in

რა მნიშვნელობა აქვს დიზაინს ცირკულარულ ეკონომიკაში

კონსუმერიზმის ეპოქაში ცირკულარული ეკონომიკა სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება და ეს პროცესი ალბათ უკვე შეუქცევადია. ეს არის ეკონომიკის მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას. მსოფლიო ნელ-ნელა იაზრებს, რომ ნებისმიერი პროდუქტი ისე უნდა შეიქმნას, რომ მისი გამოყენება დიდხანს შეგვეძლოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის შეკეთებას ექვემდებარებოდეს, ან განახლებას, რაც მის გადამუშავებასა და ახალ რესურსად ქცევას გულისხმობს. არსებული ეკონომიკის ცირკულარულ მოდელად გადააზრების პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მწარმოებლების, ისე მომხმარებლების როლი. 

ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები

იმისთვის, რომ ცირკულარული ეკონომიკა განვითარდეს, გარკვეული პრინციპებზე შეთანხმებაა საჭირო საჭირო. ესენია მაგალითად:

  • რესურსების მოპოვება, რაც ცირკულარულ ეკონომიკაში არა ბუნებრივ რესურსს, არამედ გადამუშავებულ/განახლებულ რესურსს მოიცავს;
  • დიზაინი, რაც გულისხმობს ფოკუსირება გამძლეობაზე, ადაპტირებასა და ხელახალი გამოყენების შესაძლებლობაზე; 
  • შენარჩუნება და შეკეთება – ბიზნესის ინიციატივა, რომ გაფუჭებული პროდუქტი გადაგდების ნაცვლად შეაკეთონ და გამოიყენოთ ან იმავე ან სხვა მიზნით;
  • განახლება და ხელახლა გამოყენება;
  • გადამუშავება – მასალის დაშლა ახალი პროდუქტის ან მასალის შესაქმნელად;
  • წრიული მიწოდების ჯაჭვები – გულისხმობს განახლებადი, ბიოდეგრადირებადი ან გადამუშავებული მასალების გამოყენებას წარმოების პროცესებში;
  • ენერგიის მოპოვება – იმ შემთხვევებში, როდესაც მასალების ხელახლა გამოყენება ან გადამუშავება შეუძლებელია, ხდება ენერგიის მოპოვება ნარჩენებისგან.

ცირკულარული ეკონომიკის ეტაპები და განსხვავება წრფივი ეკონომიკური მოდელისგან

ფოტო: წრფივი და ცირკულარული მოდელების შედარება. CENN

 

დიზაინი, როგორც გადააზრების ეტაპი

სანამ დიზაინის როლზე ვისაუბრებთ ცირკულარულ ეკონომიკაში, ორიოდე სიტყვით შევჩერდებით თავად დიზაინის ახსნაზე. ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა, ვიღაცის მიერ არის შექმნილი: შენობები იქნება ეს, ტანსაცმელი თუ ნებისმიერი პროდუქტი. მისი შექმნის მიზანთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგიც, თუ რა ზიანს ან სარგებელს მოუტანს ბუნებას ის. 

სწორედ აქ შემოდის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები, რომლებიც ორიენტირებულია ნარჩენების აღმოფხვრაზე, მასალების ხელახალ გამოყენებასა და ბუნების რეგენერაციაზე, ანუ აღდგენაზე. სამწუხაროდ, პროდუქტების უმეტესობა დღესდღეობით სწორხაზოვანი მოდელით იქმნება და არა წრიულით. ამიტომ, თანამედროვე სამყარო ითხოვს დიზაინის გადააზრებას და გვთავაზობს ამის ეტაპებსაც. ესენია:

  • გაგება – მომხმარებლის, თანამედროვე გამოწვევების და სისტემების გაცნობა
  • დიზაინის შესაძლო გამოწვევების განსაზღვრა პროდუქტის შექმნისას
  • შექმნა – სხვადასხვა ვერსიისა და ალტერნატივების შემუშავება
  • გაშვება – უკვე მზა პროდუქტის გატანა მომხმარებელთან

დიზაინის პროცესის ყველა ეტაპზე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მომხმარებლის საჭიროებები, არამედ ჩვენი პროდუქტის გავლენა გარემოზე. სწორედ ამას ჰქვია ცირკულარული დიზაინი და მისი გააზრება/გაანალიზება გვეხმარება სტრატეგიების მოფიქრებაში და საუკეთესო ალტერნატივების განვითარებაში ყველასათვის – ადამიანებისა და გარემოსთვის.

პროდუქტიდან სერვისამდე

სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი შეიძლება იყოს პროდუქტის გარდაქმნა სერვისად. არსებობს პროდუქტები, რომელთა დაბრუნებაც შესაძლებელია მწარმოებელთან და ბიზნესმა უნდა უზრუნველყონ ამის შესაძლებლობა.

პროდუქტის ხანგრძლივობა

პროდუქტის სიცოცხლის გახანგრძლივება საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს ის რაც შეიძლება დიდხანს, რაც წრიული ეკონომიკის სამი ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთია. ის საჭიროებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა პროდუქტი მოერგოს მომხმარებლის ცვალებად საჭიროებებს დროთა განმავლობაში. 

მასალა

რა მასალები უნდა გამოვიყენოთ ნივთების შესაქმნელად? ეს კითხვა მუდამ აქტუალურია. ყველა მასალა არ არის შესაფერისი წრიული ეკონომიკისთვის. ზოგიერთი შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც სახიფათოა ადამიანისთვის ან გარემოსთვის. უსაფრთხო მასალების არჩევით, თქვენ ქმნით საუკეთესო შეთავაზებას მომხმარებლისთვის.

დემატერიალიზაცია

ეს რთული სიტყვა, რეალურად, მარტივად იშიფრება – იპოვეთ ისეთი გადაწყვეტა წარმოებაში, რომელიც დაგეხმარებათ რესურსების შემცირებაში. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური საგნების ნაცვლად ვირტუალურ პროდუქტზე გადასვლა. Spotify და Netflix ამ მიდგომის კარგი მაგალითებია.

მოდულარული დიზაინი

ეს კი არის მეთოდი, როდესაც შეგიძლიათ, თქვენივე წარმოებული ნივთები ხელახლა გამოიყენოთ ახლის დასამზადებლად ან მოცემული ნივთი განაახლოთ ისე, რომ მისი თავიდან მოხმარება სრულიად შესაძლებელი გახდეს.

ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, მომავლის დიზაინის პრინციპებს ეფუძნება. ის წრიული ეკონომიკის ცენტრია, რომელიც კარნახობს წარმოებას, როგორ უნდა შეიქმნას, შეიცვალოს ან განადგურდეს პროდუქტები. ცირკულარული დიზაინის დამკვიდრება ხელს შეუწყობს მდგრად, ეფექტურ და გამძლე მომავალს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ქმნის.

სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ცირკულარობის კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

[R]

ინვესტირება უძრავ ქონებაში: როგორ ამოვიცნოთ მომგებიანი პროექტი

Bidspace.ge – ქართული ციფრული პლატფორმა, სადაც ბილეთების ყიდვასა და გაყიდვას შეძლებთ