in

ძმები დოჯები, ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საავტომობილო ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში

არსებობს ოჯახური ისტორიები, რომლებიც პარტნიორობისა და თანადგომის შესანიშნავ მაგალითს წარმოგვიდგენს და ერთ-ერთი ასეთი ჰორას და ჯონ დოჯების ამბავია. მათ ერთობლივად დააარსეს საავტომობილო კომპანია და მთელი ცხოვრება მხარს უჭერდნენ ერთმანეთს თავიანთ საქმიანობაში. 

ძმების ბიოგრაფია

ჯონ ფრენსისი და ჰორას ელგინ დოჯი დაიბადნენ 1864-1868 წლებში დანიელ და მარია დოჯების ოჯახში. ისინი ინდიანას შტატში ცხოვრობდნენ, სადაც მამას, დანიელ დოჯის, მანქანების პატარა მაღაზია ჰქონდა. 

ბიჭები პატარაობიდანვე მიეჩვივნენ ერთად მუშაობას, ჯერ მამის მაღაზიაში, შემდეგ კი ყველა სამსახურში, რაც კი მათ ცხოვრებაში გამოჩნდა. 

ჯონმა საშუალო სკოლა დაამთავრა 1882 წელს. იმავე წელს მამამისმა მანქანათმშენებლობის მაღაზია გახსნა პორტ ჰურონში, მიჩიგანში. აქ ის შიდაწვის ძრავებს აპროექტებდა, თუმცა ბიზნესმა დიდხანს ვერ იარსება და მალე ძმებმა ახალი სამსახური მოძებნეს Upton Manufacturing Company-ში, სადაც მანქანათმშენებლებად დაიწყეს მუშაობა. 

წარუმატებელი ბიზნესის გამო ოჯახმა ისევ შეიცვალა საცხოვრებელი და ამჯერად დეტროიტში გადავიდა, სადაც ძმებმა ქარხანაში დაიწყეს მუშაობა, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის ძრავებს ამზადებდა. 

პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ბიზნესში

1897 წელს ძმებმა იჯარით აიღეს ტიპოგრაფიული მაღაზიის ნაწილი Evans & Dodge, რათა ველოსიპედების წარმოება დაეწყოთ. ჰორას დოჯმა დააპატენტა სპეციალური საკისრები, რომლებიც ველოსიპედებისთვის გამოიგონა. 

ორბორბლიან სატრანსპორტო საშუალებებს ძმები 1901 წლამდე აწარმოებდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს მანქანების მაღაზიის გახსნა, სადაც თვითონვე აწარმოებდნენ ავტონაწილებს. ძირითადად ისინი მოიცავდნენ ძრავებს, გადაცემათა კოლოფებს და ღერძებს. 

ცნობილია, რომ ორივე ძმა უზომოდ შრომისმოყვარე იყო და ხარისხზე ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებდა. ამის გამო მათ, როგორც ოსტატებმა მალე მოიპოვეს აღიარება დეტროიტში. 1903 წლისთვის მათი ბიზნესი უკვე საკმაოდ წარმატებული იყო და მანქანის სხვა ნაწილებიც დაამატეს წარმოებაში.

გადანაწილებული როლები

როცა მათი ბიზნესი საკმარისად წარმატებული გახდა, ძმებმა როლების კომპეტენციის მიხედვით გადანაწილება გადაწყვიტეს. ჰორასმა ინჟინერიისკენ აიღო გეზი, ხოლო ჯონმა ბიზნესის მართვისკენ. მათი სინერგია იმდენად აშკარა იყო, რომ Ford Motor Company-მ მათ თავისი 50 აქცია შესთავაზა. ეს რაოდენობა 1908 წელს კიდევ 1000 აქციით გაიზარდა იმ პირობით, რომ ძმები თავიანთ ქარხანას ფორდის ძრავების დასამზადებლად აღჭურვავდნენ. ამ გარიგების შემდეგ ძმები დოჯები აღმოჩნდნენ საავტომობილო ნაწილების მსოფლიოში უმსხვილესი მიმწოდებლები.

1910 წელს მათ ააშენეს უზარმაზარი ახალი ქარხანა მიჩიგანში, რომელიც 24 ჰექტარზე იყო გაშენებული. საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ ფორდსა და ძმებს შორის უთანხმოება გაჩნდა. 1914 წელს ფორდმა განაცხადა, რომ კომპანიის მთელი მოგებაRiver Rouge-ის ქარხნის გასაფართოებლად უნდა გამოეყენებინა, რაზეც დოჯები გაბრაზდნენ და ფორდს გათავისუფლება და კომპენსაციის გადახდა მოსთხოვეს. ჰენრი ასეც მოიქცა და მათ 25 მილიონი დოლარი გადაუხადა.

Dodge Brothers, Inc.-ის დაარსება

1914 წლის ივლისში დაარსდა Dodge Brothers, Inc.-ის ფირმა და იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა პირველი მანქანა. ის აღჭურვილი იყო სტანდარტული ელექტრომოწყობილობით, ტყავის სალონით, სიჩქარის საზომითა და საქარე მინით. მანქანა 35 ცხენის ძალას აწარმოებდა და სამსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. მისი საწყისი ფასი 785 დოლარი იყო.

ამ მანქანამ თავისი მონაცემებით აშკარად გადაასწრო ფორდის ცნობილ მოდელს, T, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი უპირველესი და ცნობილი ავტომობილი იყო 20 ცხენის ძალით.

1920 წლისთვის Dodge იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ ერთადერთი ვისაც გაყიდვებით ჩამორჩებოდა, იყო ფორდი. თუმცა ეს წელი ორივე ძმისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, რადგან ჯონი გარდაიცვალა გრიპისგან, რამდენიმე თვის შემდეგ კი მას ჰორასიც მიჰყვა, რომელიც ძმის დაღუპვის შემდეგ ძალიან დასუსტდა. 

დოჯების მიერ დატოვებულ კომპანიას მათი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი, ფრედერიკ ჰეინსი მართავდა, სანამ ნიუ-იორკის საინვესტიციო ბანკირებმა Dillon, Read and Company არ იყიდეს ფირმა 1925 წელს. სამი წლის მერე კი კომპანია უოლტერ კრაისლერმა შეიძინა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Ford-ის ვინტაჟური რეკლამა სტერეოტიპების დამსხვრევისკენაა მიმართული

„თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი