პარასკევი საღამოს მოახლოებასთან ერთად, ხშირად ვფიქრობთ – სად წავიდეთ შაბათ-კვირას თბილისთან ახლოს? ურბანული რუტინისგან გაქცევა, სუფთა ჰაერზე განტვირთვა და ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ოჯახის წევრები თუ მეგობრები, ასაკის მიუხედავად, თანაბრად კარგად გაერთობიან, ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი გამოწვევაა. სწორედ ამ საყოველთაო „ინსაითზე“ დაყრდნობით, ქალაქგარეთ დასვენების კულტურაში სრულიად ახალი ფურცელი იშლება.
„კიკეთის ფერმა“ და სააგენტო DODO Events აერთიანებენ ძალებს და წარმოგვიდგენენ ახალ საფესტივალო სერიას, სახელწოდებით „დღეები“. ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ივენთი – ეს არის ესთეტიკურად გააზრებული, თემატური ვიქენდების სერია, რომელიც სტუმრებს ნამდვილ შემოქმედებით თავგადასავალს ჰპირდება.
2 და 3 მაისს, „ცხენების დღეები“ გაიმართება. წარმოიდგინეთ ვესტერნის ესთეტიკა, ქანთრის სტილი, თივის ზვინები, მივიწყებული ტრადიციის – ცხენბურთის შოუ, ქართველ მხატვართა გამოფენა და ამ ყველაფრის ფონად გემოვნებიანი მუსიკალური სელექცია.

რას გულისხმობს ფესტივალის მთავარი კონცეფცია, რა ტიპის გამოცდილება ელოდებათ სტუმრებს კიკეთში და როგორ აპირებენ ორგანიზატორები დასვენების ახალი ტრადიციის დამკვიდრებას? პროექტის იდეასა და დეტალებზე DODO Events-ის დამფუძნებელს, დოდოშკა ჩხეიძეს ვესაუბრეთ.
M: მოგვიყევით, რა არის თქვენი და „კიკეთის ფერმის“ ახალი ერთობლივი ივენთის კონცეფცია და რატომ დაუკავშირეთ პირველი ღონისძიება უშუალოდ ცხენოსნობის თემატიკას?
ფესტივალის კონცეფცია ის არის, რომ ყველა ივენთს თავისი თემა ექნება. საერთო იდეა კი ის გახლავთ, რომ ყველა ასაკისა და სეგმენტის ადამიანისთვის საინტერესო ღონისძიებები მოვაწყოთ. პირველი თემა იმიტომ არის „ცხენების დღეები“, რომ კიკეთის ფერმაში არის თავლა და ჰყავთ ცხენები, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული კომპონენტია. სანახაობის მხრივ მოგვეწონა იდეა, რომ გაგვეცოცხლებინა ძველი ტრადიცია – ცხენბურთი. აქედან გამომდინარე, რადგან ფერმის ტერიტორიაზე ცხენები და თივებია, ეს კონცეფცია ავირჩიეთ. პირველ ივენთს ექნება „ქანთრის“ სტილი – ვესტერნი, ქაუბოი, ცხენები, თივები, ლუდი და ა.შ. ყველაფერი ამ ესთეტიკის ირგვლივ იქნება მოწყობილი. pop-up მარკეტზეც, სადაც ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება, ვორქშოფები თუ დეკორაციები – ყველაფერი ამ თემატიკის გარშემო იქნება.

M: იდეურად რას გულისხმობს ფესტივალების ახალი სერია „დღეები“ და რა ფორმატით გაგრძელდება ის სამომავლოდ?
„დღეები“ არის ფესტივალი, რომელიც ვიქენდებზე გაიმართება. წელიწადში დაახლოებით შვიდ ორდღიან ღონისძიებას ვგეგმავთ და ყველას თავისი თემა ექნება. მაგალითად, 30 და 31 მაისს გვექნება „ბავშვების დღეები“. პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ამის საპატივცემულოდ გვინდა, რომ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო ღონისძიება მოვაწყოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ივენთი მხოლოდ ბავშვებისთვის იქნება. არც ერთი ღონისძიების დროს სტუმარი არ იზღუდება – „ცხენების დღეებზე“ მოსასვლელად ჯირითის ცოდნა აუცილებელი არ არის. დაგხვდებათ კვების ზონა, სასმელი, მუსიკა, დასასვენებელი სივრცე, ვორქშოფები, სანახაობა, გამოფენა და გასართობი თამაშები ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. უბრალოდ, ამ ყველაფერს ყოველთვის კონკრეტული თემის ქვეშ ვაერთიანებთ, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

