in

[პრემიერა] “Don’t Give Up” (არ დანებდე)! – Bravo Records-ის გამამხნევებელი გზავნილი მთელ მსოფლიოს

“Don’t Give Up” (არ დანებდე) – მუსიკალური კლიპი, რომელსაც დღეს პირველად სწორედ Marketer-ის მკითხველი იხილავს, მთელი მსოფლიოს გასამხნევებლად შეიქმნა. Covid-19-ის პერიოდმა, არამხოლოდ ახალი სიტყვები (პანდემია, კლასტერი…) და ქცევები (დეზინფექცია, ნიღბებით სიარული…) შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურობაში, არამედ ბევრისთვის სტრესის, საყვარელ ადამიანებთან დაშორებისა და უიმედობის მიზეზად იქცა. სწორედ ამ დროს, როდესაც სამყარო უხილავ მტერს ებრძვის და არ იცის, როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, მუსიკალურმა კომპანია Bravo Records-მა ადამიანებს მთელს მსოფლიოში მხარდამჭერი მუსიკალური გზავნილი მიუძღვნა. კლიპში პოპულარული ქართველი შემსრულებლები, ალეკო ბერძენიშვილი და სოფო ბათილაშვილი, პიტერ გაბრიელისა და ქეით ბუშის დუეტს – “Don’t Give Up”-ს ასრულებენ:

 

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი, Bravo Records-ის პრეზიდენტი, ზაზა შენგელია გვიყვება, ვიდეორგოლს არა მხოლოდ ქართველი მაყურებელი, არამედ მთელი მსოფლიო იხილავს, სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო მუსიკალური ვებპლატფორმის საშუალებით.

“პროექტის მიზანია, ადამიანები გამოიყვანოს პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდის სტრესიდან, უფრო ოპტიმისტურად განაწყოს, გაამხნევოს და ხვალინდელი დღის რწმენის განმტკიცებაში დაეხმაროს, იმ სასოწარკვეთის, თვითიზოლაციის, კარანტინებისა და სხვა სირთულეების ფონზე, რის წინაშეც ჩვენ ყველანი დავდექით. თავად სიმღერის სათაურიც “Don’t Give Up” (არ დანებდე) ამისკენ მიანიშნებს,” – გვიამბო ზაზა შენგელიამ.

M: რა იქცა პროექტის შთაგონებად?

პანდემია, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანს შეეხო მთელ დედამიწაზე, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. ის ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის და მსხვერპლიც საკმაოდ დიდი მოჰყვა. თუმცა, იმ სტრესის გარდა, რაც ამ პანდემიამ უამრავ ადამიანს მიაყენა, შეიძლება ეს პერიოდი იყოს ერთგვარი საშუალება, რომ ადამიანებმა თავისებურად გადახედონ საკუთარ განვლილ ცხოვრებას, სულიერ ფასეულობებს, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, რათა ნაკლები იყოს სიძულვილი და სისასტიკე, რამაც მთელს პლანეტაზე კონფლიქტები და ომები მოიტანა და თანაც სასტიკად დააზიანა თავად ადამიანების საარსებო გარემო… მე მიმაჩნია და ასე ვთვლი, რომ ამ დაუნდომელი პანდემიის შემდეგ, ადამიანები შესაძლოა სასიკეთოდ შეიცვალონ და უფრო ჰუმანურები და მიმტევებლები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. სწორედ, ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია – გაგვეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც გათვლილი იქნებოდა არა მარტო ქართულ აუდიტორიაზე და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჯგუფ Genesis-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, ლეგენდარული მუსიკოსის, პიტერ გაბრიელის საეტაპო ჰიტი, კერძოდ კი, მისი ცნობილი დუეტი ქეით ბუშთან “Don’t Give Up”.

M: არჩევანი ამ სიმღერაზე როგორ შეაჩერეთ?

