მეცნიერებმა ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ჩამოვარდნილ ასტეროიდებში დნმ-ის შემადგენელი ნაწილები აღმოაჩინეს. ეს კი იმის ვარაუდს აჩენს, რომ სიცოცხლის ძირითადი ინგრედიენტები, შესაძლოა, კოსმოსშიც არსებობდეს.
ამ ეტაპზე მეცნიერებმა დნმ-ისა და რნმ-ის შემქმნელი ხუთი ძირითადი ქიმიკატიდან სამი აღმოაჩინეს. ამასთან, მკვლევართა გუნდმა იაპონიის ჰოკაიდოს უნივერსიტეტის ასტროქიმიკოსის, იასუჰირო ობას ხელმძღვანელობით, ავსტრალიაში ჩამოვარდნილ მეტეორიტებში ორი აზოტოვანი ბაზა აღმოაჩინა: პურინი და პირიმიდინი.
ახლად გამოქვეყნებული კვლევა მოწმობს, რომ სხვადასხვა აზოტოვანი ფუძე, შესაძლოა, დნმ-ისა და რნმ-ის სამშენებლო ბლოკად იქცა ადრეულ დედამიწაზე. თავის მხრივ, ამას უძველესი პროცესების შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავება შეუძლია — როგორ გაჩნდა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, მზის სისტემის ჩამოყალიბებიდან მალევე.
მიუხედავად იმისა, რომ დნმ და რნმ ტექნიკურად საკმარის ინფორმაციას შეიცავს, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა სიცოცხლე პირველად მილიარდობით წლის წინ.
„ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი იმ ქიმიურ ნაბიჯებზე, რომლებმაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა გამოიწვია, პირველი თვითგამრავლების სისტემა“, — აღნიშნავს დენი გლავინი, NASA-ს მეცნიერი და კვლევის თანაავტორი.
სხვა კომპონენტები, გარდა ხუთი აზოტოვანი ფუძისა, ასევე აუცილებელია სიცოცხლის ფორმირებისთვის, მათ შორის ამინომჟავები, შაქარი და ცხიმოვანი მჟავები. მაგრამ ეს აღმოჩენა მაინც საინტერესო ახალი მინიშნებაა.
„ამჟამინდელ შედეგებს არ შეუძლია, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის პირდაპირ ახსნა. თუმცა მჯერა, რომ მათ ორგანული მოლეკულების შემადგენლობის შესახებ ჩვენი ცოდნის გაუმჯობესება შეუძლია“, — განმარტავს იასუჰირო ობა.











