ვინაიდან, ალცჰაიმერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს, მის სამკურნალო პრეპარატებზე არაერთი კომპანია მუშაობს. უბრალოდ, ამ დრომდე მნიშვნელოვნად ეფექტიანი არცერთი ყოფილა. ახლა კი ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, მისმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში წარმატებით შეანელა კოგნიტიური და ფუნქციური დაქვეითება.
საუბარია Donanemab-ზე, რომელიც აშშ-ის მარეგილირებლებთან შემოწმებას ივნისის ბოლოდან გაივლის და იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში ავტორიზაციასაც მოიპოვებს. 1182 ადამიანზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში კომპანიის ძირითადი ორიენტირი იმაზე იყო, რა გავლენა ექნებოდა მედიკამენტს პაციენტების ყოველდღიურ ამოცანებზე — მაგალითად, სადილის მომზადებასა და მანქანის მართვაზე. როგორც მონაცემებმა აჩვენა, 18 თვის განმავლობაში დაავადების მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ პაციენტების ნახევარს, რომლებიც Donanemab-ს იღებდნენ, მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის ვადაზე სიმპტომების გაუარესება არ უფიქსირდებოდათ. ხოლო პლაცებოს მიღების შემთხვევაში, დაავადება 71%-ით მეტად პროგრესირებდა.
უბრალოდ, სარგებელთან ერთად გასათვალისწინებელია გვერდითი ეფექტებიც. სამწუხაროდ, ცდებისას დადგინდა, რომ პრეპარატის მიღებას თავის ტვინის შეშუპების ან სხვა პათოლოგიების გამოწვევა შეუძლია. მართალია, შემთხვევათა უმეტესობა სერიოზული არ არის, მაგრამ კომპანიის თქმით, სულ მცირე ორი პაციენტის გარდაცვალება სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.
ამის პარალელურად, არსებობს Donanemab-ის მსგავსი ალტერნატიული პრეპარატიც, სახელწოდებით Leqembi. ეს უკანასკნელი უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის შეიქმნა და მიღების ინტენსივობაც განსხვავებულია. ამიტომაც, კლინიცისტები ამ ეტაპზე ორივე მედიკამენტის შესწავლას გეგმავენ, რა მათი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები დაადგინონ — შედეგად, გაუმჯობესებული ვერსიის მიღებას იმედოვნებენ.