პანდემიური წლის განმავლობაში ბევრი კომპანია, თავისი სწრაფი და აქტიური ქმედებებით ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. Nuro-მ კი, “ზედმეტი ხმაურის” გარეშე შემოიტანა ადამიანების ყოველდღიურობაში ინოვაციური ცვლილება. მისი თვითმართვადი მანქანა R2 ერთადერთია, რომელიც აშშ-ს ტრანსპოსრტირების დეპარტამენტისგან, მძღოლის გარეშე გადაადგილების უფლება მიიღო – R2 პიცის მიწოდების ბიზნესშია!
Domino’s Pizza-მ და Nuro-მ განაცხადეს, რომ ამ კვირიდან ეს ავტონომიური მანქანა პიცის მიწოდების სერვისში დაიმკვიდრებს ადგილს. მომხმარებლებს, გარკვეულ დღეებსა და ლოკდაუნის პერიოდში, შეეძლებათ, პიცის მიწოდება Nuro R2-ის საშუალებით ითხოვონ, თუ შეკვეთას ინტერნეტით ახორციელებენ. რის შემდეგაც, რესტორანი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ადამიანს, რომელსაც თვითმართვადი მანქანის მომსახურება ერგება წილად და შეტყობინების სახით გაუგზავნის შესაბამის PIN კოდს.
მას შემდეგ, რაც R2 დანიშნულების ადგილზე მივა, მომხმარებელმა სენსორულ ეკრანზე PIN კოდი უნდა ჩაწეროს. გაღებულ კარებს მიღმა კი, შეკვეთილი საკვები დახვდება.
Nuro-მ ამ პროექტის შესახებ 2019 წლის ბოლოს ისაუბრა და განაცხადა, რომ Domino’s Pizza-სთან თანამშრომლობას, R2-ის გამოყენებით აპირებდა. მართალია, ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის მიწოდების სერვისი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონს (ჰიუსტონს) ეხება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მალე მთელი მსოფლიოც მოიცვას?!