მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ახალ სკანდალში გაეხვია. სერბი ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც იქაურ ღია პირველობაზე უნდა ეასპარეზა. როგორც ცნობილია, ის ვაქცინირებული არ არის. ტურნირის ორგანიზატორებთან შეთანხმებით კი, მისი სახით გამონაკლისი დაუშვეს და სავალდებულო აცრისგან გაათავისუფლეს. ჩოგბურთელი გუშინ ავსტრალიაში ჩაფრინდა. თუმცა სასაზღვრო პოლიციამ მისი ვიზა გააუქმა, ქვეყანაში არსებული წესებისა და კანონის არ შესრულების გამო კი, საზღვრიდან გააძევა.
„ნებისმიერი მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში შემოსვლის წესებს. ვადასტურებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია ქვეყანაში შესვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამის შემდეგ, მისი ვიზა გაუქმდა. უცხოელები, რომლებსაც ვიზა არ აქვთ ან მოქმედი ვიზა გაუუქმდათ, ქვეყნიდან განდევნას ექვემდებარებიან. ასევე, ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ დროის განმავლობაში, საზღვარზე დაყოვნებულ ჯოკოვიჩს ტელეფონთან თავისუფალი წვდომა ჰქონდა“, – ნათქვამია ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

ჯოკოვიჩი ტურნირიდანაც მოიხსნა. ის ქვეყანას დღეს დატოვებს. მისი უფლებადამცველები და ადვოკატები საქმეში უკვე ჩაერთვნენ და ჩოგბურთელისთვის სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობაში ხელის შეშლის გამო საქმის წარმოების დაწყებას აპირებენ.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა წინა ინტერვიუების დროს განაცხადა, რომ ვაქცინაციას არ აპირებს.
„პირადად მე, ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ და არ ვაპირებ ავიცრა“.
ავსტრალიაში კორონავირუსით სულ 111 000 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან გარდაიცვალა 1334. დაბალ მაჩვენებელს მთავრობისა და ჯანდაცვის მიერ გაწეულ სწორ მუშაობას და სამოქმედო გეგმას მიაწერენ.
ჯოკოვიჩის გადაწყვეტილებითა და განცხადებებით, მისი გულშემატკივრების დიდი ნაწილი გაბრაზებულია. სერბის ამ პოზიციას მის რელიგიურ შეხედულებებსაც უკავშირებენ.












