12
Feb
2019

Doggo – ყელსაბამი, რომელიც დაკარგულ ძაღლს გაპოვნინებთ

12 Feb 2019

Startauperi
Startauperi


ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ ძაღლებს. ხდება ისეც, რომ კეთილი ადამიანები დაკარგულ ძაღლებს სხვადასხვა ხერხით სახლში აბრუნებენ, თუმცა, ხანდახან – ისინი სამუდამოდ იკარგებიან. სწორედ ამ პრობლემით შეწუხებულმა მაცაცო კალანდაძემ გადაწყვიტა, შეექმნა ბრენდი, რომელიც ძაღლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ასე შეიქმნა Doggo, რომლის პროდუქციაც ძაღლის სპეციალურ ყელსაბამებს აერთიანებს.

M: რა გახდა ბრენდის შექმნის ინსპირაცია?

არ მახსოვს, პირველად როდის შედგა ჩემსა და ძაღლს შორის კონტაქტი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, დიდი რომ გავიზრდებოდი, “ძაღლი გამოსვულიყავი”. 15 წლის ვიყავი, ოცნება რომ ამიხდა და პუდელი – ცუცა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით 3 წლის წინ, ცუცამ გადაწყვიტა, სახლიდან პირველად გასულიყო მარტო და მოვეძებნე, ასე დაიკარგა 1 დღით. ნერვიულობის, ძებნის და კეთილი ადამიანების წყალობით გადავრჩით და 15 წელი სრულდება უკვე, რაც ერთად ვართ. სწორედ, ცუცა გახდა შემდეგ დოგოს ინსპირაცია. სექტემბერში ჯეოლაბში სოც.მედია მენეჯმენტის კურსის გავლა გადავწყვიტე, სწორედ ეს იყო ბიძგი, რომ იდეა და სურვილები მექცია პროდუქტად.

M: მოკლედ, “დოგოს” კონცეფციის შესახებ…

დოგო ქართული ბრენდი და ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ცუგებისთვის ქმნის პერსონალიზებულ საყელოებს. დაკარგვის შემთხვევაში, დოგოს ყელსაბამით, ძაღლის პოვნა ბევრად მარტივდება.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ ყელსაბამების დასამზადებლად?

ყელსაბამები მზადდება საქართველოში წარმოებული სხვადასხვა ფერის ტყავით, მასზე მაგრდება ფირფიტა, რომელზეც ძაღლის სახელი და მეპატრონის ტელეფონის ნომერია ამოტვიფრული.

M: როგორ ფიქრობთ, რითია თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

დოგო იყო პირველი, რომელიც მსგავსი სერვისით გამოჩნდა ბაზარზე. გარდა საყელოების დამზადებისა, ვფიქრობ, დოგოს ფბ გვერდი გამოირჩევა თავისი საინტერესო ისტორიებით ცუგებზე. მახსოვს, მომხმარებლები მწერდნენ, რომ უწევდათ გრავირებული საყელოების საზღვარგარეთ შეკვეთა, რომელიც ჩამოდიოდა ერთ კვირაში და ხშირად ასოებიც არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და მომხმარებლების სიმშვიდე. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ყოველწლიურად რამდენი ძაღლი იკარგება, მაგრამ მხოლოდ სოც. ქსელში ყოველდღიურად იდება ცუგას დაკარგვის შესახებ განცხადებები. ამ დროს სულ მეფიქრება ხოლმე, დოგოს საყელო რომ კეთებოდა, ხომ დარეკავდნენ ან ზარს მაინც გაუშვებდნენ მეპატრონესთან.

M: როგორია “დოგოს” სამომავლო ხედვა

დოგო ონლაინ მაღაზიაა და შეკვეთიდან მეორე დღეს ადგილზე მიგვაქვს პროდუქცია. უახლოეს მომავალში კატებისთვისაც ვგეგმავთ საყელოების დამზადებას. სამომავლოდ ძალიან მინდა, პატარა მაღაზია, სადაც მომხამერებელი ადგილზე ნახავს პროდუქციას და იქვე შეიძენს.

M: როგორ ფიქრობთ, ვისზე/რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი ბრენდი?

დოგო არის პირველ რიგში ცუგებისთვის და შემდეგ ადამიანებისთვის, ვისთვისაც თავისი ოთხფეხა მეგობარი მნიშვნელოვანია.

 

განხილვა