცნობადობა დაეზიანებინა. Instagram-ის შემთხვევაში განახლება უფრო ევოლუციას ჰგავს, ვიდრე წარსულის სრულად უარყოფას.
მაშ რეალურად, რაზეა დავა?
ეს დებატი რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას აერთიანებს: რამდენად უნდა იყოს ლოგო წაკითხვადი, რამდენად შეიძლება ბრენდმა პრიორიტეტი მიანიჭოს ინდივიდუალურობას და რამდენად სწორია ლოგოს ცალკე შეფასება?
აქ უნივერსალური სწორი პასუხი არ არსებობს. დიზაინში გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი სწორედ ამ ბალანსის პოვნას გულისხმობს – ფუნქციურობასა და ესთეტიკას, ცნობადობასა და სიახლეს, ხელმისაწვდომობასა და ინდივიდუალურობას შორის.
ამ თვალსაზრისით, Instagram-ის ახალი იდენტობის გარშემო აზრების მკვეთრი გაყოფა, შესაძლოა, სულაც არ იყოს ცუდი შედეგი. პირიქით, ის აჩვენებს, რომ ბრენდის დიზაინმა პროფესიულ საზოგადოებაში რეალური დისკუსია გამოიწვია და სწორედ ასეთი დისკუსია ხშირად ძლიერი ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა.













