დიზაინერები იმ მომავლის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც აწმყოსგან განსხვავდება. ახლა, როცა ახალი წელი უკვე დაიწყო, მსოფლიოს ცნობილი დიზაინერები საუბრობენ, რისი ხილვა სურთ მათ 2023-ში. ქვემოთ მოცემულია მათი პასუხები, იმედებით და ჯანსაღი სკეპტიციზმით სავსე.
ახალი მიდგომები შეფუთვასთან დაკავშირებით
„როგორც ჩანს, ცვლილება მცირეა, მაგრამ მინდა, ჩვენმა მომწოდებლებმა შეწყვიტონ ამდენი შეფუთვის გამოყენება. მაგალითად, მოდის ინდუსტრიაში გარკვეული ღირებულების ჩანთების შესაფუთად პლასტმასას და ქაღალდს იყენებენ, რათა ტყავი, შესაკრავი და სხვა დეტალები დაზიანებისგან დაიცვან. ჩვენ კი შესაფუთი ნარჩენების შემცირების გზა ვიპოვეთ — ყველამ უნდა გააანალიზოს, რამდენად აუცილებელია შეფუთვების აუცილებლობის გადააზრება და მათი შემცირება. თუ საკმარისი რაოდენობის ბრენდები გააკეთებენ ამას, მომწოდებლებს სხვა არჩევანი არ ექნებათ და ასე გახდება ინდუსტრია უფრო ელასტიკური“, — მოდის დიზაინერი რებეკა მინკოფი.
უფრო ცხოვრებისეული დიზაინის პროცესი
„რაც უფრო მეტად ვმუშაობ დიზაინერად, მით უფრო მესმის ცვლილებების მასშტაბი, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს. ჩვენი, როგორც დიზაინერების, მოვალეობაა, ვიყოთ ოპტიმისტები, მაგრამ ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადასაჭრელად, მონაცემებზე ორიენტირებულობაც უნდა შევინარჩუნოთ. ვისურვებდი, რომ ცხოვრებაზე ფოკუსირებული დიზაინი ახალ პარადიგმად იქცეს — სწორედ ეს არის 2023 წლის დიდი მისია. დიზაინერებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ… მათ აქვთ ძალა, ადამიანებს სხვანაირი ცხოვრებისკენ მოუწოდონ. და როდესაც პრაქტიკის ცენტრში მთელ ცხოვრებას ვაყენებთ, ნაცვლად მხოლოდ ადამიანებისა, თანაგრძნობის განცდა ფართოვდება (მაგალითად, ეკოსისტემების კონტექსტზე). ამის შედეგია, რომ 160-მა ქვეყანამ დაიწყო პლასტმასას დაბინძურების საწინააღმდეგო პროექტების გატარება. ესაა სიმბოლო იმისა, თუ სად უნდა წავიდეთ“, — ბრიუს მაუ, დიზაინერი.
მეგობრული AI
„ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ნაწილი იმაზე ფიქრს გულისხმობს, თუ შეუძლია UX-ის ახალ ინოვაციებს ცვლილებების გამოწვევა უფრო ფართო კონტენტის ეკოსისტემაში. მაგალითად, როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებულმა ახალმა გამოცდილებამ განსხვავებულ კრეატიულობას ჩაუყაროს საფუძველი. რა თქმა უნდა, ბოლოდროინდელ დიდ სიახლედ ChatGPT მოგვევლინა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ძირითად ტექნოლოგიას არ წარმოადგენს — LLM-ები უკვე დიდი ხანია არსებობს და ChatGPT არ ემყარება რაიმე ახალ მიდგომას. უბრალოდ, ამ უკანასკნელის ნამდვილი ინოვაცია მომხმარებლის გამოცდილებაში მდგომარეობს.
რეალურად თუ შევაფასებთ, OpenAi-იმ ჩეთბოტებთან კომუნიკაციის ახალი გზა შექმნა — ასე გაცოცხლდა ბუნებრივი ენა, როგორც მოწინავე ტექნოლოგიების ნამდვილი ინტერფეისის გამოყენების შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზა აქ მთავრდება, პირიქით, ის უფრო დიდ კითხვებს ბადებს: რა არის საუკეთესო გზა ადამიანებისა და AI-ის დასაკავშირებლად? როგორ შეუწყობს AI ხელს შემოქმედებას? და როგორ შეიძლება ამ გამოცდილების განვითარება? ვიმედოვნებ, რომ უამრავ ინოვაციას ვიხილავთ“, — კლიფ კუანგი, Google-ის პერსონალის უფროსი დიზაინერი და მომხმარებლის გამოცდილების ავტორი.
სიხარულით სავსე მეტი ტექნიკური პროდუქტი
„როდესაც პროდუქციის დიზაინზე ვფიქრობთ, მჯერა, რომ სიხარული ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება. გასულმა რამდენიმე წელმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი მუშაობის, ურთიერთობისა და ურთიერთქმედების გზა და ციფრული სამყაროს უპირატესობებს თუ ნაკლოვანებებს გაუსვა ხაზი. საკითხავია, როგორ შეგვიძლია ფიზიკური გამოცდილება ციფრულად გარდავქმნათ და ერთგვარი უფსკრული შევავსოთ“, — ჯენი ვენი, პროდუქტის დიზაინის მენეჯერი.
ერთად ყოფნის განცდა
„პანდემიის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. ახლა კი დროა, ჩინეთში ყველა შეზღუდვა მოიხსნას. ეს არის კიდევ ერთი გზა იმის აღიარებისთვის, რომ პანდემია დასრულდა და „ახალი წესრიგი“ დამყარდება, რადგან არაფერი იქნება ძველებურად — მან მთელი მსოფლიო შეცვალა. ვფიქრობ, ამ ახალ 2023 წელს ადამიანები ერთად უფრო იქნებიან, ვიდრე ცალ-ცალკე, დროის, სივრცისა და ღირებულებების თვალსაზრისით. არქიტექტურა კი უფრო სულიერ ფუნქციას შეასრულებს და ამ „გაერთიანების“ ადგილად იქცევა. ამავდროულად, ბუნებასთან სინთეზში ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ეკოლოგიურ საკითხებზე ზრუნვიდან გამომდინარე“, — მა იანსონგი, MAD Architects-ის დამფუძნებელი.
უფრო სამართლიანი დიზაინის პროცესები
„სასიამოვნოა იყო იმ პროფესიის ნაწილი, რომელსაც შეუძლია, მომავალზე იქონიოს გავლენა. იმედი მაქვს, რომ 2023 წელს დიზაინის ყველა მხარე — პრაქტიკოსები, პედაგოგები, მწარმოებლები — გაერთიანდებიან, რათა პროფესიაში სამართლიანი წარმომადგენლობა და კარგი დიზაინის თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ ჩვენი მსოფლიოს ყველა კუთხეში“, — ჰოი ვო, ამერიკული ინტერიერის დიზაინერების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი.













