in

არ იმუშაოთ დასვენების დღეებში! მართლა!

ჩვენი სამუშაო სპეციფიკა ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდის. დროის განაწილების ამერიკული კვლევის თანახმად, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, თანამშრომელთა 30%-ის თქმით, არამხოლოდ დასვენების დღეებსა და შვებულების პერიოდშიც მუშაობს, არამედ ოფიციალური უქმეების დროსაც. მეტიც, ბოლოდროინდელმა ცვლილებამ, რაც პანდემიამ მოიტანა, სრულიად გადააფასა სამუშაო პროცესი – წაიშალა საზღვარი პირად და სამუშაო დროს შორის და საქმემ წაიღო ის რესურსიც, რომელიც მას, წესით, არ ეკუთვნოდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბევრი ფიქრობს, რომ სამუშაოსთან დაკავშირებულმა მოქნილობამ აუცილებლად უნდა იმოქმედოს მოტივაციაზე. საკუთარი განრიგის დაგეგმვის შესაძლებლობა, სამუშაო საათების კოორდინირების საშუალებას გვაძლევს და ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ადამიანები უფრო მოტივირებულები უნდა იყვნენ, დასვენების დღეებში სამუშაოდ. ამასთან, კვლევა გვიჩვენებს, რომ დაკავებულობის შეგრძნება უფრო პროდუქტიულად გვაგრძნობინებს თავს და ამდენად, თქვენი საქმეც უფრო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი ჩანს.

თუმცა, კვლევამ გვიჩვენა, რომ ეს ცალსახად ასე არ არის. ზემოხსენებული შეხედულებების საპირწონედ, დასვენების დღეებისა და შვებულების პერიოდში მუშაობა ხელს უშლის ასეთი სიტუაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს – შინაგან მოტივაციას. საქმე ისაა, რომ ჩვენ მოტივაციას იმ დროს ვიღებთ, როცა ჩვენ მიერ გაკეთებული სამუშაო საინტერესო, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. მონაცემების თანახმად, თავისუფალ დროს მუშაობა წარმოშობს შინაგან კონფლიქტს პირად და პროფესიულ მიზნებს შორის და ადამიანები სამუშაოსგან ნაკლები სიამოვნების მიღებისკენ მიჰყავს. თუკი, საქმისგან დატვირთულებს თავისუფალი დრო აღარ გრჩებათ, რათა შესრულებული საქმისგან დამოუკიდებლად, პირადი ცხოვრების მიღწევებითაც დატკბეთ, დროა ამ საკითხზე დაფიქრდეთ.

როგორ აისახება თქვენი სამუშაო პროცესი თქვენს შინაგან მოტივაციაზე?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, 1298 ამერიკელი დაქირავებული თანამშრომელი გამოიკითხა. მათ უნდა მიეთითებინათ, მუშაობდნენ თუ არა დასვენების დღეებში. ამასთან, მოტივაციის დონის აღსანიშნად სპეციფიკური რწმუნებულებები იყო მოყვანილი, როგორიცაა: “ჩემი საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია” ან “ჩემი სამუშაო თვითრეალიზაციის საშუალებას მაძლევს”.

შენიშნეს, რომ საშუალოდ, ადამიანები, რომლებიც უქმე დღეებშიც მუშაობდნენ, ნაკლებმოტივირებულები იყვნენ. თანაც, ადამიანების მოტივაცია მხოლოდ სამსახურით ხომ არ განისაზღვრება – აქაა ფინანსური ფაქტორი, ყოველდღიური დატვირთვის დონე, ხელისშემშლელი მომენტები, სახლის საქმეები, ურთიერთობები და ზოგადად, ცხოვრების დონით კმაყოფილება. ყველა კვლევა, რომელიც ამ საკითხის შესასწავლად ჩაატარა გუნდმა, ადასტურებს, რომ არასამუშაო დღეებში იმავე საქმის კეთება მკვეთრად აისახება მოტივაციაზე.

ერთ-ერთ კვლევაში, მონაწილე სტუდენტები გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ სასწავლო პროცესშიც იგივე მიდგომაა – თუკი სტუდენტი მეცადინეობდა მაშინ, როცა სხვებს დასვენების დღე ჰქონდათ, ის ნაკლებად მოტივირებულად გრძნობდა თავს.

რატომ მოქმედებს უქმე დღეებში მუშაობა მოტივაციაზე ნეგატიურად?

ადამიანები კვირის დასაწყისად ორშაბათს მივიჩნევთ და კვირასაც ისე ვანაწილებთ, რომ მის ბოლოს დავისვენოთ. როდესაც დასვენების საშუალება არ გვეძლევა, შინაგანი კონფლიქტი იწყება და მოტივაციის ენერგიაც ამ კონფლიქტზე იხარჯება.

მაინც, რა უნდა ვიღონოთ, თუკი საქმის კეთება არასამუშაო დროს გვიწევს?

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს გარდაუვალი ჩანს. თუმცა, თუკი მაინც დადგა ამის გარდაუვალი აუცილებლობა, კვლევის შედეგები მოვიშველიოთ, რომლის თანახმადაც დასვენების დღეებში მომუშავე სტუდენტები ამ პერიოდს ჩვეულებრივ სამუშაო დროს არქმევდნენ:

კვლევის ფარგლებში, მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს უთხრეს შემდეგი ფრაზა: “ადამიანები უქმე დღეებს სამუშაოს წინ წასაგდებად იყენებენ”, მეორეს კი ასეთი წინადადება გააცნეს: “ადამიანები, ჩვეულებრივ, უქმე დღეებს მოდუნებისა და დასვენებისთვის იყენებენ”. მონაცემების თანახმად, იმის მიუხეადავად, რომ ორივე ჯგუფი მუშაობდა უქმე დღეებში, პირველი ჯგუფი უფრო მეტად იყო ჩართული საქმეში, რადგან ამ დროს სამუშაო პერიოდად აღიქვამდა.

რამდენად აზიანებს არასამუშაო საათებში მუშაობა სამუშაო მოტივაციას?

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მოტივაცია მხოლოდ შინაგანი მოტივაცია არ არის, რაც სამუშაო ძალას გვაძლევს. ადამიანები გარეგანი მოტივაციისთვისაც მუშაობენ (ანაზღაურება, ოჯახის შენახვა და ა.შ). და იმის მიუხედავად, რომ უქმე დღეებში მუშაობა ნეგატიურად აისახება სამუშაოს მიმართ შინაგან მოტივაციაზე, ის დადებითად მოქმედებს გარეგან მოტივაციაზე, თუკი ასეთი სამუშაო ანაზღაურებადია. ამდენად, თუკი სანაცვლოდ, რაიმე სარგებელი არსებობს, მოტივაციის შენარჩუნება ბევრად მარტივდება.

შეჯამების სახით: იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებთ, დაკავშირებულია არამხოლოდ თავად საქმესთან, არამედ იმ აქტივობებთანაც, რაში ჩართვაც ამ საქმიდან გამომდინარე გვიწევს. თუკი, უქმე დროს გიწევთ მუშაობა, ეცადეთ გონებრივად გადააფასოთ ის და აღიქვათ სამუშაო დროდ, რათა მოტივაციის შენარჩუნება შეძლოთ. თავის მხრივ, თანამშრომლების მოტივირებაში დიდი როლი აქვთ მენეჯერებს. მათ შეუძლიათ გაამხნევონ თანამშრომლები ასეთ დროს, რადგან გუნდის წევრების მოტივაცია, უქმე დღეებში, საკმაოდ დაბალია. საბოლოო ჯამში, იმის გაცნობიერება, თუ რა გაძლევთ მოტივაციას, როგორ შეინარჩუნოთ განწყობა, როცა არასამუშაო დროს გიწევთ საქმის კეთება, ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისა და ჩართულობის შენარჩუნების პროცესში.

 

წყარო: HBR



„მესი თუ რონალდუ?“ და სხვა კითხვები – „აჭარაბეთის“ კვლევა ფეხბურთის ქართველ ქომაგებს შორის

როვერ Perseverance-ის სტარტი მარსისკენ – როგორ ვადევნოთ თვალი NASA-ს ახალი მისიის დაწყებას