დღეს საქართველოში მრავლად ნახავთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს, რომელთაც აქვთ ცოდნა კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ ნაკლებად ეძლევათ მისი პრაქტიკაში გამოცდის საშუალება… ამის უკან მრავალი მიზეზი იმალება, თუმცა დღეს, უმჯობესია, გამოსავალზე ვისაუბროთ, რომელსაც ტექენთუზიასტებს Doer სთავაზობს — პლატფორმაა პროგრამირებისა და ტექნოლოგიური პროფესიების მქონე ინდივიდებისთვის, რომელთაც სამუშაო გამოცდილების მიღებას უფასოდ ჰპირდებიან. მარტივად რომ გითხრათ, „დუერებისთვისაა“, ადამიანებისთვის, რომლებიც სულ მოქმედებას ამჯობინებენ…
როგორც გავიგეთ, ასე სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებაც სურთ და თუ რას ან როგორ აპირებენ, ამაზე მარკეტერი Doer-ის თანადამფუძნებელ თორნიკე რამაზაშვილს გაესაუბრა:
M: თორნიკე მოგვიყევით, როგორ გაჩნდა Doer-ის შექმნის იდეა?
Doer-ის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ჰაკათონზე გაჩნდა, სადაც მენტორის ამპლუაში დავინახე, თუ როგორ შეიკრიბა ერთმანეთისთვის უცნობი ასობით ადამიანი და როგორ გაერთიანდა ერთი მიზნის გარშემო, გარკვეული თემატიკის ირგვლივ შეექმნათ ციფრული პროდუქტი, რამაც დამაფიქრა — რა იქნებოდა საქართველოში რომ შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, რომელშიც ერთმანეთისთვის უცნობი ტექენთუზიასტები სტარტაპ იდეების გარშემო გაერთიანდებოდნენ… ეს იდეა მაშინვე გავუზიარე ჰაკათონის მონაწილე რამდენიმე ენთუზიასტს, რომლებიც უკვე Doer-ის გუნდის თანადამფუძნებლები და მენტორები არიან.
Doer შეიქმნა პროგრამირებისა და ტექნოლოგიური პროფესიების მქონე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გარკვეული ცოდნა, სურთ კოლაბორაციულ გარემოში შექმნან სტარტაპ პროექტები, მიიღონ სამუშაო გამოცდილება და შეძლონ კარიერული განვითარება. მიზეზი, რის გამოც ადამიანები ამას მარტივად ვერ აღწევენ, ორია — შრომის ბაზარზე დამწყები ადამიანებისთვის ვაკანტური პოზიციების ნაკლებობა და რეალურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულად არარსებობა. აღნიშნულ პრობლემას Doer მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების გაერთიანებით, კომპეტენციების მიხედვით სამუშაო ჯგუფებში გადანაწილებით, სტარტაპ პროექტებზე მუშაობის გამოცდილების შესაძლებლობის მიცემით და პროფესიონალური მენტორობის გაწევით აგვარებს.
Doer-ში ამ ეტაპისთვის არსებობს 4 ძირითადი მიმართულება: Front-end Development, Back-end Development, Project Management და UI/UX Design. აღნიშნული მიმართულებები საკმარისია იმისათვის, რომ სტარტაპ იდეები მინიმალური სიცოცხლისუნარიანობის მქონე სტარტაპ პროდუქტებად იქცეს. Doer-ში თითოეულ მიმართულებას ჰყავს საკუთარი Team Lead, რომელიც კვალიფიციური ადამიანია და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას პროექტში მონაწილე პირებს, ხელმძღვანელობს მათ სტარტაპ იდეების დაწყებიდან MVP-დ ჩამოყალიბებამდე.
Doer ინგლისურ ენაში არსებითი სახელია და ისეთ ადამიანს აღნიშნავს, რომელიც ლაპარაკის ნაცვლად, მოქმედებას ირჩევს. სწორედ ასეთ ფორმატს ემსახურება მასში მონაწილეობის მიღებაც და, შესაბამისად, პროექტში ჩართული თითოეული ინდივიდი ხდება დუერი — ადამიანი, რომელიც ირჩევს მოქმედებას.
M: ამ ეტაპისთვის რამდენი მომხმარებელი გყავთ?
სოციალურ ქსელში გაშვებიდან 24 საათში Doer-ს ჰყავდა 150 რეგისტრირებული ადამიანი, 4 დღის შემდეგ რეგისტრირებულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა, დღემდე ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება, რაც ადასტურებს იმას, რომ პრობლემა არის რეალური ისევე, როგორც მოთხოვნა, მოგვარდეს აღნიშნული საკითხი.
M: კიდევ, რის გაზიარებას ისურვებდით მარკეტერის მკითხველისთვის?
Doer ტექენთუზიასტი ადამიანების კარიერული წარმატებისა და საქართველოში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის შეიქმნა, ამიტომ, თუ გაქვთ გარკვეული ტექნოლოგიური ცოდნა და გსურთ, მიიღოთ რეალური სამუშაო გამოცდილება, იმუშაოთ სტარტაპ პროექტებზე, განივითაროთ კოლაბორაციული უნარები, გამოიმუშაოთ ანტრეპრენული აზროვნება და იყოთ წარმატებული საკუთარი ტექნოლოგიური პროფესიით, გახდით დუერი.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი