ზოგჯერ ისე მოგვბეზრდება სინამდვილე, რომ საგანგებოდ ვაფარებთ თავს გამოგონილ ამბებს — თითქოს მათშიც არ ერიოს ირგვლივ არსებული რეალობის ნაპერწკლები. ამასთან, არაერთხელ გვითქვამს, „ჩემი ცხოვრება ერთ დიდ სცენარს ჰგავსო“. ასე სიმბოლურად გამოვკვეთთ ხოლმე მოვლენების მნიშვნელობას, კონკრეტული ხასიათებით, სიმწვავითა და სიმძაფრით. ალბათ, მსგავს მოტივებს ეფუძნება დოკუმენტური პროზაც: დაწერილ ამბად მოჰყვეს მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. რაღაცნაირად მხატვრული ელფერიც რომ დაჰკრავს და მკითხველიც სხვაგვარ სიღრმეებში იძირება — თან ნამდვილია, თან წიგნად ქცეული.
დღევანდელ სტატიაში სწორედ დოკუმენტური პროზის რამდენიმე გამორჩეულ წიგნს გაგიზიარებთ. თითოეული მათგანი სხვადასხვა თემატიკაზეა, განსხვავებული მოტივებითა და ამბებითაა გაჯერებული.
ზაოდი — ელზა გურგენიძე
ზაოდი ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს და ეს სახელი შემორჩა ურბანულ ზეპირსიტყვიერებას, როგორც საბჭოთა ინდუსტრიის რუკაზე ჩაკარგული ფსევდო-ტოპოსი, ერთდროულად შემზარავიც და მომნუსხველიც, გამოუვალიც და გამოსავალიც.
სწორედ ეს ფსევდო-ტოპოსი აქცია ელზა გურგენიძემ რომანის მთავარ მეტაფორად. ზაოდი არის ადგილი, სადაც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები. რომანი მოგვითხრობს ტოტალიტარული რეჟიმით ცნობიერება დაზიანებულ ადამიანებზე და სისტემასთან შეურიგებელ ტრაგიკული ბედის ინდივიდებზე.
ოსტატურად, ზომიერი იუმორით მოხელთებული ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე, პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა — ეს და კიდევ მრავალი რამ „ზაოდს“ სულმოუთქმელად საკითხავ რომანად აქცევს.
ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად — გოგა ქობალია
ლეღვიანის ნიადაგი იფიტება, უნაყოფო ხდება. იქ მცხოვრები არიქიფა და მისი ოჯახის წევრები კი ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ. ბათუ დედის, ანესას მხარეს იჭერს და უნდა, რომ რაღაც შეცვალონ, არიქიფა კი სიახლეების წინააღმდეგია, რადგან მისთვის წარმოუდგენელია წინაპრების გზიდან გადახვევა.
ოჯახში დაწყებული არეულობის დროს სახლიდან მათი საუკეთესო ცხენი, ჰელიკა, უჩინარდება, რომელსაც ჩაკეტილობამ და გამუდმებით ეზოში ყოფნამ სახლიდან გაქცევა გადააწყვეტინა. ცხენი ფიქრობს, რომ მან ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს და საქვეყნოდ ცნობილი გახდეს. არიქიფა და ბათუ ცხენის ძებნას იწყებენ – ძებნისას ნელ-ნელა ეხდება ფარდა მათ მიწებსა და ოჯახში დატრიალებული ამბების ნამდვილ მიზეზებს. პარალელურად კი ომი და არეულობა იწყება და ოჯახი სულ მალე იძულებული ხდება მშობლიური სოფელი დატოვოს და გადარჩენისთვის იბრძოლოს.
გოგა ქობალიას ეს სადებიუტო რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მაგიური რეალიზმის ელემენტების დახმარებით გადმოცემის ცდაა. ავტორი ალეგორიებისა და სხვა მხატვრული ხერხების საშუალებით ცდილობს ის დიდი ტრაგედია ასახოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაატყდა თავს.
საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია — იუვალ ნოახ ჰარარი
ისტორიკოს იუვალ ნოახ ჰარარის წიგნი კაცობრიობის ისტორიას კვალდაკვალ მიჰყვება. ეს არის დოკუმენტურად აღწერილი ამბავი ჰომო საპიენსის „გადარჩენის“, შემდეგ კი მუდმივი განვითარების შესახებ — როგორ მოახერხეს ჩვენმა მონადირე-შემგროვებელმა წინაპრებმა ქალაქებისა და სამეფოების შექმნა? რატომ გვჯერა ღმერთების, ერების და ადამიანის უფლებების? როგორ აღმოვჩნდით ბიუროკრატიის, განრიგებისა და კონსუმერიზმის ტყვეობაში? რა სახეს მიიღებს სამყარო ახალ ათასწლეულში?
თანაც ავტორი აქამდე კარგად ნაცნობ, სიმართლედ მიჩნეულ მოსაზრებებს კი არ იმეორებს, არამედ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს. ის ეხება ყველაფერს — კაცობრიობის წარმოშობას, აზროვნებას, ქცევას, შესაძლებლობებს და მომავალს. მის მიერ გამოთქმული აზრები კი ბიოლოგიური, ანთროპოლოგიური, პალეონტოლოგიური თუ ეკონომიკური კვლევებითაა გაჯერებული.
ჩენედელის მოგონებანი — ლორენცო და პონტე
მოცარტის ლიბრეტისტის — ლორენცო და პონტეს მოგონებების წიგნი იტალიურ ლიტერატურაში მემუარული ჟანრის შედევრადაა მიჩნეული. ის მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ლიბრეტისტის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრებას, შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას, მოცარტის მუსიკალურ გენიასთან შედევრთა ქმნისას ჰარმონიულ თანხმობასა და ხანაც ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალსა და არსებობისათვის ბრძოლას აღგვიწერს.
ხანგრძლივი ცხოვრების ბოლოს ეს საოცარი კაცი დაწერს: ”მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩემი გული სხვა ადამიანების გულებისაგან განსხვავებული მასალისაგან არის შექმნილი… მე იმ ჯარისკაცს ვგავარ, რომელიც დიდების წყურვილით ანთებული, ზარბაზნის ჭავლს თავად შეუვარდება, როგორც საყვარელი, რომელიც თავისივე ნებით მოექცევა მისი მტანჯველი ქალის მკლავებში“.
ომის დღიურები — ასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდი ბავშვების საყვარელი მწერალია — აი, ისეთი, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ დაუბრუნდები მის წიგნებს და დაგარწმუნებს, რამდენად მარტივია ბავშვობის სამყაროში დაბრუნება. თითქოს, დროის პორტალია, რომელიც მომენტალურად გვაქცევს პატარებად, პეპის „არასდროს გაზრდის“ იდეის შესაბამისად.
თუმცა მისი ცხოვრება სულაც არ ყოფილა ასეთი შთამბეჭდავი ფანტაზიებით სავსე, რასაც ომისდროინდელი კოშმარული ამბების აღწერით ადასტურებს. 32 წლის მწერალი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ახალგაზრდა ქალის პირადი განცდების, მისი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების და შვედეთში საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დაწესებულ ოფიციალურ რაციონებზე წერდა. გარდა ამისა, „ომის დღიურებში“ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ისტორიული მნიშვნელობის უამრავი მოვლენა და ფაქტია აღწერილი, რომელთაც ასტრიდი გაზეთებიდან ამოჭრილი ფაქტობრივი მასალითაც ამყარებდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ ასტრიდ ლინდგრენი იმხანად შვედეთის სახელმწიფო დაზვერვის საიდუმლო სამსახურის საფოსტო ცენზურის ბიუროში მუშაობდა, სხვებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციას პირველწყაროებიდან — შვედეთიდან გაგზავნილი და შვედეთში გამოგზავნილი წერილებიდან — იღებდა.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია