13-წლიანი პაუზის შემდეგ, Domino’s Pizza-მ ვიზუალური განახლება წარმოადგინა. სარეკლამო სააგენტო WorkInProgress-თან თანამშრომლობით შექმნილი ახალი იდენტობა ინარჩუნებს კომპანიის კარგად ცნობილ ელემენტებს, მაგრამ მათ თანამედროვე და ენერგიული ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს.
რებრენდინგის მთავარი ნაწილია ბრენდის სავიზიტო წითელი და ლურჯი ფერების მკვეთრი ტრანსფორმაცია – ახალი პალიტრა უფრო კაშკაშაა. განახლების ასეთი არჩევანი არ არის შემთხვევითი – Domino’s-ის კრეატიული გუნდისთვის პიცა რჩება მთავარ შთაგონების წყაროდ და ახალი ფერები ამ კერძის ენერგიას ასახავს, ამავდროულად 70-80-იანი წლების ნოსტალგიურ ესთეტიკასაც ეხმიანება.
ვიზუალური იდენტობის განახლების გარგლებში შემუშავდა ფერთა პალიტრა, ბრენდის შრიფტი Domino’s Sans, გრემიზე ნომინირებული მუსიკოსის Shaboozey-ის მიერ შეიქმნა ახალი მუსიკალური კომპოზიცია, ხოლო ბრენდის სახელის შემოქმედებით ინტერპრეტაციაში “Dommmino’s” – დამატებული “mmm” გემრიელობისა და სიამოვნების ასოციაციებს აძლიერებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფუთვის დიზაინს. განახლებული პიცის ყუთები ახლა უფრო მინიმალისტური და მკაფიოა, ხოლო საინტერესო ვიზუალური ეფექტის სახით, ორი ყუთის ერთმანეთის უკან განთავსებისას ისინი ბრენდის ლოგოს ქმნიან. პრემიალურობის შეგრძნების გასაძლიერებლად, პრემიუმ პროდუქტების – Handmade Pan და Parmesan Stuffed Crust პიცების ყუთები შავი და მეტალის ოქროსფერი აქცენტებით გაფორმდა.

Domino’s-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისა და გლობალური მარკეტინგის დირექტორის კეიტ ტრამბულის შეფასებით, ახალი იდენტობა კომპანიის სტრატეგიული ხედვის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სწრაფი კვების სეგმენტში ყოველწლიურად 1%-ით ზრდიდა საბაზრო წილს, ტრამბული მიიჩნევს, რომ 65 წლის ისტორიის მქონე კომპანიისთვის აუცილებელია მუდმივი განახლება რელევანტურობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობების მოსაზიდად.
Domino’s-ის გუნდმა თითქმის ორწლიანი მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მომხმარებლების, ფრანჩაიზის მფლობელების აზრის შესწავლას და სამომხმარებლო კვლევების ჩატარებას. ტრამბულის გუნდისთვის მთავარი პრინციპი იყო არა ცვლილება ცვლილებისთვის, არამედ იმ ელემენტების გაძლიერება, რაც ბრენდს განასხვავებს კონკურენტებისგან.

ახალი იდენტობა ეტაპობრივად დაინერგება მომავალი წლის განმავლობაში, დაწყებული აშშ-ის და შერჩეული საერთაშორისო ბაზრებიდან გლობალურ მასშტაბამდე.
Domino’s-ის გუნდი საკუთარ თავს “Dominoids”-ს უწოდებს, რაც ხაზს უსვამს მათ ვნებას და ჭეშმარიტ ენთუზიაზმს პიცის მიმართ. ეს დამოკიდებულება, როგორც ჩანს, რეზონირებს მომხმარებლებთანაც – ადრეული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 67% დადებითად აფასებს ბრენდის ახალ ვიზუალურ იდენტობას.
წყარო: Adweek












