შესაძლოა, ციფრულ სამყაროში პირველადი ორიენტირება ცურვის სწავლას გავს – უნდა ისწავლო, როგორ არ დაიხრჩო „კონტენტის ზღვაში“, როდის გაყვე, ან შეეწინააღმდეგო დინებას, როდის დაწვე „წყალზე“ და როდის, რომელი ნაპირისკენ აიღო გეზი. დოდი ხარხელის „ცურვა“ „წყალში ჩაგდებით“ დაიწყო – არავინ იყო, ვინც მას ციფრულ სამყაროსთან ინტერაქციის გამოცდილებასა თუ წესებს გაუზიარებდა. ეს იყო მეშვიდე კლასი, დოდი კი პირველი ბავშვი კლასში, რომელსაც კომპიუტერი უყიდეს.
კომპიუტერის ყიდვას თავისი არაკეთილსინდისიერი წინაპირობები ჰქონდა – დემირელის სკოლაში, სემესტრის 5-იანებზე დახურვის გამო, სწავლის გადასახადი გაუნახევრეს. ამ დამსახურებისთვის კი დოდი ოჯახმა საოცნებო მოწყობილობით დაასაჩუქრა. არადა, ჯერ კიდევ მაშინ მოქმედებდა წესი – „მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება ამართლებს“ და ამ წესისმიერად, დოდიმ მიღებული ერთი 4-იანი 5-იანად გადააკეთა. ამ ხრიკმა კი გაჭრა, როგორც სკოლაში, ასევე – სახლში. შედეგის პოზიტიურობამ კი ნამდვილად გადაფარა „უწყინარი ტყუილი“ – კომპიუტერმა დოდისთვის ახალი სამყაროს კარი გახსნა.
დღეს ბევრი რამ შეიცვალა. „საუკეთესო“ დოდის სოციალური ხატი, თერაპიისა თუ თვითგამორკვევის პროცესში, სულ უფრო მოქნილი ხდება. არ დაუმთავრებია არც ერთი უნივერსიტეტი, რადგან თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტიდან, როგორც ამბობს „დადროფაუთდა“, თუმცა, 2 წლის შემდეგ თავის ყოფილ კურსელებს და უკვე მაგისტრანტებს, სოციალური მედიის მნიშვნელობაზე უკითხავდა ლექციებს. შემდეგ იყო საკუთარი კომპანია – Digital Avenue, ჯიპა, თსუ, ილიაუნი, „ჩაიხანა“ და ა.შ. დღეს, დოდი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ მთავარი პროდიუსერი და დიჯითალის ხელმძღვანელია. თვითონ კი უკვე ხელმძღვანელობს ფრაზით – „მერე რა? თუ არ ვიქნები წარმატებული, მერე რა? ყველაზე უარესი შედეგი რა არის?“
M: სტანდარტები ადრე და ახლა
– ხუთიანი მიიღე?
– კი, მივიღე.
– კიდევ ვინ მიიღო?
ამაში გავიზარდე – რომ რასაც მიაღწიე, იმაზე უკეთესიც შეიძლება. და თუ სხვამაც მიაღწია – მაშინ შენი მიღწევა არ ითვლება. და ეს იყო ძალიან სტრესული ბრძოლა, ამ მუდმივ სხვებთან თავის შედარებაში და კიდევ უკეთესის ძიებაში. ბავშვი რომ გამიჩნდა, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. როგორც მას არ ვადარებ არავის სხვას, ისე ეგებ საკუთარი თავიც არ უნდა შემედარებინა სხვებისთვის, და როგორც მისი ნაწერი მხოლოდ წარსულ მისსავე ნაწერთან დარდება პროგრესისთვის, ასევე უნდა მოვქცეოდი საკუთარ თავსაც და ჩემი ეს შეჯიბრების სურვილი მხოლოდ საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ მიმემართა.
M: ფსიქიკური გამოცდილება და მისი გაზიარება
რამდენიმე წლის წინ კლინიკური დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მქონდა. ვიცი, რომ იქ როდესაც ხარ, იმდენად ბნელა, ვერაფერ საიმედოს ხედავ. მინდოდა და მინდა, რომ გადარჩენილის (ან უფრო – გამოძვრენილის) პოზიციიდან გავუზიარო ჩემი გამოცდილება ადამიანებს. ზუსტად ვიცი, ეს კიდევ გამეორდება ჩემს ცხოვრებაში, რადგან ეს არის უბრალოდ კარგად გაკვალული თხრილი, რომელშიც ხანდახან ჩავვარდები ხოლმე, თუმცა უკვე ვიცი, რომ იქიდან ამოსვლა შესაძლებელია. ჩემს პრობლემებზე ღიად წერა რომ დავიწყე, ძალიან ბევრი ადამიანის უკუკავშირი მივიღე. დღემდე მწერენ ხოლმე. ვერ წარმოედგინათ, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა დამმართნოდა. ჩემი ღიაობა ბევრი ადამიანისთვის საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ნაბიჯების გადადგმის წინაპირობად იქცა – დაფიქრდნენ ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე, წავიდნენ ფსიქოთერაპევტთან. მიხვდნენ, რომ ნორმალურია ფსიქიკური პრობლემა გქონდეს და არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლიათ დახმარება. კუჭის ატკიება ხო არ იკითხავს, თუ როგორ ადამიანს ეკუთვნის ეს კუჭი?
M: რას მოაქვს ადამიანისთვის თავდაჯერებულობა? შენთვის რამ მოიტანა?
არაფერს გარედან და თურმე არც თვლად მაჩვენებლებს: არც ხელფასი, არც ავტორიტეტების შექება, არაფერი დაგარწმუნებს, რომ რამედ ღირხარ. აზრი აქვს მხოლოდ შიგნიდან იმის ცოდნას, რომ არაგიშავს: რაღაცები გაკლია, რაღაცები არ გაკლია, მაგრამ მთავარია აკეთებდე იმას მაინც, რაც შესაძლებელია მოცემულ მომენტში.
ჩემთვის თავდაჯერებულობა მოიტანა დაკიდებამ, იმის გაცნობიერებამ, რომ… მერე რა?! თუ წარმატებული არ ვიქნები, არ ვარ არსებობის ღირსი? ვთქვათ, არ მექნება სამსახური, მერე რა მოხდება? ყველაზე ცუდი შედეგი რა იქნება? მომშივდება? ბავშვს მოშივდება? ფიზიკურ სამუშაოს დავიწყებ, ტაქსის მძღოლი გავხდები, ნამცხვრებს დავაცხობ და გავყიდი. სანამ ხელები და ფეხები მაქვს, გადავრჩები. ამიტომ მერე რა – თუ ყველაზე უარესი მდგომარეობიდანაც შესაძლებელია გამოსავალის პოვნა.
M: დრო…
ყველა ტყუის, ვინც ამბობს, რომ დრო არ ჰყოფნის. ადამიანის სქროლვის კოეფიციენტი უნდა შეისწავლო და კიდევ სერიალების ყურების. რომ ამბობენ, დილით რომ ადრე ვიღვიძებდე, უფრო მეტს მოვასწრებდიო – რად გინდა ეს მეტის მოსწრება, ეგაა კითხვა. და რომც ვერ მოასწრო, მერე რა?!
M: გზა სამზარეულოსკენ
რაღაც პერიოდის მანძილზე როცა ხელით არაფერს აკეთებ, შენი შედეგი რომ არ არის ხელშესახები – გერხევა. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რა შექმენი დღეს? აი, შენ მთელი დღე რას აკეთებ, დოდის ებოჟიალები რაღაცებს, რა იცვლება ამით? და ასე, მორიგი ძალიან სტრესული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებლად მჭირდება, ვაკეთებდე რაღაცას ხელით. არადა დიდად არაფერი გამომდის, არც ხელსაქმე, არც ხატვა. რაც გამომდის, ეს საჭმლის კეთებაა. ერთი პერიოდი სადღაც სამზარეულოშიც დავიწყე მუშაობა, ვრეცხავდი ჭურჭელს და მსიამოვნებდა, რომ ხელშესახები შედეგი დგებოდა. ყოველთვის დგება ეგ მომენტი, მენტალური სამუშაო როცა ბევრი გაქვს, რომ აი, აღარ მინდა ეს ყველაფერი, კარტოფილები დამათლევინეთ!
M: „მასტერშეფი“?
ყველაფერია ამ პროექტში, რაც მიყვარს. საჭმელი, ადამიანები და მათი ურთიერთობები, დრამები. და თუ მე ვარ ამ ყველაფრის მთავარი პროდიუსერი, თან მართლა ქვეყანაში საუკეთესო ფროდაქშენ გუნდთან ერთად (Nova Productions) მეტი როგორღა ვიამაყო?! სასწაულია, რომ მე როგორც მიყვარს, ეგრე გადამდებად სხვებსაც შეუყვარდათ ეს პროექტი: მაყურებლებს, სტაფის წევრებს, ტექნიკურ პერსონალს. მაგაზე კიდევ უფრო მეტად ვგიჟდები ხოლმე – მარტო მე კი არ მიყვარს ეს ჩემი შვილი, სხვებსაც მოსწონთ და უყვართ, ყველას თავისი შვილი ჰგონია!
M: ტრადიციული მედია, დიჯითალი და მასტერშეფი – ანუ ის, რაზეც „სფოთლაითზე“ ისაუბრებ
მასტერშეფმა ყველა ლოკალური რეკორდი მოხსნა ონლაინ და მეტიც, ჩვენი შედეგები აშშ-ს მასტერშეფის დიჯითალის შედეგებს გაუტოლდა. მე რაც ვისწავლე და გამომივიდა, ან არ გამომივიდა, ეს მინდა გავუზიარო აუდიტორიას. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ შეუძლებელია, რეალობაში რამე აქტივობა გააკეთებინო ადამიანს. თუ დაალაიქა, არ ნიშნავს, რომ აქციაზე მოვა, თუ მოეწონა, არ ნიშნავს, რომ მერე მაღაზიაშიც შევა და იყიდის. ვამტკიცებდით, რომ დიჯითალში სხვა ქცევაა და რეალობაში ეს ქცევა არ ითარგმნება. ყველაფერი რასაც აქამდე ვამბობდი, ყოფილა ტყუილი. უბრალოდ ეტყობა საკმარისად კარგად არ ვინდომებდით. „სფოთლაითზე“ გამოსვლა მცდელობაა ჩემი მხრიდან, გავარჩიო, რა ფორმულა დგას ამის უკან და როგორ მოხერხდა, რომ მასტერშეფმა ადამიანები ამ on demand ვიდეოს სამყაროში და კონტენტის ზღვის პირობებში ტელევიზორის ირგვლივ შემოკრიბა.
M: რას ნიშნავს „კონტენტის ზღვა“ შენთვის, ანუ ადამიანისთვის, რომელიც წლებია დიჯითალშია?
კონტენტის ზღვა – ეს არის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ყველაფრის საძირკველი ჩემთვის. წვდომა გქონდეს ყველაფერთან და ამოირჩიო ის ინფორმაცია, რაც შენთვის საინტერესოა. თუმცა, საკმაოდ სელექციურები ვართ და არსებობს ბაბლები. იმდენად ძლიერი ბაბლები არსებობს, რომ თუ ვინმე ძალიან განსხვავებულ და საპირისპირო აზრს წერს, ეგრევე ბოტი გვგონია.
M: რა მეთოდები გაქვს ბაბლის გასარღვევად?
პირველი ნაბიჯი – ვიცი, რომ ბაბლი არსებობს და ძალიან იოლია მისი ზემოქმედების ქვეშ ექცეოდე. მე შეიძლება მასტერშეფზე მაგარი პროექტი არაფერი მეგონოს, რადგან ჩემ ირგვლივ ადამიანები და მეც ამით ვართ მოცული. შესაბამისად, ფეისბუკიც იმას მაჭმევს, რითიც ვარ მოცული. ასეთი ბაბლი მაქვს – ვსაუბრობთ ნიახურის ბოლქვის პიურეზე. თუმცა, როცა მინდა ბაბლი გავარღვიო, ხანდახან შევდივარ ისეთი ადამიანის პროფილზე, რომელიც ყველაფერს აკრიტიკებს და ძირითადად, არ ვეთანხმები ხოლმე. ვეცნობი, რა დაწერა, ვკითხულობ კომენტარებს. ეს მეხმარება ხოლმე ბაბლიდან გასვლაში. ძალიან ძნელია და გასაბრაზებელია და ხან გინდა, რომ არ არსებობდეს არაფერი შენს ბაბლს იქით.
M: გეგმები? ცვლილებების სურვილი?
ორი წლის წინ რომ ვინმეს ჩემთვის ეკითხა და მე მეპასუხა, რომ აზრზე არ ვარ 2020-ში ჩემს ცხოვრებაში რა მოხდება-თქო, იქვე კრუნჩხვებში ჩავვარდებოდი… ახლა – აზრზე არ ვარ ჩემს ცხოვრებაში რა იქნება. ერთადერთი ვიცი, რომ მასტერშეფის მესამე სეზონი არსებობს გაზაფხულზე, იმის მერე რა ხდება, აზრზე არ ვარ. არაფერი ვიცი და ეს თუ ადრე ძალიან მანერვიულებდა, ახლა ვამბობ – მერე რა?! რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში შემიძლია ვადაპტირდე, ყველაფერი კარგი იქნება. ყოველთვის მქონდა 5 წლიანი, 6 თვიანი თუ 3 თვიანი გეგმები, თუმცა ახლა ეს „გავუშვი“. რა ამბიციური ვიყავი! არათუ მე, ქვეყანამაც არ იცის, რა იქნება. ცვლილებებს რაც შეეხება, არაფრის მოხდენა არ მინდა, ბაზარმა დაარეგულიროს.
და ბოლოს, ჩემი ბოლო დროის ყველაზე საყვარელი ფრაზა „რიკი და მორტიდან“: Nobody exists on purpose. Nobody belongs anywhere. Everybody’s gonna die. Come watch TV.
ან ბარემ, ქართული ვერსია: ამაო არის ამ ინტერვიუს კითხვა, მაინც ყველანი დავიხოცებით, წამო და უყურე მასტერშეფს! :~)
ავტორი: ხატია თორდუა