in

დოდი ხარხელი – #პირველისამსახური

ჩემს პირველ სამსახურად 7-8 წლის ასაკიდან მამის ფეხსაცმლის წმენდას დავასახელებდი. ბევრი მიფიქრია იმაზე, ამ მარტივმა “სამსახურმა” რამდენი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და რა მიმართულებით წაიყვანა ჩემი დამოკიდებულება შრომისადმი და ფულისადმი. მამა ყოველ დღე მიდიოდა სამსახურში. ბევრს მუშაობდა და გვიან მოდიოდა. ბნელი 90-იანები იყო, ცოტა ფულით, ბევრი კროსვორდებითა და სანთლის ჩამონაღვენთის ზელვით, სანამ დედა დამინახავდა და დამიცაცხანებდა. მამის ფეხსაცმელი ყოველ დილას უნდა გამეწმინდა, სანამ სამუშაოდ გავიდოდა. თითო გაწმენდაში 20 თეთრს ვიღებდი. სანამ თეთრები შემოვიდოდა, დაახლოებით 200 რუბლს მიხდიდა, რითიც სკოლის გზაზე მდებარე ბუტკაში წყალწყალა ჩამოსასხმელი ნაყინის ყიდვა შემეძლო. ამ ფულს ხან იმავე დღესვე ვხარჯავდი, ხან, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დაგროვებას ვახერხებდი და ბარბის სტიკერების შესაგროვებელი ფურცელიც მომდიოდა, რომელზეც ლეგენდები დადიოდა: ერთხელ ერთ ბავშვს მთლიანად შეუვსია, გაუგზავნია მითითებულ მისამართზე და იქიდან პასუხი დაბრუნებია: “ტი დურა!”

ხანდახან მეძინებოდა ხოლმე დილით, ვერ ვასწრებდი მამას ადგომას. იმ დღეს, შესაბამისად, ფულის გარეშე ვრჩებოდი. მაგ დროს ყველაზე მეტად ვბრაზობდი ხოლმე ჩემებზე. ჩემს ირგვლივ არავის უწევდა ჯიბის ფულისთვის შრომა. მე?! დესპოტი მშობლები! გამომუშავების გარეშე ფული მხოლოდ დაბადების დღეზე შეიძლებოდა ჩუმად ჩაეკუჭა ბაბუას. წლიური ბონუსი, ოცი ლარი! ზაფხულში რომ მქონოდა დაბადების დღე, ყველას ნაყინზე დავპატიჟებდი, მაგრამ მაშინ ის დრო იყო, ნაყინს ზამთარში არავინ რომ ჭამდა, ამიტომ ძირითადად საკანცელარიო ნივთებს ეწირებოდა ეს წლიური ბონუსი.

მალე ჩემზე 5 წლით უმცროსი დაც წამოიზარდა და ფული მასაც დასჭირდა. მამას კი მაინც მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმელი ეცვა. კონკურენცია მაშინ დაიწყო თუ დაიწყო. დილით კიდევ უფრო ადრე გაღვიძება, ფეხსაცმლის წმენდვის უფრო ოსტატური ხერხები, მოლაპარაკებები ჩემს დასთან დღეების გაყოფაზე, ფასის აწევაზე შეთანხმება (50 თეთრი გავხადეთ) და მერე კონკურენტის მიერ მუხთალი დემპინგი. წინა ღამით ჩუმად გაწმენდა, ფეხსაცმელში პატარა წერილის ჩადება, ფეხსაცმლის გაწმენდა და ბონუსად პალტოს გაბერტყვა. რისი მოგონება აღარ გვიწევდა…

ახლა უკვე დიდი გოგო ვარ. ჩემი პირველი სამსახურის შემდეგ უამრავი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მუშაობის 14-წლიანი სტაჟიც დამიგროვდა, ნაყინს უკვე ზამთარში ვჭამთ. უამრავი უფროსი მყავდა, თუმცა არავინ ყოფილა ისეთი დესპოტი, რომ 7 საათზე გავეღვიძებინე.

რაღაცები კი საერთოდ არ შეცვლილა. სადღაც ღრმად დაილექა და ყოველ დღე მამოძრავებს:

  • ვინც არ მუშაობს, ნაყინსაც ვერ ჭამს.
  • არ ჩაგეძინოს, თორემ ვიღაცას ჭუჭყიანი ფეხსაცმლით სიარული მოუწევს.
  • ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც, შენზე უფრო ახალგაზრდა და მონდომებული, ამიტომ მუდამ უნდა ზრუნავდე განვითარებაზე.

წლიურ ბონუსებს კი ისევ საკანცელარიო ნივთებში ვფლანგავ.

დოდი ხარხელი, ციფრული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი Chai Khana და OC Media.

ახლადგარეცხილი ტანსაცმლის კოლექცია, ჩვენებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე – AEG–ს სარისკო ექსპერიმენტი

აჭარაში ფუნქციონირებადი სარეკლამო სააგენტოები და მათი სამუშაოს სპეციფიკა