ეს სიმღერა შეიქმნა 80-იან წლებში და გარდა ადვილად დასამახსოვრებელი და დრამატული მელოდიისა, მას აქვს ძალიან საინტერესო ტექსტი. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანის სიმღერა, რომელმაც ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჯახებისას ხვალინდელი დღის რწმენა დაკარგა. ამ სიმღერის კონტექსტით ერთგვარი პარალელი გავავლეთ პანდემიასთან და მივუსადაგეთ ამ პროექტს. პროექტი შეიქმნა მუსიკალურ კომპანია Bravo Records-ში, ჩვენი პარტნიორების – საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში ახლად შექმნილი ორგანიზაცია, საქართველოს უფლებადამცველთა ასოციაციის „GERA“ და ასევე ახლადშექმნილი მუსიკალური გამომცემლობის “PRIMO MUSIC” მხარდაჭერითა და თანადგომით. ვფიქრობთ, ქართული ინტერნეტ პლატფორმების გარდა, ამ კლიპს საერთაშორისო პლატფორმებზეც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვება.

M: ვინ არიან სიმღერის ქართველი შემსრულებლები?

რაც შეეხება სიმღერას, მასზე მუშაობდნენ განსაკუთრებული, ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები – ალეკო ბერძენიშვილი და სოფო ბათილაშვილი, რომელიც გახლავთ სატელევიზიო კონკურს „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული. როდესაც ამ პროექტის იდეა დაიბადა, ყველა ჩვენთაგანის აზრი იყო, რომ ქეით ბუშის პარტია სწორედ მას უნდა შეესრულებინა. სოფო არის უნივერსალური მომღერალი, თავისი შემოქმედებით ძალიან ძლიერი გზავნილის მატარებელი და დარწმუნებული ვიყავით, რომ ის ძალიან კარგად გაართმევდა თავს ამ ამოცანას. ალეკო ბერძენიშვილისა და სოფო ბათილაშვილის ეს დუეტი არის ძალიან გამორჩეული – ორივე მათგანმა ჩაწერისას უზარმაზარი ემოცია და მუხტი ჩადო ამ სიმღერაში და დარწმუნებული ვარ, ეს ენერგია აუცილებლად მივა მაყურებლამდე, რომელ ქვეყანაშიაც და რომელ კონტინენტზეც არ უნდა იყოს ის. სხვათაშორის სიმღერის ჩაწერა, მიქსინგი და მასტერინგი თავიდან ბოლომდე ალეკო ბერძენიშვილმა განახორციელა, რომელიც ამასთანავე Bravo Records-ის ხერხემალი და მთავარი ხმის ინჟინერია.

M: ვინ იმუშავა ვიდეორგოლის შექმნაზე?

კლიპზე მუშაობდა უნიჭიერესი და ყველასათვის საყვარელი ტელე-რეჟისორი დათუნა გერსამია, ცნობილი ოპერატორი – ლევან აბულაძე და რეჟისორის ასისტენტი ტატო ხაბაზიშვილი. მათ აბსოლუტურად უსასყიდლოდ გასწიეს მთელი ეს სამუშაო და ბუნებრივია, მათი მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნული პროექტი საერთოდ ვერ შედგებოდა.

კლიპში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ძალიან ემოციურად ასახავენ მიმდინარე პანდემიას და ადამიანთა მდგომარეობის სრულ დრამატულობას დღევანდელ მსოფლიოში. ისინი გვაჩვენებენ, თუ რა ხდება ყოველდღიურად მოხუცების, ბავშვების, ახალგაზრდების, ჯარისკაცების, პოლიციელების და ზოგადად უბრალო ადამიანების ცხოვრებაში დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე… და რაც ყველაზე მთავარია, თუ როგორ თავგანწირვით იბრძვიან ექიმები და ზოგადად სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლები ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ვფიქრობ, ეს ფოტომასალაც ძალიან ძლიერ ემოციას აღძრავს მაყურებელში, იმ მთავარი გზავნილის გარდა, რომელიც  სიმღერის მუსიკასა და ტექსტშია გადმოცემული.

Apple-მა ვირტუალური რეალობის მიმართულებით მომუშავე კომპანია იყიდა

Facebook-მა GIPHY-ს $400 მილიონად იყიდა, შევძლებთ თუ არა მის გამოყენებას სხვა პლატფორმებზე