ერთი წლის წინ, თებერვლის ბოლოს, გამთენიისას, სოციალური ქსელი, დაბომბილი კიევის, ალმოკიდებული მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ვიდეოებმა და ფოტოებმა რომ მოიცვა, რასაც მალევე მოჰყვა ცნობები უკრაინის სხვადასხვა დაბომბილი ქალაქის, დაჭრილი და დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ, ყველამ გააცნობიერა, რომ კი, ეს იყო ომი, ნამდვილი ომი, რომლის მოლოდინიც თითქოს ბევრს ჰქონდა, მაგრამ დაჯერება მაინც ჭირდა.
და დაიწყო უძინარი ღამეები. სხვადასხვა სოციალური არხის, ფეისბუკის, ტვიტერის, ინსტაგრამის, ტელეგრამის უსასრულო „სქროლვა“, ერთმანეთისთვის ახალი ინფორმაციის, ფოტოს, ვიდეოს გაზიარება, რაც კიდევ უფრო მძაფრად აგრძნობინებდა საზოგადოებას, რომ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიერ წამოწყებული ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზნადაც მან “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია” გამოაცხადა, ცხადია, სხვა არაფერს ნიშნავდა, თუ არა უკრაინის ოკუპაციის მცდელობას, მშვიდობიანი მოსახლების ხოცვას, მილიონობით ლტოლვილსა და მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა თუ სოფლებს – და მსოფლიომ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში, სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო თვალის დევნება ომის ყველაზე საშინელი და ბნელი მხარისა.
რაღაც იყო გასაკეთებელი. უკრაინას უჭირდა, უკრაინელ ხალხს დახმარება სჭირდებოდა. 2022 წლის თებერვლის მიწურულმა, შემდგომმა დღეებმა და თვეებმა კი კარგად გამოაჩინა, რა ძალა ჰქონდა ომის ალში გახვეული ქვეყნის დახმარების სურვილს. ეს სურვილი, კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა საქართველოში, ქვეყანაში, რომელმაც ისევ და ისევ რუსეთის „წყალობით“, კარგად იცის, რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია, დევნილობა…
სწორედ ამიტომ, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ქართულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ჯგუფები, საინიციატივო გაერთიანებები, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ უკრაინელებისთვის დახმარების, საკვების, ტანსაცმლის, პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვებას და შემდეგ უკვე ტონობით ტვირთი უკრაინაში იგზავნებოდა – სოლიდარობისა და გვერდში დგომის სურვილი უპრეცედენტო იყო.
ამ ყველაფრის პარალელურად, ცივილურმა სამყარომ, მათ შორის, საქართველომ და რა თქმა უნდა, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, მაშინვე გააცნობიერა, რომ ძალიან მალე, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე საქართველოში, უკრაინიდან იძულებით წამოსული ადამიანების დახმარება გახდებოდა საჭირო – მათი დაბინავება და არა მხოლოდ დაბინავება. ამ ადამიანებს, თავშესაფრისა და პირველადი მოხმარების ნივთებთან ერთად, დასჭირდებოდათ სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობა და სხვა.
ასე გაჩნდა იდეა, DOPOMOGA UKRAINI ანუ „დახმარება უკრაინას“ – საინფორმაციო ონლაინ-პლატფორმის შექმნის იდეა, რომლის მიზანი იყო და დღემდე არის, ერთ სივრცეში განათავსოს ყველა ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს შეიძლება დასჭირდეთ.
ყველაფერი კი 2022 წლის 3 მარტის საღამოს დაიწყო – უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე.
ნათია ანასტასიადი, ანა ქებაძე, თეონა ჭკადუა და ეკა ჭუმბურიძე, ოთხი სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე მეგობარი, ეკას სახლში მაგიდას შემოუსხდნენ და გადაწყვიტეს, რომ უნდა შეექმნათ საინფორმაციო სივრცე, სადაც საქართველოში „ჩარჩენილი“ და უკრაინიდან მომავალი ლტოლვილები, ყველა იმ აუცილებელ ინფორმაციას მიიღებდნენ, რაც უცხო ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, მათ ასე ძალიან დასჭირდებოდათ.
„მაშინ ყველანი, თითქმის 24 საათი, სოციალურ ქსელებში ვისხედით, ვეცნობოდით სიახლეებს, დავდიოდით უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე და გვესმოდა, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდებოდა, ვიღაცას დაბინავება სჭირდებოდა, ელემენტარული ტანსაცმელი ან საკვები, მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. კარგად მახსოვს, როგორ მივიწერე სამეგობროს „ჩათში“, ასე აღარ შემიძლია, რამე უნდა გავაკეთოთ-მეთქი“, – იხსენებს თეონა ჭკადუა, DOPOMOGA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და „გრინვეი საქართველოს“, კომერციული დირექტორი.
