ვეტერინარები მკაცრად კრძალავენ ძაღლებისთვის ტკბილეულის მიცემას, იქნება ეს ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები, კანფეტები, საღეჭი რეზინი თუ სხვა. ვინაიდან, ამ პროდუქტებს შეუძლიათ არა მხოლოდ ავნონ, არამედ მათი სიკვდილის მიზეზადაც იქცნენ.
იმის გამო, რომ უმრავლესობა მიჩვეული ვართ, იუბილე ტორტით აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, არც ჩვენი შინაური ცხოველების დაბადების დღის ზეიმი გვინდა ხოლმე ამ ტკბილეულის გარეშე. სწორედ ამიტომ, ნათია ბოდოკიამ ძაღლებისთვის უვნებელი პროდუქტებისგან დამზადებული ტორტების შექმნაზე აიღო პასუხისმგებლობა.
3 წლის წინ, ჩვენს ოჯახს ახალი, ყველასათვის საყვარელი წევრი, ლაბრადორი რეჯი შემოემატა. სწორედ მის დაბადების დღეზე გადავწყვიტე, გამეკეთებინა გემრიელი ნუგბარი, რომელიც მის ჯანმრთელობას არ ავნებდა. შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში ავტვირთე, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა. სწორედ აქედან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ეს საქმე ბიზნესად მექცია“, – გვიყვება ნათია ბოდოკია.
შემდეგ კონსულტაცია ვეტექიმთან გაიარა, ინფორმაცია დააზუსტა იმის შესახებ, თუ რა პროდუქტები იქნებოდა ძაღლებისთვის მისაღები, სასარგებლო და მათ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებდა.
ასე გაჩნდა Doggy Cake-ც.
ნათია ტორტებს თავადვე, სახლში ამზდებს. ამ ეტაპზე ორი ზომის, რამდენიმე სახეობის ტორტს, სხვადასხვა ინგრედიენტით: ბრინჯი, ქათმის ფილე, მიწისთხილის კარაქი, გოგრა, ბანანი…
ვინაიდან, DOGGY CAKE-ის ტორტებზე შეკვეთები გაიზარდა, ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ჯანსაღი პროდუქტი დავამზადოთ, აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ ტორტის მოსართავი ორცხობილების წარმოებაზე, – გვიმხელს ნათია ბოდოკია.
რაც შეეხება ბრენდინგსა და ვიზუალს, ეს საქმე თავიანთ თავზე ნათიას შვილებმა აიღეს.
შექმნილი ეპიდვითერებიდან გამომდინარე, საკონდიტრო-შოურუმის გახსნა გადაიდო, თუმცა Doggy Cake თქვენს შეკვეთებს, ონლაინ მიიღებს და ადგილზე მოტანასაც უზრუნველყოფს.