17
Nov
2017

#თაობა: DJ Babba – ამერიკული კულტურა და საცეკვაო მუსიკა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა

17 Nov 2017

საცეკვაო მუსიკა და მის ირგვლივ არსებული კულტურა ხშირად ივიწყებს პიონერებს, რომელთა გარეშეც დღეისთვის ვერ იარსებებდა ვერც განვითარებული სფერო და ვერც უამრავი საინტერესო DJ/პროდიუსერი, რომლებიც კვლავ საკმაოდ აქტიურები არიან. გლობალური ტრენდისგან არც საქართველო განსხვავდება და ხშირად მნიშვნელოვანი ფიგურები და მათი საქმე იგნორირებულია უფრო ფართო აუდიტორიისთვის. #თაობა წარმოგიდგენთ ინტერვიუს თბილისის პიონერ DJ/სელექტორთან, მუსიკალურ მაღაზია „კაფსულას“ დამფუძნებელთან და DJ კურსის ავტორთან – DJ Babba-სთან.

M: პირველ რიგში, გაეცანი ჩვენს მკითხველს, მოკლედ შენ შესახებ…

მე ვარ ალბერტ არაქელოვი – DJ Babba. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში. ვარ მელომანი, დიჯეი, ასევე ვარ დაინტერესებული მუსიკის ისტორიით და მუსიკალური ტექნოლოგიებით. წარსულში ღონისძიებებისა და ფესტივალების თანაორგანიზატორი.

M: პირველად როდის გაგიჩნდა მუსიკისადმი აქტიური ინტერესი და იყო თუ არა ეს თავდაპირველადვე ელექტრონული მუსიკა?

მუსიკა ბავშვობიდან მესმოდა სახლში, ჩემს უფროს  ძმას ჰქონდა სტერეო სისტემა, მუსიკალური კოლექცია ფირფიტებზე, ასევე  დიდ და პატარა აუდიო კასეტებზე. ის საკმაოდ კარგად ერკვეოდა ელექტრო ტექნიკაში და დაინტერესებული იყო აუდიო მოწყობილობების გადაკეთებით, გაუმჯობესებით.

მუსიკალური კოლექციის დიდი ნაწილი შედგებოდა 80-90-იანი წლების როკით, ასევე დასავლური პოპ-ჟღერადობით და რუსული მოდური საცეკვაო მუსიკით. ჩემი ძმის მუსიკალური კუთხე ჩემთვის იყო პირველი სასიამოვნო და საიდუმლო სივრცე, განსაკუთრებით მაშინ როცა ის “ენიგმას” უსმენდა.

16 წლის ასაკში უკვე მე თვითონ დავინტერესდი მუსიკით. ამ პერიოდში რუსთავში ვცხოვრობდი, სადაც ოჯახთან ერთად მომიწია გადასვლა.

პირველი ჩემი საყვარელი შემსრულებლები იყვნენ: Prodigy, Chemical Brothers, Fatboy Slim. სიტყვებს: Underground, სემპლერი, დიჯეი, კეტები სწორი ძირებით –  მაგიური აურა ჰქონდათ ჩემთვის. თავს გამორჩეულად ვგრძნობდი, იმიტომ, რომ მქონდა ყურში პირსინგი, ვუსმენდი მუსიკას და არ დავდიოდი ეკლესიაში. ეს იყო  ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პერიოდი.

M: რა ვითარება იყო 2000-იანების პირველ ნახევარში ქართულ საკლუბო სცენაზე, როდესაც გადაწყვიტე უკვე აქტიურად ჩართულიყავი ამ სივრცეში?

2000-იანებში ელექტრონული მუსიკა შეიძლება ითქვას განვითარებული იყო, მაგრამ მცირე დოზით. იყვნენ დიჯეებიც: მაგალითად, მე დიჯეი Crazy მახსენდება, რომელსაც მე ნიჭიერ არტისტად ვთვლიდი. რამოდენიმე არსებულ კლუბში ძირითადად კომერციული Funky House იკვრებოდა, მოდურ მეინსტრიმად Progressive House ითვლებოდა.

ასევე არსებობდა ადამიანების ჯგუფი  რომლებიც უსმენდნენ და უკრავდნენ ისეთ მიმდინარეობებს როგორებიც იყო: Drum & Bass, Goa Trance, Trip-Hop და Electronica.
ეს ადამიანები ხშირად ერთად აკეთებდნენ ფართებს, ერთობოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ეს პერიოდი მეგობრული ურთიერთობით  გამოირჩეოდა. მე მაშინ ვუსმენდი Drum&Bass და უკვე მოყვარული დიჯეი ვიყავი. ძირითადად ჩემივე გაკეთებულ  ფართებზე ვუკრავდი.

M: მოდი, ცოტა ვისაუბროთ DJ სკოლაზე, რომელიც 2000-იანებში თბილისში გახსენი, როგორ მიმდინარეობდა სწავლება და ვინ იყვნენ შენი მოსწავლეები?

ქალაქში მუსიკის მუდმივი ძიების გამოცდილების შემდეგ, მაღაზია “კაფსულას” იდეა მომივიდა. ვიფიქრე – კარგი იქნებოდა თბილისში არსებულიყო ელექტრონული მუსიკის დიდი არჩევანი, ასევე ჟურნალების და სხვადასხვა სასიამოვნო აქსესუარების. ასე გაიხსნა „კაფსულა“ (Capsule) ყაზბეგის ქუჩაზე. „კაფსულა“ იყო პირველი მაღაზია თბილისში, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ფირფიტების შეძენა, პროფესიონალური დიჯეი მოწყობილობების შეკვეთა. ასევე იყიდებოდა ჟურნალები და აუდიო CD-ები.

თავიდან აქტიურობა არ იყო მაღალი , განსაკუთრებით ფირფიტების გაყიდვაში. ვფიქრობდი, რაღაც ცვლილება იყო საჭირო, ვგრძნობდი, რომ თბილისში რაღაც ახალი ენერგია ტრიალებდა, თან მსოფლიოში ახალი მუსიკალური ტენდენციები იბადებოდა. ბერლინი ელექტრონული მუსიკის დედაქალაქი ხდებოდა.

ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ იდეამდე რომ კაფსულაში დიჯეი კურსები ყოფილიყო, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება ფირფიტებზე დაკვრა ესწავლათ. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ „კაფსულას“ DJ კურსები გაიხსნა. ამის შემდეგ კაფსულას მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. გამოჩნდნენ მსურველები, ძირითადად ახალგაზრდა თაობიდან და დაიწყო ახალგაზრდების მოძრაობა “კაფსულაში“, სადაც მე ვასწავლიდი. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ , უზიარებდნენ მუსიკას და ღამის ცხოვრებაზე საუბრობდნენ. ასევე კაფსულა აკეთებდა ფართებს მოსწავლეებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ რომ დაეკრათ.

კაფსულაში სწავლობდნენ დიჯეები: Ciga, Green Beam & Leon, Spring, Gio Shengelia, Rembo, NDRX და სხვა.

კაფსულის დახურვის  შემდეგ გაიხსნა ახალი ადგილი „ლაუდერი“, სადაც უკვე მომიწვიეს როგორც როგორც დიჯეი კურსების წამყვანი. ლაუდერში სწავლობდნენ დიჯეები: Lasha Guruli, Kancheli, ZITTO, Tornike Chokheli. ლაუდერმა ქუთაისში გააკეთა პირველი ელექტრონული ორდღიანი ღონისძიება, სადაც უკრავდნენ “კაფსულასა” და “ლაუდერის “მოსწავლეები. ასევე იყო დაპატიჟებული გიო ბაქანიძე.

M: უმეტესწილად ამერიკული საცეკვაო მუსიკის მოყვარული ჩანხარ, რას ფიქრობ თბილისში ამჟამად დომინირებად მუსიკალურ ტრენდებზე?

ამერიკული მუსიკისკენ ნელ-ნელა მივდიოდი. დასაწყისში უფრო ევროპულ მუსიკას ვუსმენდი და ვუკრავდი. 2010-იან წლებში მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად, სადაც წავიკითხე წიგნი დისკოს და ზოგადად ამერიკული მუსიკალური კულტურის შესახებ. აქედან დაიწყო ჩემი გადახრა ამერიკული მუსიკისკენ. მივხვდი, რომ ეს კულტურა ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. ამერიკული მუსიკა არ არის მხოლოდ სტილი, ის არის თავისი ისტორიით, იდეებით და პრინციპებით საინტერესო და ახლოს ჩემთვის, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ჯაზ, ბლუზით ასევე Soul, R&B, Techno, House-ით არის დღემდე მოსული. ასევე ამერიკული დიჯეინგი გამოირჩევა მისი ექლეკტური მიქსებით.

რაც შეეხება თბილისურ დღევანდელ კულტურას და ტრენდებს: მოკლედ ვიტყვი, რომ ის ზოგადად დღეს ევროპული საცეკვაო კულტურის სივრცის წარმომადგენელია, სადაც ტრენდები და მარკეტინგი დიდ როლს თამაშობენ. პირადად მე რაც შემეხება, ყოველთვის ჩემ პირად გრძნობებზე ვიყავი დამოკიდებული, ვუკრავდი და ვუკრავ იმას, რაც ჩემთან ყველაზე ახლოს იყო. უბრალოდ პერიოდულად ეს ემთხვევა ტრენდებს, ზოგჯერ არა. დიჯეინგი ჩემთვის არის ჩემი პირადი მოგზაურობა, მაგრამ ზოგადად დრო რომელშიც  ვარ და მსმენელი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ვთვლი რომ ხალხისთვის ვდგავარ სცენაზე.

M: ბათუმში ცხოვრობ, როგორია ბათუმის ღამის ცხოვრება და მუსიკალური მდგომარეობა? რითი ერთობიან ძირითადად ახალგაზრდები?

ბათუმში დაახლოებით  წელიწად ნახევარია რაც ვცხოვრობ. ადრე პერიოდულად ზაფხულში  ჩამოვდიოდი დასაკრავად. დღესდღეობით, ბათუმი უფრო ტურისტული სფეროთი არის განვითარებული, რაც მუსიკალურ  კულტურაზეც გავლენას ახდენს. ზაფხულში ძირითადად კომერციული დაწესებულებები არის დატვირთული, სადაც ბიზნესის და ხელოვნების ბალანსი უფრო ბიზნესისკენ იხრება.

რაც შეეხება არასეზონურ ბათუმს, შეიძლება ითქვას, ნაკლებად არის განვითარებული კლუბური სცენა, შემდეგი მიზეზების გამო: ბევრი ბათუმელი ახალგაზრდა გადადის თბილისში საცხოვრებლად (მათ შორის არტისტებიც). ზოგადად ჩემი აზრით, ბათუმი არის დამოკიდებული თბილისურ მუსიკალურ კლუბური სცენის ტრენდებზე. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე ადგილი, სადაც პერიოდულად შეიძლება იყოს ჩემთვის საინტერესო გარემო. ეს არის Conte,  რომელშიც გასულ წელს პერიოდულად მეც ვაკეთებდი Disco-House საღამოებს.

არის ასევე Vinyl Bar,  სადაც პერიოდულად კეთდება საინტერესო საღაამოები, უკრავენ ისეთი არტისტები, როგორიც არის  ლაშა გურული და სხვა…

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 



განხილვა