30
Jan
2020

„აქამდე ვფიქრობდით, რომ ეს განათებული წერტილები უწყვეტი სტრუქტურები იყო“ – დავით ქურიძე მზის ფოტოს შესახებ

30 Jan 2020

Alta
Alta


გუშინ, ასტრონომებმა მზის ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტო გამოაქვეყნეს. გამოსახულების მიღება 10 დეკემბერს, ჰავაის კუნძულ მაუიზე, ახლად განთავსებული დანიელ კ. ინოუეს ტელესკოპის (DKIST) მეშვეობით გახდა შესაძლებელი. DKIST სრულად ფუნქციური ჯერაც არ არის, თუმცა ამჟამად, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ტელესკოპი, რომლის სარკეც 4 მეტრია. მისი დახმარებით მიღებულ გამოსახულებაზე კი უპრეცედენტო დეტალიზებით ჩანს ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავის – მზის ზედაპირის გრანულები და პლაზმის დუღილი.

ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიღმა, გამოსახულება მეცნიერულად საკმაოდ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის. მეცნიერთა თქმით, სამომავლოდ ტელესკოპი DKIST მზის ფიზიკაში არსებული ამოუხსნელი მოვლენების შესწავლის შესაძლებლობას მოგვცემს. მეცნიერთა ამ ჯგუფში ერთიანდება მზის ფიზიკოსი დავით ქურიძეც, რომელიც აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობისა და ტელესკოპ DKIST-ის შესახებ გვესაუბრა.

 

„ეს არის მზის ზედაპირის ყველაზე მაღალი გარჩევით მიღებული დაკვირვება. მისი სივრცული გარჩევა დაახლოევბით 30 კმ-ია. ეს ნიშნავს, რომ ამ ტელესკოპით, დაახლოებით, ქალაქ თბილისის ზომის სტრუქტურების გარჩევას შევძლებთ მზეზე, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. შედარებისთვის, ეს არის 2-3 ჯერ უკეთესი აქამდე არსებულ ყველაზე მაღალი გარჩევის დაკვირვებებზე. გამოქვეყნებული დაკვირვებები აჩვენებენ მზის ზედაპირის გრანულაციის სტრუქტურას. გრანულაცია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი მოვლენა. ეს არის პროცესი რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ პლაზმის დუღილი. ეს არის, ცხელი გიგანტური ზომის (დაახლოებით 1000 კმ სიგანის) პლაზმური ნაკადების ზედაპირზე ამოსვლა და გაციების შემდეგ, ისევ უკან დაბრუნება. გრანულაციის გარჩევა წინა თაობის ტელესკოპებითაც მშვენივრად ხდება. თუმცა, გრანულაციის უჯრედებს შორის არის ეგრეთ წოდებული მაგნიტური წერტილები (სურათზე ჩანს როგორც მცირე ზომის ნათელი წერტილები). ეს არის მზის მაგნიტური მილების ფეხები. აქამდე ვფიქრობდით, რომ ეს მცირე ზომის განათებული წერტილები (bright points) უწყვეტი სტრუქტურები იყო. თუმცა, ეს დაკვირვებები აჩვენებენ, რომ თითოეული მათგანი, სინამდვილეში, რამდენიმე წვრილი სტრუქტურისგან შედგება“, – ამბობს მზის ფიზიკოსი დავით ქურიძე. 

მიზეზი, რის გამოც მზის ფიზიკა თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მრავლადაა. მზე არის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს ამინდს განსაზღვრავს – მის ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენები ჩვენზე პირდაპირ აისახება. მაგალითად, ანთებების, ამოფრქვევების, მზის ქარის სიძლიერემ შეიძლება დედამიწის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ამ მოვლენებს მზის მაგნიტური ველი ამოძრავებს, მისი შესწავლა კი მზის ფიზიკის წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომლის გადაჭრის საშუალებასაც დავით ქურიძე, DKIST-ის ტელესკოპში ხედავს.

„მომდევნო თვეებში ამუშავდება DKIST-ის სხვა ინსტრუმენტებიც (სპექტროგრაფები და პოლარიმეტრები), რომლებიც მოგვაწვდიან უპრეცედენტოდ მაღალი სისუფთავის და გარჩევის დაკვირვებებს. მზის ფიზიკოსებს იმედი გვაქვს, რომ ამ მასალებით შესაძლებელი გახდება მზის ფიზიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის გადაწყვეტა – მზის მაგნიტური ველის მაღალი სიზუსტით გაზომვა, ატმოსფეროს სხვადასხვა ფენებში“.

რაც შეეხება ტელესკოპს, „DKIST-ის მთავარი სარკის დიამეტრი 4 მეტრია. შედარებისთვის, აქამდე არსებული ყველაზე დიდი მზის ტელესკოპის სარკე მხოლოდ 1.6 მეტრია. 4 მეტრიანი მზის ტელესკოპის აგება, ტექნოლოგიურად, ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე იგივე ზომის ღამის ცის ტელესკოპის. მთავარი სირთულე არის ეგრეთ წოდებული სითბური ნაკადების კონტროლი (heat management). ბავშვობაში ყველას გვითამაშია ლინზებით მზეზე და ვიცით რამხელა სითბოს გენერირება შეიძლება 4-5 სანტიმეტრიანი ლინზით. ადვილი წარმოსადგენია, რა რაოდენობის სითბურ ნაკადებზეა საუბარი, როდესაც 4 მეტრიან სარკეს პირდაპირ ვუმიზნებთ მზეს. მაღალი გარჩევის დაკვირვებების მისაღებად, საჭიროა ამ ურთულესი ტელესკოპის თითქმის ყველა ოპტიკური და მექანიკური ელემენტი დაცული იყოს გაცხელებებისგან. მათი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს გარემოს ტემპერატურას, რადგან გაცხელება წარმოქმნის თერმულ ნაკადებს, რაც დაკვირვებების გარჩევის ხარისხს მკვეთრად აუარესებს. DKIST აღჭურვილია გაციების რთული და მაღალტექნოლოგიური სისტემებით, რაც იცავს ტელესკოპის ელემენტებს ასეთი სითბური ნაკადებისგან. გუშინ გამოქვეყნებული სურათების ხარისხი მიანიშნებს, რომ ეს სისტემები ძალიან კარგად მუშაობს და ტელესკოპი ნამდვილად იქნება წარმატებული პროექტი“, – ამბობს დავით ქურიძე.

აღსანიშნავია, რომ ჰავაის ტელესკოპის მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ახლა ეს პროცესი უკვე დასკვნით ფაზაშია. თუმცა, მსოფლიოსთვის ამ სამეცნიერო შესაძლებლობის გაჩენას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მთა ჰალეაკალა, სადაც ტელესკოპი დგას ადგილობრივებისთვის საკრალურ მნიშვნელობას ატარებს. 2015 წელს მიმდინარეობდა აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნაც ტელესკოპის აშენების შეჩერება იყო. დღეისათვის, მართალია სრულად არა, თუმცა, ტელესკოპი ნაწილობრივ უკვე ფუნქციურია. მეცნიერთა თქმით, ის კიდევ 44 წელი იფუნქციონირებს, ანუ მზის ოთხ ციკლზე შეძლებს დაკვირვებას.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა