24
Jan
2020

ნუ დატვირთავთ თავს ერთდროულად ძალიან ბევრი მიზნით

24 Jan 2020

ბევრ ჩვენგანს ესმის, როგორი რთულია რამდენიმე მიზანზე ერთდროულად მუშაობა. ასეთ დროს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩვენ შევძლებთ, თითოეულ მათგანს თანაბარ ყურადღებას მივაქცევთ. როგორ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტი, თუ რომელ მიზანზე უნდა ვიმუშაოთ თავდაპირველად? ჩვენ გთავაზობთ გზებს, რომ გაიაზროთ, როგორი მუშაობა მოგცემთ ყველაზე მეტ სარგებელს და გაგიზრდით შანსებს, მაქსიმალური შედეგი დადოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პირველ რიგში, შეასრულეთ თქვენი გეგმა თქვენივე კომპანიის მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად

რომელი რანგის თანამშრომელიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ჰკითხეთ გუნდის ლიდერს, თუ რომელ მიზანზე მუშაობა არის პრიორიტეტული კომპანიისთვის.. სულ მინიმუმ, თქვენ ფოკუსირდებით იმაზე, რაც კომპანიისთვის და მისი გუნდის წევრებისთვისაა მნიშვნელოვანი. თქვენი უფროსი კი დაგეხმარებათ, პოზიტიური უკუკავშირი მოგცეთ, რაც ხელს შეგიწყობთ, თავიდან აირიდოთ შეცდომების დაშვების შესაძლებლობა, დროის რესურსის უაზროდ დაკარგვის საფრთხე და, რაც მთავარია, მოიპოვოთ სიმშვიდე.

შექმენით “მიზნების თაიმლაინი”

თქვენი გრძელვადიანი ხედვის შესასრულებლად გჭირდებათ, რომ ოპტიმალური მიმდევრობით, ქრონოლოგიურად დაალაგოთ თქვენივე მიზნები. იფიქრეთ გრძელვადიან გეგმებზე (3-5 წლიანი გეგმები) და გააკეთეთ სია, თუ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ამ მიზნებს მიაღწიოთ (უნარები, ცოდნა, კავშირები, მატერიალური რესურსი თუ სხვ.). გეგმების ქრონოლოგიურად დალაგება და საჭიროებების განსაზღვრა უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მიზანმიმართულად, სწორი მიმდევრობით იმუშაოთ და თქვენს საბოლოო მიზანს მიაღწიოთ.

განსაზღვრეთ ერთი ძირითადი მიზანი

მიზნებს სჭირდებათ იდენტიფიცირება. თუკი თქვენ ერთ ძირითად მიზანს განსაზღვრავთ, თქვენი ზოგადი ხედვის განხორციელება უფრო გამარტივდება. როცა უბრალოდ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი ჩვენი ბიზნესის გაზრდაა, ამ სიტყვებით მოვიცავთ უამრავ დეტალს და, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი ძალიან ზოგადი გამოდის. როცა ზუსტად იცით, რა გინდათ და რატომ გინდათ, საჭიროებებსა და ვადებს ზუსტად განსაზღვრავთ და აღარ გიწევთ ზედმეტი რესურსის ხარჯვა.

აიძულეთ თავი, იმუშაოთ მიზანზე თქვენ მიერ გამოყოფილი დროის განმავლობაში

დიდხანს გაწელილი საქმე, ფაქტობრივად, ნახევრად ვერშესრულებული გეგმაა. როცა ისე ხდება, რომ მიზნის განხორციელების ეტაპებზე ნელ-ნელა გადავდივართ, სხვა რამეზე ვკონცენტრირდებით და საკუთარ გეგმას ნაკლებ დროს ვუთმობთ, არის იმის დიდი ალბათობა, რომ ეს გეგმა არ შესრულდება. ერთია გეგმების ქრონოლოგიური დალაგება და საჭიროებების განსაზღვრა და მეორე ის, თუ რამდენად ნაყოფიერად და დროულად შეძლებთ მათ შესრულებას. ერთი არშესრულებული გეგმა იმის გარანტიაა, რომ მეორეზე ვერ გადახვალთ. ამიტომაც, საჭიროა, თავს დააძალოთ და ფოკუსირდეთ თქვენს მიზანზე. ჩაეტიოთ თქვენ მიერვე განსაზღვრულ დროში და მიზნის დროულად განხორციელებაზე იზრუნოთ.

ბევრი გეგმა და მიზანი ადამიანს კონცენტრირებაში უშლის ხელს. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს, ერთდროულად რამდენიმე მათგანზე იმუშაოთ, რადგანაც ასეთ დროს ნაკლებია იმის შანსი, რომ ყველას ნაყოფიერად შეასრულებთ. ამიტომაც, მიჰყევით ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და ეცადეთ, დაგეგმილად განახორციელოთ თქვენი გრძელვადიანი გეგმები.

წყარო: HBR



განხილვა