M: რა დანაკლისი დაინახეთ ბაზარზე, რაც ამ ფესტივალის შექმნის შთაგონების წყაროდ და „კიკეთის ფერმასთან“ პარტნიორობის საფუძვლად იქცა?
როგორც ივენთ კომპანიას, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ფესტივალი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა არსებული მუსიკალური თუ ელექტრონული ფესტივალებისგან. თბილისს აკლდა სივრცე, სადაც შვილებთან, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წახვალ და მთელ დღეს საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებ. ეს იდეა რომ გაგვიჩნდა, გაგვახსენდა ფანტასტიური ადგილი – „კიკეთის ფერმა“. იქ დიდი ტერიტორია და კარგი რესურსია მსგავსი ღონისძიებებისთვის. დავმეგობრდით და ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, რადგან საერთო ხედვა გვაქვს.
ვფიქრობ, ჩვენი კომპანიის მთავარი დამახასიათებელი ნაწილი ვიზუალური მხარე და დეკორაციებია. ეს ივენთები არ იქნება მხოლოდ პროგრამით დატვირთული, არამედ ესთეტიკურადაც ძალიან სადღესასწაულოდ მოწყობილი დაგხვდებათ.

M: უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, ვინ იქნებიან ღონისძიებაზე წარმოდგენილი pop-up სივრცეების ვენდორები და რა ტიპის გამოცდილებას შესთავაზებთ სტუმრებს?
გვეყოლება სხვადასხვა ვენდორი, როგორც კვების, ისე გამოფენის მიმართულებით. წარმოდგენილი იქნებიან ხელოვანები თავიანთი ნამუშევრებით, pop-up მარკეტები და კვების ობიექტები. ყველაფერი, მათ შორის გასართობი ზონაც და ვორქშოფებიც, მაქსიმალურად მოერგება კონკრეტული ღონისძიების თემატიკას.
M: როგორც ორგანიზატორისთვის, რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც ეს პროექტი ქმნის და რატომ მიგაჩნიათ მსგავსი ღონისძიებები ქალაქისთვის მნიშვნელოვნად?
ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქალაქში ძალიან გვაკლია ისეთი სივრცე, სადაც სუფთა ჰაერზე მთელ დღეს მრავალფეროვნად გაატარებ, დაისვენებ და გაერთობი. მგონია, რომ ამით კარგი საქმე კეთდება. ამას ემატება ესთეტიკური მხარეც – გვინდა, რომ ყოველი ღონისძიება მაქსიმალურად ჯადოსნური და ვიზუალურად გამორჩეული იყოს.

M: რა მასშტაბებსა და სამომავლო გეგმებზე შეგიძლიათ ისაუბროთ ამ ეტაპზე და როგორ ხედავთ ფესტივალის განვითარებას?
გეგმაში გვაქვს, რომ წელიწადში 7 ღონისძიება გავაკეთოთ სხვადასხვა თემით. გვინდა, რომ გაიზარდოს მასშტაბი, ავამაღლოთ ხარისხი და შევიძინოთ ბევრი ერთგული სტუმარი. ლოკაციას რაც შეეხება, „კიკეთის ფერმაში“ ვრჩებით.
M: როგორ პასუხობს ფესტივალი „დღეები“ იმ მთავარ გამოწვევასა და მომხმარებლის კითხვას, თუ სად შეიძლება წასვლა თბილისთან ახლოს ისე, რომ არ მოიწყინონ?
გეთანხმებით, მე თვითონაც ხშირად არ ვიცი ხოლმე სად წავიდე, უქმეებზე, ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად, მთელი დღით. ჩვენი ფესტივალის კონცეფცია კი გაძლევს საშუალებას, იშოპინგო, გემრიელად ჭამო, მუსიკას მოუსმინო, გამოფენაზე ნახატი იყიდო. გვინდა, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო გარემო შევქმნათ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი













