in

როგორ გავაჩუმოთ შინაგანი კრიტიკოსი? – დოდი ხარხელის #აზრები

M2
M2

“ეს ხომ არასოდეს გამომივა”, “ამისთვის ხალხი წლები სწავლობს”,”ამისი ფული არასოდეს მექნება”, “ვერ შევძლებ”, “ამისთვის საკმარისი გამოცდილება არ მაქვს”, “არაფერი გამომდის კარგად”, “არც გარეგნულად ვვარგივარ, არც ტვინით”, “ვერ გავაკეთებ და ტყუილად დასაცინი გავხდები”.

დოდი ხარხელი – ციფრული პროდაქშენის ხელმძღვანელი, ფორმულა კრეატივი

მეგონა, ასე მხოლოდ მე ველაპარაკებოდი საკუთარ თავს. მერე აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმრავლესობას ეს ხმა, რომელიც მუდამ გვიჩიჩინებს, რომ რაღაცები არ გამოგვივა – სულ თან დაგვდევს. არც ისე დიდი ხნის წინ კი მისი სახელიც გავიგე – “შინაგანი კრიტიკოსი”. ავადმყოფობა დიაგნოზის გაგებისთანავე ხომ უფრო ადვილი სამართავი ხდება. ასე აღმოჩნდა “შინაგანი კრიტიკოსის” შემთხვევაშიც. როგორც კი სახელი დაერქვა, მისი მართვა ბევრად უფრო გაიოლდა. რაღაც მეთოდებიც ვისწავლე და მინდა, გაგიზიაროთ, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად შინაგანი კრიტიკოსი დათვის სამსახურს გვიწევს, განსაკუთრებით ქალებს: – ამ ხმის გამო შეიძლება არ გავაგზავნოთ სივი საოცნებო სამსახურში, არ მოვითხოვოთ დაწინაურება, არ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი, არ დავასრულოთ ტოქსიკური ურთიერთობა მეგობართან, მეუღლესთან თუ პარტნიორთან.

შინაგანი კრიტიკოსის მორჯულებაში ალბათ ყველაზე ძალიან იმის გაცნობიერება დამეხმარა, რომ ეს ხმა “მე” არ არის. უფრო სწორად, “მე”-ა, ოღონდ ერთადერთი “მე” – არა. ის უბრალოდ ერთ-ერთი ხმაა მრავალს შორის. მეტი ყურადღება მხოლოდ იმიტომ ერგება, რომ ნეგატივის მატარებელია – როგორც ფოტოზე დაწერილ 100 პოზიტიურ კომენტარს შორის ერთადერთ ნეგატიურს ვიმახსოვრებთ, ვასკრინშოტებთ და ვუთმობთ დროით და ემოციურ რესურსს, ნეგატიური ფრაზების მთქმელი შინაგანი კრიტიკოსიც უფრო დიდ ეთერს იკავებს ჩვენს ტვინში, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არადა სულ ტყუილად.

მას შემდეგ, რაც კრიტიკოსის ხმის გარჩევა ვისწავლე სხვა ხმებს შორის, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ადამიანის ხმა აქვს. ჩემი შვილის განვითარებას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შინაგანი კრიტიკოსით არავინ იბადება. ის კრიტიკოსი მერე ჩნდება და სინამდვილეში ვიღაცის ხმის გამტარია, საკუთარ ფიქრებად შენიღბული – დედის, მამის, ბებიის, ბაღის მასწავლებლის, პირველი დამრიგებლის, მოკლედ, ვიღაცის, ვინც პირველად დაგაეჭვა საკუთარ შესაძლებლობაში, ვინც 7 წლის ასაკში გითხრა, რომ ბალეტისთვის ზედმეტად მსუქანი ხარ, ვინც 5 წლის ასაკში დედას უთხრა, რომ ეს ვერასოდეს ისწავლის ანბანს, ვინც ხშირად გიმეორებდა, რომ “მათემატიკური ტვინი არ გაქვს”,  “ოჯახში არავინ შეგიშვებს”, “ეგ ქალის საქმე არაა”.

მას შემდეგ, რაც შინაგანი კრიტიკოსი ერთადერთი ხმიდან გაერთერთდა და კონკრეტული სახეც მიიღო, მივხვდი, რომ მისი გაჩუმება აღარ მჭირდება. ილაპარაკოს, რამდენიც უნდა. ხანდახან კონსულტანტადაც კი ვიწვევ ხოლმე – სინამდვილეში მას ხომ ჩემი დაცვა უნდა იმედგაცრუებებისგან, უარის თქმით მიღებული ტკივილისგან, მეგობართან, თუნდაც ტოქსიკურთან, განშორებისშემდგომი სევდისგან. თუმცა გადაწყვეტილებების მიღების უფლება სამუდამოდ აქვს ჩამორთმეული.

რა ღირს ქართული მიწა და ვის ვენდოთ მისი ყიდვისას – Agso Land საბროკერო და აგრო-ანალიტიკური ფუნქციით

სადამდე მიგვიყვანს უძილობა?!