Donna მობილური აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც, პარტნიორ რესტორნებში მომხმარებელი უკვეთავს სასმელს ან საკვებს. შემდეგ მიდის ადგილზე, მომსახურე პერსონალი ხვდება გზაზე და შეკვეთას პირდაპირ მანქანაში აწვდის. სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა აბაშიძის თქმით, მათი მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს არ დაკარგონ დრო და დალიონ ან მიირთვან ზუსტად ისეთი სასმელი და საკვები, როგორიც უყვართ. Donna-ს სერვისი ჯერ მხოლოდ თბილისშია, აპლიკაცია სულ რამდენიმე დღის წინ „გაეშვა”.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=mWFt7N5EbIY[/embedyt]
ყველაფერი დროის დეფიციტისა და საყვარელი ყავით დაიწყო:
ნიკა აბაშიძე: გამოვფხიზლდე, გზად აუცილებლად ვსვამ ყავას. მე რომელი ყავაც მიყვარს, Drive – Thru არ აქვს, ამიტომ უნდა გააჩერო, გადახვიდე, დაელოდო როდის გაგიმზადებენ და ა.შ. ამას, დაახლოებით, 15 წუთი სჭირდება. ეს კი დიდი დროა ყავის ყიდვაზე დასაკარგად, მით უმეტეს დილას. ერთხელაც ვთქვი, რა კარგი იქნება, წინასწარ რომ ვუკვეთავდე ყავას და პირდაპირ მანქანაში მაწვდიდნენ-მეთქი. როგორც ფილმებშია ხოლმე, თავს ზემოთ განათდა ნათურა. ალბათ, 10 წუთში დამილაგდა ტვინში, როგორ უნდა მუშაობდეს ამ სერვისის აპლიკაცია. დაახლოებით, 1 თვე ვხვეწავდი დეტალებს. ერთ დღესაც Facebook-ს „ვსქროლავდი“ და ამომიგდო არჩილ ვარშანიძის პოსტი. გამახსენდა, არჩილი არის დეველოპერი, აქვს ტექნიკური რესურსი და უყვარს ყავა. აღმოჩნდა, რომ მასაც უფიქრია მსგავს სერვისზე და რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა. დავიმატეთ გუნდში გურამ ვარშანიძე და შევუდექით საქმეს.
რატომ Donna?
არის ასეთი სერიალი Suits. მთავარ პერსონაჟს, იურისტ ჰარვის ჰყავს ასისტენტი Donna, რომელიც ყველაფერს აკეთებს უფროსის კომფორტისთვის. იდეაში, ჩვენი Donna-ც ხომ მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს. საქპატენტმაც დამიდასტურა, რომ შემეძლო ეს სახელი დამერქმია და ბევრი აღარც მიფიქრია.
M: კონკრეტულად რა სთავაზობთ მომხარებელს და ვისთვისაა ეს აპლიკაცია?
მომხმარებელს ვთავაზობთ Drive-Thru სერვისით სარგებლობას ჩვენს პარტნიორ რესტორნებში. მომხმარებელი წინასწარ უკვეთავს Donna-ს აპლიკაციის საშუალებით, მიდის რესტორანთან, სადაც შეუკვეთა, მომსახურე პერსონალი ხვდება გზის პირზე და აწვდის შეკვეთას პირდაპირ მანქანაში. Donna არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს დროს და თვლის რომ ასეთი კომფორტის ღირსია. მომსახურება სრულიად უფასოა. ჩვენ ვთავაზობთ მანქანაში მირთმეულ შეკვეთას იგივე ფასად, რა ფასადაც თავად იყიდდა რესტორანში.
პირდაპირი კონკურენტი თუ გყავთ და Donna რითია გამორჩეული?
ჯერჯერობით, ჩვენ კონკურენტები არ გვყავს, რამდენადაც ვიცი, პირველები ვართ ამ საქმეში. მაგრამ, რომც გამოჩნდნენ, დარწმუნებული ვარ, Donna კონკურენტუნარიანი იქნება. გვიყვარს ჩვენი პროდუქტი და მომხმარებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ვიფიქრებთ პროდუქტის განვითარებაზე, მომხმარებლის სასარგებლოდ. კომპანია კი რომელიც მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ყოველთვის იქნება კონკურენტუნარიანი.