11
Feb
2020

ინდივიდუალიზმის ხაზგასმა სარეკლამო სტუდია BRID-ის ნამუშევარში – ანუ Dizen-ის ბრენდინგი

11 Feb 2020

„დიზენი“ ახლად დაარსებული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ავეჯს, აქსესუარებსა და ინტერიერისათვის საჭირო სხვადასხვა მასალას (მაგ.ფილები, შპალერი და ა.შ) სთავაზობს. ყველაფერს, რაც ბინის მოპირკეთებისა და მოწყობისათვისაა საჭირო.

სარეკლამო სტუდია „ბრიდმა“ „დიზენის“ სახელწოდების შერჩევაზე (ნეიმინგზე), ლოგოსა და ბრენდინგზე იმუშავა. და როგორც სააგენტოში აცხადებენ, კომპანიის სრული ბრენდინგის შექმნა მარტივი საქმე არ არის. ეს რომ გააკეთო, პირველ რიგში, აუცილებელია დამკვეთთან ყველა დეტალის გავლა იმისათვის, რომ მიხვდე, კლიენტს რა სურს.

ლუკა მიქელაძე, „დიზენის“ დირექტორი: „მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდით, რა სეგმენტი და რა პოზიცირება უნდა ჰქონოდა ახალ ბრენდს, ეს არ იყო მარტივი დავალება, რადგან საკმაოდ ბევრი კომპანია მოღვაწეობს ჩვენს სფეროში და ადვილად აღქმადი, დამახსოვრებადი და ამავდროულად, შინაარსის მქონე ბრენდირება, ვფიქრობ, რომ რთული უნდა ყოფილიყო“. 

თანამშრომლობის დეტალებსა და სამუშაო პროცესზე BRID-ის არტ დირექტორი, ია დარახველიძე გვიყვება: „სწორი ბრიფის ჩამოყალიბების შემდეგ, სააგენტოში ბრენდის სტრატეგია, შემდეგ კი, ბრენდის იდენტობა იქმნება. „დიზენის“ შემთხვევაში, დავალების სწორად ფორმულირების პრობლემა არ გვედგა და შესაბამისად, კომპანიასთან თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა – დახვეწილი და ხარისხზე ორიენტირებული ბრენდის პოლიტიკა ასეთსავე ბრენდინგს ითხოვდა.

ჯერ სახელი მოვუფიქრეთ – Dizen / დიზენი.„დიზენი“ ინგლისური სიტყვაა და მორთვას, მოწყობასა და გალამაზებას ნიშნავს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანია საერთაშორისო ბაზარზეც ასპარეზობს, მის სახელი მარტივად დასამახსოვრებელი და საქმიანობასთან თანმხვედრი უნდა ყოფილიყო. ამასთან ერთად, ფონეტიკური სიმარტივეც უნდა ჰქონოდა, რომ გამოსათქმელადაც და დასამახსოვრებლადაც ნებისმიერისთვის ადვილი ყოფილიყო.

შემდეგი ეტაპი ვიზუალური კონტენტის შექმნა იყო. ლოგოზე მუშაობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

გადავწყვიტეთ, რომ „დიზენის“ ლოგო ტიპოგრაფიული ყოფილიყო, რომელიც ძლიერი და დახვეწილი ხასიათის მატარებელი იქნებოდა. თუმცა, როცა ვიზუალურ კონტენტს ქმნი, ხასიათის გარდა, სხვა რამეც უნდა გაითვალისწინო. ამ სხვა რამეს, პირობითად, მთავარი გმირი დავარქვათ.

ჩვენი მთავარი გმირი წითელი ხაზი იყო, რომელიც „დიზენის“ ვიზუალურ კონტენტში მუდმივად გვხვდება. ეს წითელი ხაზი ბრენდის მხრიდან, თითოეული მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური და ორიგინალური მომსახურების გაწევას გამოხატავს.

ბრენდინგის ფერადაც წითელი ავირჩიეთ. ინტენსიური წითელი, ერთი მხრივ, მთავარი ელემენტის – წითელი ხაზის მნიშვნელობას გამოკვეთს და ასევე, ბრენდის ძლიერ და ენერგიულ ხასიათაც უსვამს ხაზს.

„დიზენის“ ბრენდინგზე ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. საშუალოდ, ეს დრო გვჭირდება, რომ ვთქვათ, ორ დღეში მოფიქრებული იდეები დავხვეწოთ, დავალაგოთ და იმ ფაზამდე მივიყვანოთ, რომ შედეგით დამკვეთიც და ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ“. იმისთვის, რომ ასეთი სამუშო შესრულდეს, სამი რამაა მთავარი: „კლიენტისგან სწორი ინფორმაციის მიღება, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის უშუალო და მეგობრული ურთიერთობის დამყარება და ყველაზე მთავარი – ისეთი რეპუტაციის შექმნა, რომ დამკვეთი ბოლომდე გენდოს. ასეთ რეპუტაციას კი, სწორედ შენ მიერ შესრულებული დაკვეთის ხარისხი განაპირობებს“, – განმარტავს ია დარახველიძე.

// Credit //
Client // Dizen
Art Director & Graphic Design // Ia Darakhvelidze
Graphic Design // Mariam Tevzadze
Copywriter // Nika Garsenishvili, Vakho Davitashvili
Animation // Gigi Meburishvili
3D Modeling // Rhea Mamatsashvili

განხილვა