30
Nov
2019

Dizaini.ge – ქართული პორტალი დიზაინისა და არქიტექტურის შესახებ

30 Nov 2019

Startauperi
Startauperi


Dizaini.ge ქართული პორტალია დიზაინისა და არქიტექტურის შესახებ. ვებგვერდზე წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი დიზაინერების თუ არქიტექტორების პორტფოლიოები და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, აქვს შეფასების სისტემა. ნამუშევრები დაყოფილია კატეგორიების მიხედვით, რაც მათ ძებნას ამარტივებს.

პორტალის დამფუძნებელი გივი ახვლედიანი ამბობს, რომ მოწონების შემთხვევაში, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, სასურველ არქიტექტორს ან დიზაინერს შუამავლის გარეშე დაუკავშირდეს.

გივი ახვლედიანი: Dizaini.ge-ზე მითითებულია დიზაინერებისა და არქიტექტორების საკონტაქტო ნომრები, სოც. ქსელისა და ვებგვერდის მისამართები. ჩვენი სტარტაპის ერთ-ერთი ხიბლი ის არის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელია და თვითონ მომხმარებელი აფასებს ნამუშევრებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად შეუძლიათ განცხადების ატვირთვა და ამისთვის დამატებითი ოპერაციები საჭირო არ არის. პლატფორმაზე, ნებისმიერი დიზაინერი, არქიტექტორი, ორგანიზაცია, თუ ფიზიკური პირი განათავსებს ნამუშევრებს. მთავარია, არ იყოს პლაგიატი და კონტექსტიდან ამოვარდნილი.

რატომ გადაწყვიტეთ ამ პორტალის გაკეთება?

გ.ა. : სერიოზული პრობლემა იყო ამ სფეროში პროფესიონალების და მათი პორტფოლიოების მოძიება. არ არსებობდა ერთიანი სივრცე და მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე უწევდათ ამ ინფორმაციის შეგროვება. უბრალოდ არ გვქონდა პლატფორმა, სადაც ყველა დიზაინერისა და არქიტექტორის ნამუშევრები იქნებოდა თავმოყრილი და თემატიკის მიხედვით დალაგებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ Dizaini.ge-ის შექმნით, მომხარებელს გავუმარტივეთ სასურველი ინფორმაციის მოძიება. აქ ძალიან ადვილია განცხადების დამატება და ძებნის პროცესი- ნიშნავთ კატეგორიას, რომელშიც ნამუშევარი ჯდება. და როცა ძიებისას, კონკრეტულ პარამეტრს უთითებთ, შესაბამის კატეგორიაში თავმოყრილ ყველა ნამუშევარს გიჩვენებთ – თუ ვეძებთ „საძინებელს“, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ „საძინებლის“ კატეგორიაში არსებული ინფორმაცია და არა – ვთქვათ, „სამზარეულოები“.

რა სარგებელს მოუტანს Dizaini.ge მომხმარებლებს, არქიტექტორებს და დიზაინერებს?  

გ.ა. : პირველ რიგში, მომხმარებლები მარტივად იპოვიან ზუსტად იმ ნამუშევრებს, რაც მათ სჭირდებათ. საუბარია არა მხოლოდ ქართველ არქიტექტორებსა და დიზაინერებზე, Facebook პლატფორმაზე უცხოელების ნამუშევრებიც არის განთავსებული. მოწონებისა და სურვილის შემთხვევაში კი, შეუძლიათ, თავად დაუკავშირდნენ ავტორებს. ვებგვერდზე არის ხელოსნების შესახებ ინფორმაციაც. რაც შეეხება დიზაინერებსა და არქიტექტორებს, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას თავიანთი ნამუშევრები წარუდგინონ. Dizaini.ge-ზე პორტფოლიოების განთავსება ყველას შეუძლია – როგორც ცნობილ, სფეროს წამყვან პროფესიონალებს, ისე დამწყებ, ახალბედა დიზაინერებსა და არქიტექტორებს.

როგორც აღნიშნეთ, მსგავსი პლატფორმა და ერთ სივრცეში თავმოყრილი ასეთი ინფორმაცია აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო. დიდი ინტერესია Dizaini.ge-ის მიმართ?

გ.ა. : დაახლოებით, 7-8 თვეა, რაც აქტიურად ვმუშაობთ. მანამდე, პორტალი სატესტო რეჟიმში იყო. გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ კიდეც, ხარვეზები გამოვასწორეთ და კიდევ უფრო დავხვეწეთ ვებგვერდი. ახლა Facebook page-თან ერთად, რომელიც დამხმარე გვერდია, 13 000 მომხმარებელი გვყავს. ეს მონაცემები მზარდია, ინტერესი – საკმაოდ დიდი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს?

გ.ა. : თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რომ პირველ ეტაპზე, დაახლოებით, ერთი წელი პორტალი აბსოლუტურად უფასო უნდა ყოფილიყო. და ასეც არის. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ფასიანი კონტენტისა და სერვისის დამატებას, როგორც სტატიკური ბანერების, ისე Vip განცხადებების კატეგორიის სახით. ამ უკანასკნელ ველში განთავსებული ნამუშევრები მუდმივად საწყის პოზიციაზე რჩება. ბუნებრივია, იქნება, ჩვეულებრივი, უფასო კონტენტიც. ახლა, თემატურ პორტალებს შორის, მე-9, მე-10 ადგილზე ვართ. გვინდა, წლის ბოლომდე, სამეულში გადავინაცვლოთ.

 

განხილვა