მოდის ცნობილი სახლი Dolce & Gabbana და საკანცელარიო საქონლის ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, Stabilo Boss ახალი პროექტისთვის გაერთიანდნენ. ეს კოლაბორაცია მოიცავს მარკერების შეზღუდულ გამოცემას, რომელიც სამუშაო მაგიდას უფრო ზღაპრულს გახდის.
საწერი ხელსაწყოების ახლებური ვიზუალი იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს მდიდრული ესთეტიკითაა მორთული. თამამი პრინტები, სიცილიური სტილი და ცხოველები: ლომი, ზებრა, კატა – ნამუშევრებს ლამაზ, დახვეწილ და ყველასგან გამორჩეულ იერს აძლევს. ეს დიზაინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საკანცელარიო ნივთს ელეგანტურ აქსესუარად აქცევს, რომლის ფლობაც ერთგვარი იმიჯის ნაწილია. ნაკრები, რომელიც გამოვიდა, ოთხ ფერს აერთიანებს: პუდრისფერი ყვითელი, კრემისფერი, შავი და ღრუბლისებრი ლურჯი. კომპლექტი შეფუთულია სპეციალურ ყუთში მაგნიტური საკეტით, რაც თქვენს საკანცელარიო ნივთებს დიზაინერულ ელფერს აძლევს.
ამ კოლაბორაციის საზოგადოებისთვის გასაზიარებლად ბრენდებმა საკომუნიკაციო სტრატეგია არ დაიშურეს. ბოლო დღეებში სოციალური ქსელები სწორედ მათმა ფოტოებმა ააჭრელა. არც გარე რეკლამა დავიწყებიათ – 28 სექტემბერს Corso Venezia 19-ში დაიდგა გაზეთების ჯიხური, რომელიც მორთული იყო Dolce & Gabbana-სა და Stabilo Boss-ის ახალი პრინტებით, სადაც გამვლელებს ახალ პროდუქციას აცნობდნენ.