TikTok-ზე ამ ახალი თეორიის მრავალ რაუნდს შეხვდებით, დაწყებული კვების ჩვევებიდან ურთიერთობებამდე ყველაფერს რომ ესადაგება ისეთს… Dorito theory-ს უწოდებენ და იგი ახსნას გვთავაზობს ისეთი საქმეებისთვის, რომლის კეთებასაც აგრძელებთ, მაგრამ არც ისე სასიამოვნოა. ცოტა უცნაურად კი შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თუ გადმოვიტანთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება — ოდესმე სოციალურ მედიაში საათობით უაზროდ გისქროლიათ? დიახ, ეს „დორიტოს თეორიაა“. როცა პროცესი ასე თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ შედეგი არა.
Dorito theory-ის შესახებ პირველად ტიკტოკზე მომხმარებელმა სელესტე არიამ გააჟღერა, ახლა უკვე ვირუსულ ვიდეოში თეორიის შესახებ ისაუბრა, თუმცა თავად სახელის ავტორი ვინ არის, ეს არ ვიცით… ფაქტი ისაა, რომ დორიტოს თეორიით ხსნიან, რატომ ერთვებიან ადამიანები ისეთ ქმედებებში, რომლებიც დადებითად არ აისახება მათ კეთილდღეობაზე.
„ერთადერთი, რაზეც ფიქრს ვერ ვწყვეტ, დორიტოს თეორიაა. რაც ამის შესახებ გავიგე, ყველაფერს ცოტათი განსხვავებულად შევხედე“, — ამბობს არია პოსტში და განმარტავს, რომ თეორიის იდეა ისეთი რაღაცების ჭამისგან მოდის, როგორიც დორიტოსია…
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ტვინი მიჯაჭვულია სრული სრულყოფილების ძიებისკენ, როცა სიამოვნების მხოლოდ მცირე ულუფებს ვიღებთ. ჭეშმარიტებაა თუ არა, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ფაქტია, თეორიას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ტიკტოკის მომხმარებლები ალკოჰოლის დალევის შეგრძნებას ან აზარტულ თამაშებს უსადაგებდნენ. პროცესებს, რომლებიც სასიამოვნოა, თუმცა რომლის დასრულების შემდგომ, თავს კარგად არ ვგრძნობთ.
პროფესორი ჰეიმი სორენდონი „დორიტოს თეორიას“ ფსიქიატრიული პერსპექტივიდანაც გვაჩვენებს — „ეს თეორია სხვა დამოკიდებულებებისა თუ ქცევით თეორიებს შეესაბამება, რაც უფრო მყისიერია ჯილდო, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ამ ქმედებას გავიმეორებთ, იქნება ეს დორიტოსის ჭამა თუ სოც. მედიის სქროლვა“.
უფრო მეტიც, „დორიტოს თეორია“ რომანტიკულ ურთიერთობებსაც ესადაგებაო, ამბობენ. აი, მაგალითად, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ან სიტუაციაში იმაზე დიდხანს დარჩენილხართ, ვიდრე საჭირო იყო, საქმე ამ თეორიასთან გქონდათ. ამიტომ, სორენსონი გვიზიარებს იმას, რასაც ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში იყენებს. აღნიშნავს, რომ იდეალური არავინაა, თუმცა მნიშვნელოვანია პარტნიორმა მისი საუკეთესო მხარე გამოავლინოს, კითხვაც ასე ჟღერს — გრძნობთ, რომ პარტნიორთან თქვენი საუკეთესო ვერსია ხართ? პასუხი თითქმის ყოველთვის უარყოფითია. ზუსტად ასე, დორიტოსიც კი სასიამოვნო ხემსი შეიძლება იყოს, მაგრამ…