„დასვენების დღე. ეკა ჭუმბურიძის სამზარეულოში შევიკრიბეთ, დავსხედით და დავიწყეთ ყველა იმ შეთავაზების და ინფორმაციის შეგროვება, რომელიც იმ დღეებში სოციალურ ქსელებში იდებოდა. ძალიან ბევრი შეთავაზება იყო, ზოგი სახლს უთმობდა უსასყიდლოდ უკრაინელ ოჯახს, აფთიაქებმა დადეს შეთავაზებები, საკვებმა ობიექტებმა, სასტუმროებმა… გავაკეთეთ ფეისბუკის ჯგუფი, რომ ამ ჯგუფში მოგვეწვია როგორც უკრაინელები, ისე ქართველები და ინფორმაცია გაგვეზიარებინა ქართულ და უკრაინულ ენებზე. იქვე ვიკითხეთ, ხომ არ იყო ჯგუფში უკრაინული ენის მცოდნე, რომ თარგმანში დაგვხმარებოდა. მაშინვე გამოგვეხმაურა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი. დღემდე ყველაფერს ეს გოგო გვითარგმნის. პირველივე დღეს, 3 მარტს, ასამდე ასეთი განცხადება და შეთავაზება შევაგროვეთ – ყველანაირი შეთავაზება იყო, ბინა, საკვები, ტანსაცმელი, დასაქმება. ყველაფერი“, – ამბობს თეონა, რომლის თქმითაც, საინფორმაციო გვერდის სახელის შერჩევაში მათ უკრაინელი მეგობარი დაეხმარა: „მისთვის არ მითქვამს, რას ვაკეთებდი და რისთვის მჭირდებოდა კონკრეტული სიტყვების თარგმნა. უბრალოდ ვთხოვე, რამდენიმე სიტყვა ეთარგმნა და მათ შორის, ყველაზე ლოგიკური, ცხადია, სიტყვა „დახმარება“ ანუ DOPOMOGA იყო“.
თავდაპირველად გადაწყდა, რომ DOPOMOGA უნდა ყოფილიყო ფეისბუკის გვერდი და ჯგუფი, სადაც თავს მოიყრიდა, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინელ ხალხს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობდა. არადა, იმ პერიოდში, ეს შეთავაზებები ბევრი იყო – რიგითი მოქალაქეები თუ სხვადასხვა კომპანია, უკრაინელ ლტოლვილებს სთავაზობდნენ ბინებს უსასყიდლოდ, სხვადასხვა კვების ობიექტებსა თუ აფთიაქებში ფასდაკლებებს, სამედიცინო სერვისებს, საგანმანათლებლო კურსებს, დასაქმებას. ამის პარალელურად გაჩნდა უკრაინის მოქალაქეებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებიც. ერთი მხრივ, ეს შეთავაზებები იყო ბევრი, მაგრამ მეორე მხრივ, სხვადასხვა სივრცეში გაბნეული ინფორმაცია და თან ქართულ ენაზე, საქართველოში ჩამოსულ ლტოლვილებს ამ შეთავაზებებით სარგებლობის გზას ურთულებდა.
„ჩვენ ვერ ჩავიცვამდით უნიფორმას და ომში ვერ წავიდოდით, რადგან ამის გამოცდილება არ გვაქვს, ამიტომ დახმარების სხვა გზა უნდა აგვერჩია“, – ამბობს ნათია ანასტასიადი, DOPOMOGA-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ თანამშრომელი.
DOPOMOGA ნათიასთვის, ისევე როგორც მისი მეგობრებისთვის, ფაქტობრივად, მეორე სამსახურად იქცა:
„ჩვენ, ოთხივეს სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს, ვისაც რა გამოგვდის ყველაზე კარგად, ის გზები დავინაწილეთ. ოთხივეს ძალა და ერთმანეთის შეგულიანება შევკარით და მას მერე, ერთი წამით არ დაგვიხევია უკან. გვქონია დაღლის პერიოდებიც, ხანდახან საკუთარ ძალაში ეჭვიც შეგვიტანია, მაგრამ ერთმანეთის შეგულიანებით, კარგი, ამ საღამოს შენ თუ არ გცალია, მე მცალია და მე გავაკეთებ, ამ ყველაფერმა ისეთი ძალა მოგვცა, რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ წინ სიარულზე ვფიქრობთ. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობებიც აღმოვაჩინე, მომეხსნა ყველანაირი კომპლექსი და ისეთ ადამიანებს ვთხოვ ამ საქმეში დახმარებას, რომლებსაც აქამდე ალბათ ვერ ვთხოვდი. რაც მთავარია, უარიც არავისგან მიმიღია. ამ ერთი წლის თავზე ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ძალები, ეს ენერგია და სწორი საქმის კეთება იყო იმის საწინდარი, რომ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა“.
2022 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც მეგობრებმა სოციალურ სივრცეში გაბნეული ინფორმაციისა და შეთავაზებების შეგროვება დაიწყეს, მიხვდნენ, რომ ეს საქმე იმაზე შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ.
ანა ქებაძე, DOPOMOGA-ს დამფუძნებელი და გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთ პროექტის კოორდინატორი ყვება, რომ მასალა იმდენად დიდი იყო, რომ მას სისტემატიზაცია და სტანდარტულ პროექტად მართვა სჭირდებოდა. DOPOMOGA-ს ფეისბუკის გვერდის გაშვება 9 მარტისთვის დაიგეგმა. თუმცა, ორი დღით ადრე, 7 მარტს, ანა სოციალურ ქსელში მეგობრის პოსტს გადააწყდა, რომელიც საგრანტო კონკურსს შეეხებოდა და მოხალისეებისთვის სწორედ მსგავსი პროექტის დაფინანსებას ისახავდა მიზნად, რაც იმას ნიშნავდა, რომ DOPOMOGA-ს გაუჩნდა შანსი, ყოფილიყო არა მხოლოდ ფეისბუკის გვერდი, არამედ ჰქონოდა სრულყოფილი ვებ-საიტი, სადაც სისტემატიზებულად და თემატურად იქნებოდა თავმოყრილი შეთავაზებები:
„სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა და საქართველოში უკრაინელთათვის სხვადასხვა მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა. ამ გრანტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო კონსოლიდირებული საინფორმაციო პლატფორმის შექმნა. სწორედ ის, რაზეც ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა მუშაობა. რამდენიმე საათში დავწერეთ პროექტი და გავგზავნეთ. დაფინანსება ითვალისწინებდა თარგმნის მომსახურებას, ასევე IT მომსახურების ხარჯს, რათა შეგვექმნა სრულფასოვანი ვებ-საიტი. გარდა ამისა, თუკი ეს საქმიანობა ასეთი ორგანიზებული უნდა ყოფილიყო, მაშინ დაგვჭირდებოდა სოციალური მედიის მენეჯერი და პროექტის კოორდინატორი, რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც იქნებოდა ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება და მუდმივად განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.
მეგობრები გასაუბრებაზე დაიბარეს, სადაც მათ შესთავაზეს სრულყოფილი საინფორმაციო პლატფორმის შესაქმნელად საგრანტო პროექტის დაფინანსება.
DOPOMOGA, როგორც საინფორმაციო პორტალი, ოფიციალურად 2022 წლის 2 აპრილს გაეშვა ინტერნეტ-ქსელში. ერთი წლის განმავლობაში, ვებ-გვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ 50 ათასი შეადგინა. პლატფორმაზე გაზიარებული ინიციატივების ჯამურმა რაოდენობამ კი 850. ამ ერთი წლის განმავლობაში, DOPOMOGA-ს საშუალებით, 500-ზე მეტი ადამიანი პროექტის გუნდს პირადად დაუკავშირდა და მიიღო საჭირო დახმარება, მოეძიებინა საცხოვრებელი ადგილი, დასაქმების შესაძლებლობები, სამედიცინო მომსახურება, სხვადასხვა გადაუდებელი სერვისი ა.შ.
DOPOMOGA-ს ვებ-საიტზე შესულ უკრაინის მოქალაქეებს, გარდა კერძო ინიციატივებისა და შეთავაზებებისა, შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებაც, რომლებითაც დღეს უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ.
DOPOMOGA, გარდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა, დღეს ასევე ფუნქციონირებს ორგანიზაცია People in Need-ისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
„ამ პროექტს სულ შვიდი ადამიანი ვმართავთ, ჩვენ ოთხნი, რომლებიც ვართ დამფუძნებლები და ცხადია, ამ პროექტიდან არანაირ შემოსავალს არ ვიღებთ და გვყავს გუნდის სამი თანამშრომელი,წევრი: ნანა რაფავა – პროექტის კოორდინატორი, მაკი საჯაია – სოც.მედია მენეჯერი და გიორგი ინალიშვილი – პროექტის ასისტენტი. ეს გუნდი ყოველდღე მუშაობს უშუალოდ შინაარსის მართვაზე. სწორედ მათი დამსახურებაა ის ხარისხი, რომელიც დღეს ამ პლატფორმას აქვს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტში ისინიც მთელი ენთუზიაზმით არიან ჩართულები, იმაზე მეტს შრომობენ, ვიდრე მოეთხოვებათ და ამ ყველაფრისთვის მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ“, – ამბობს ანა ქებაძე.
ეკა ჭუმბურიძე, DOPOMOGA-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, იხსენებს მათი პლატფორმის ერთ-ერთ პირველ მომხმარებელს, რომელსაც შვილისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და რომელმაც ეს დახმარება სწორედ მეგობრების მიერ შექმნილი პლატფორმის საშუალებით მიიღო:
„ამ ქალის სახელი და გვარიც მახსოვს. მას ეპილეფსიით დაავადებული შვილი ჰყავდა და ისე მოუხდა უკრაინიდან გამოქცევა, რომ შვილისთვის აუცილებელი რაოდენობის მედიკამენტების წამოღება ვერ მოახერხა. მაშინ, რა თქმა უნდა, მთელი რესურსი გამოვიყენეთ და დავუკავშირდით ერთ-ერთ კლინიკას, რომელმაც უანგაროდ გაუკეთა ბავშვს საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები და მედიკამენტებითაც დააფინანსა პირველ ეტაპზე. ეს იყო ჩვენი პირველი გამოცდილება და ჩვენი პირველი ემოცია“, – ყვება ეკა, რომლისთვისაც DOPOMOGA მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებელი პორტალი არ არის. მას და მის მეგობრებს სურდათ, რომ ის ყოფილიყო სტიმული როგორც მათთვის, ისე იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ეხმარებოდნენ და დღემდე ეხმარებიან უკრაინელებს, მაგრამ ჩრდილქვეშ რჩებიან:
„როგორც კი დამატებითი დაფინანსება გამოგვიჩნდა, გადავწყვიტეთ, რომ წაგვეხალისებინა ეს ადამიანებიც, მათ შესახებაც გაეგო საზოგადოებას და დავიწყეთ პატარ-პატარა ვიდეოების გადაღება ქართველ მოხალისეებზე, რომლებიც, მაგალითად, ინგლისურსა და ქართულს ასწავლიდნენ უკრაინელებს, გადაგვეღო ვიდეოები იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც დაასაქმეს უკრაინელები და ა.შ.“, – ყვება ეკა ჭუმბურიძე.
ეკამ ამ პროექტში მონაწილეობით ის დანაკლისი შეივსო, რომელსაც ბოლო 30 წელი ატარებდა:
„80-იანი წლების მიწურულსა და 90-იან წლებში, როცა ჩვენ ეროვნულ განმათავისუფლებელ პერიოდს გავდიოდით, იგივე 1989 წელს, მე 15 წლის ვიყავი და იმიტომ, რომ ბავშვი ვიყავი, ჩემი შესაძლებლობებით ვერაფერს ვაკეთებდი, გარდა იმისა, რომ ამ პროცესებში ემოციურად ვიყავი ჩართული. შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, რომელიც ასევე მძიმედ გადავიტანეთ და ასევე ძალიან ბევრი დევნილი გვყავდა და დღემდე გვყავს ქვეყანაში, თუმცა, მაშინაც ვერაფრით შევძელი მათი დახმარება. რეალურად, ჩემთვის ახლა ამ ყველაფრის ერთიანად შეკვრის დრო მოვიდა, ჩემი რესურსი მთლიანად ჩავდე ამ პროექტში და მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი ენერგია ჩავდო, რომ ის დანაკლისი, რომელიც მქონდა ამ 30 წლის განმავლობაში, შევივსო“.
როგორც DOPOMOGA-ს დამფუძნებლები ამბობენ, გარდა მთავარი მიზნისა, რომ საინფორმაციო პლატფორმა საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის დროულად მოძიებაში დახმარებოდა, მათ ჰქონდათ კიდევ ერთი მიზანი, სურდათ, რომ ამ პლატფორმის დახმარებით, თვალსაჩინო გამხდარიყო საქართველოს, როგორც ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ:
„როგორც აღმოჩნდა, DOPOMOGA დღესდღეობით არის ერთადერთი პორტალი, რომელსაც ასეთი მასშტაბური ფორმა აქვს და უკრაინელებისთვის რჩება ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ, რომელიც არის სანდო და განახლებადი. და ეს არ არის ჩვენი პირადი აზრი. რამდენიმე კვლევა ჩატარდა, მათ შორის, ცოტა ხნის წინ შედგა ერთ-ერთი კვლევის პრეზენტაცია, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ DOPOMOGA არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო უკრაინელებისათვის და ეს კვლევა ეფუძნება თავად უკრაინელების ფოკუს ჯგუფებისგან მიღებულ ინფორმაციას“, ამბობენ DOPOMOGA-ს დამფუძნებლები.
DOPOMOGA-ს პოვნა, გარდა ვებ-საიტისა და ფეისბუკისა, დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ Instagram გვერდსა და Telegram-ის არხზეც.
[პარტნიორის კონტენტი]