in

პიცის კონკიასეული ამბავი, ანუ როგორ იქცა სესხით ნაყიდი პიცერია ინდუსტრიის ლიდერად

დღეს ალბათ ვერ ნახავთ ადამიანს მსოფლიოში, რომელსაც ერთხელ მაინც არ სმენია domino’s pizza-ს შესახებ. როდესაც ბრენდი ამდენად ცნობილია, ჩვენ მასზე ვამბობთ: „წარმატებული ბრენდი”, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ამ წარმატების უკან რამხელა განვლილი გზა იმალება. ის თავიდანვე წარმატებული არ იყო, მეტიც, პირველივე ნაბიჯის გადადგმისას მარცხი განიცადა. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს – რომ არა მისი დამფუძნებლების დაკვირვების უნარები, ბიზნესი გაფუჭდებოდა.

istoriebi
istoriebi

როგორ დაიწყო ყველაფერი…

ტომ მონაჰანი თავის ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა მას შემდეგ, რაც 1941 წელს მამა დაეღუპათ. მას დიდი ოცნებები ჰქონდა და როგორც კი საშუალება მიეცა, დაიწყო დანაზოგის კეთება იმისთვის, რომ ოცნებები აეხდინა. თუ სხვა მოზარდები დანაზოგს მანქანის ან სხვა რამის შესაძენად აკეთებდნენ, ტომი თავის ფულს საკუთარი ბიზნესის გასახსნელად აგროვებდა. 

1960 წელს ტომმა და მისმა ძმამ ჯიმმა იყიდეს ადგილობრივი პიცის ბიზნესი, Dominick’s მიჩიგანში. ტომს თავისი დანაზოგი არ ჰყოფნიდა, ამიტომ 900$-ის სესხი აიღო. ბიზნესის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯიმმა უკან დაიხია, რამაც ტომი ერთადერთ მფლობელად აქცია. მან არ შეცვალა პიცერიის სახელწოდება, მთელ შრომასა და ენერგიას დებდა, რომ ბიზნესი აემუშავებინა, თუმცა გამოცდილება არ ჰქონდა და გამოწვევაც ბევრი ხვდებოდა. მას თითქმის არანაირი მოგება არ ჰქონდა და უკვე ფიქრობდა, რომ ეს არის მორიგი პროექტი, რომელიც ტომს ჩაუვარდა. ყველაფერთან ერთად უნივერსიტეტის დატოვებაც მოუწია, რადგან მის საფასურს ვეღარ იხდიდა.

თუმცა ამასთან ერთად, ტომმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა იყიდებოდა ყველაზე მეტად მის პროდუქტებს შორის და ვინ იყო მისი სეგმენტი. მან შენიშნა, რომ მცირე ზომის პიცა ხელმისაწვდომ ფასად მენიუში ყველაზე პოპულარული პროდუქტი იყო და რომ პიცერიის სამიზნე აუდიტორია უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. 

Dominick’s-იდან Domino’s Pizza-მდე

ტომმა პიცერიას გადაარქვა სახელი და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. მან დაიწყო ახალი რეცეპტების შემუშავება, რომლებიც სტუდენტებს მოეწონებოდათ. ამ ახალმა სტრატეგიამ გამოიწვია მოულოდნელი მაღალი მოგება, რომელსაც ტომი და მისი თანამშრომლები საერთოდ არ ელოდნენ. 

ტომმა დაიწყო მოგების შეგროვება და ზრდაზე ფიქრი. საკმარისი კაპიტალის დაგროვების შემდეგ კიდევ ორი პიცერია გახსნა, რომლის მთავარი დევიზიც იყო პიცის იქამდე მიწოდება, სანამ ის ჯერ კიდევ ახალივით ცხელია. 

პიცის ტესტირების უცნაური მეთოდი

როდესაც Domino’s Pizza-ის ისტორიას გიყვებით, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ერთ ფაქტს. როცა ტომმა წარმატებას, ასე თუ ისე, გემო გაუგო და წინსვლა დაიწყო, მან პიცის დეგუსტატორებად უსინათლო ადამიანები მოიწვია. ამით ის ამოწმებდა, რამდენად იყო მისაღები მომხმარებლისთვის პიცის გემო და არ უნდოდა, რომ პირველი შთაბეჭდილება ვიზუალს მოეხდინა. 

ტომი ზოგჯერ იმ მეფეებივითაც იქცეოდა, პერიოდულად ღარიბულ ტანსაცმელს რომ იცვამდნენ და ქუჩებში, ხალხში საურთიერთოდ გადიოდნენ. მას თავად სურდა ენახა მომხმარებლის რეაქციები, როცა პიცას სახლში მიართმევდნენ, ამიტომ კურიერის ფორმაში გამოწყობილი თავად მიდიოდა გამოძახებებზე. 

წინ და წინ…

ძნელი სათქმელია, კონკრეტულად ამ მეთოდებმა გაამართლა თუ კიდევ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მას მერე Domino’s Pizza-ის საქმე უკეთ და უკეთ წავიდა. 1968 წელს ის გასცდა მიჩიგანს და თანამშრომლობა სხვა პიცერიებთანაც დაიწყო. 1978 წლისთვის ტომს 200 პიცერია ჰქონდა, 1983 წლისთვის კი 1000-მდე პიცერია მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით. 

ტომი Domino’s Pizza-ს 38 წლის განმავლობაში მართავდა. 1998 წელს მან თავისი კომპანიის 93% მიჰყიდა Bain Capital Inc-ს. 

Domino’s Pizza დღეს

დღეს Domino’s-ს აქვს 17000-ზე მეტი მაღაზია 90-ზე მეტ ქვეყანაში, საცალო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი კი 14,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. Domino’s-ს აქვს მენიუში სხვადასხვა პროდუქტი, რაც მას პიცის მიწოდების ერთ-ერთ საუკეთესო სერვისად აქცევს მსოფლიოში. Domino-ს გაყიდვების ნახევარზე მეტი ახლა აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოდის. საინტერესოა, რომ Domino’s არის ბაზრის ლიდერი პიცის სეგმენტში ინდოეთში.

მართალია, ტომ მონაჰანმა არაფერი იცოდა ბიზნესის შესახებ, მაგრამ მაინც მოახერხა იმპერიის შექმნა. ამ ამბის მორალი ალბათ ისაა, რომ ყოველთვის გავაგრძელოთ თავდაუზოგავი შრომა და არ შეგვეშინდეს წარუმატებლობის, რადგან სწორედ წარუმატებლობა გვაძლევს ძალასა და გამოცდილებას, რომ დავწეროთ წარმატებული ბიზნეს ისტორია.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Toyota-ს კამპანიაში ადამიანები ყველა დაბრკოლებას უმკლავდებიან

რა არის ემოციური პერფექციონიზმი და რატომ არის ის საზიანო?